Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დროებითი სიმშვიდე აფხაზეთში - სოხუმში კვლავ მოუთმენლად ელიან უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას


ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებულ არჩევნებს მოყოლილი მღელვარების შემდეგ სოხუმში სიმშვიდეა და ეს სიმშვიდე, სხვადასხვა ვერსიებით, მანამდე გასტანს,

სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. აფხაზეთის უმაღლესი სასამართლო პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას, სარჩელს განიხილავს და ცდილობს დაადგინოს, არჩევნების შედეგების შეჯამებისას იყო თუ არა სერიოზული ზეწოლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. სასამართლო თუ არჩევნების შედეგებს გააუქმებს, ეს ბაღაფშის მრავარიცხოვანი მომხრეების სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს, არადა, ბაღაფშის გამარჯვების წინააღმდეგია არძინბა და მისი გარემოცვა. თბილისში ვარაუდობენ, რომ აფხაზეთში საქმე შეიარაღებული დაპირისპირებისკენ მიდის.

“დაპირისპირება რუსების მიერ იქნება ინსპირირებული და ის აფხაზეთში პირველ პირად დააწინაურებს იმას, ვისთვისაც არავის მიუცია ხმა პრეზიდენტის პოსტზე,” - ფიქრობს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ცანავა. მისი ვერსიით, დიდი შანსია, არძინბა ბაღაფშმა ან ხაჯიმბამ კი არა, ამჟამინდელმა პრემიერმა ნოდარ ხაშბამ შეცვალოს:

[დავით ცანავას ხმა] “მე მგონია, არეულობას მოაწყობენ რუსები და საგანგებო სიტუაციაში ხაშბას დაავალებენ მართვას. სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ მოდის ხაშბა.”

ნოდარ ხაშბა - აფხაზეთის ამჟამინდელი პრემიერი- ბოლო 6 წლის მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა. სოხუმის ეს ყოფილი მერი და რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი აპირებდა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, რაზეც მოგვიანებით უარი თქვა და ამის შემდეგ აფხაზეთის პრემიერის პოსტი დაიკავა. ხაშბას პირწმინდა რუსეთის კაცად ახასიათებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბაღაფშს, მისი გამარჯვების ცნობის სანაცვლოდ, რუსებმა სწორედ ხაშბას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დატოვების წინადადება შესთავაზეს. ცნობილია, რომ ეს წინადადება ბაღაფშმა არ მიიღო.


ბაღაფშის გამარჯვება აფხაზეთში ჯერ კიდევ არ უღიარებიათ. კიდევ რამდენ ხანს არ ეცოდინებათ იქ ვინ აირჩიეს პრეზიდენტად, არავინ იცის. როგორც სააგენტო “აფსნი-პრესის” თანამშრომელმა რუსლან თარბამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სოხუმში არავის შეუძლია - და, მათ შორის, არც მოსამართლეს - იმის თქმა, დაახლოებით როდის დასრულდება სასამართლო პროცესი, როდის გახდება ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილება:

[რუსლან თარბას ხმა] “ ეს თვითონ მოსამართლემაც არ იცის. საქმის განხილვა არ დასრულებულა. სასამართლო პროცესი გრძელდება. ყველა მხარე ჯერ არ დაუკითხავთ. როგორც მოსამართლემ თქვა, ჩვენთვის მთავარი ვადებში ჩაჯდომა კი არ არის, არამედ ის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ამდენად, თუ საჭირო გახდა, პროცესი შეიძლება კიდევ 1 კვირა გაგრძელდეს. “

აფხაზეთის უმაღლესმა სასამართლომ უკვე დაკითხა აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის რამდენიმე წარმომადგენელი. სოხუმში მოსამართლის შეკითხვებს უპასუხეს ეგრეთ წოდებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, უშიშროების სამსახურის უფროსმა და სხვა პირებმა. “საქმის გარკვეული კონტურები გამოიკვეთა, თუმცა სასამართლოს კიდევ აქვს სამუშაო,” - 25 ოქტომბერს ასეთი კომენტარი გააკეთა სერგეი ბაღაფშის ადვოკატმა ზარანდიამ.

ყველა მხარე ჯერ არ დაკითხულა, თუმცა დაკითხულთაგან ზოგმა აღნიშნა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ადგილი ჰქონდა ზეწოლას ოპოზიციის მხრიდან, დაშინებას. ზოგმა მოწმემ დაადასტურა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების დაშინების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. სასამართლო სხდომაზე გახმოვანდა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული გენერალური პროკურატურის ცნობა დარღვევების შესახებ გალის რაიონში და ასე შემდეგ. კიდევ რამდენ დღეს გასტანს სასამართლო პროცესი, არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ ის დროში უსაშველოდ იწელება. მთელი ამ გაურკვევლობის მანძილზე სოხუმში სიმშვიდეა. როგორც რუსლან თარბამ მითხრა, იქ ვითარება ნორმალურია, არავითარ ექსცესებს ადგილი არა აქვს, ამინდი შესანიშნავია, ადამიანები მზეზე ირუჯებიან, ყურძენს კრეფენ, მაჭარს აყენებენ და მაინც მოუთმენლად ელიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. საინტერესოა, რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.
XS
SM
MD
LG