Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესია განაახლა


საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის განახლებას წინ უძღოდა ცხარე დებატები, დაკავშირებული საგადასახადო კოდექსისა თუ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებთან.

როგორც ცნობილია, მინისტრთა კაბინეტის მიერ მომზადებულმა ამ კანონპროექტებმა სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის საპარლამენტო უმრავლესობის უკმაყოფილებაც კი დაიმსახურა. უკანასკნელი ინფორმაციით, მთავრობასა და პარლამენტის უმრავლესობას შორის შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. როგორ აისახა ეს შეთანხმება 26 ოქტომბერს გახსნილ საპარლამენტო სესიის დღის წესრიგზე?

[ისმის კენჭისყრის ხმა]

საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესია 26 ოქტომბერს, აი, ასე, კენჭისყრის პროცედურით, განაახლა და უამრავი კანონი დაჩქარებული ტემპით უპრობლემოდ დაამტკიცა. ასეთივე უპრობლემო არ იქნება საგადასახადო კოდექსის კანონპროექტის განხილვა-დამტკიცება. პარლამენტის სპიკერატმა სესიაზე კოდექსის გატანა 27 ოქტომბრისთვის გადაწყვიტა. მანამდე პარლამენტის შიგნით ფრაქციათა შორის კონსულტაციები გაიმართება, რათა მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებები პარლამენტის სხვა წევრებისთვისაც გასაგები გახდეს.

[ზურაბ ტყემალაძისა და ნინო ბურჯანაძის დიალოგი] ”ქალბატონო ნინო, შეთანხმებას ვგულისხმობ პირველი მოსმენით მიღებული კოდექსის ავტორებთან და არა მთავრობასა და უმრავლესობას შორის. პროცედურულ შეთანხმებაზეა აქ საუბარი. - ბატონო ზურაბ, კიდევ ერთხელ გთხოვთ გაარკვიეთ ეს საკითხები იმათთან, ვინც გუშინ კონსულტაციებში იღებდა მონაწილეობას.”

25 ოქტომბერს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა კონსულტაციებზე არ მიუწვევიათ გასულ წელს პირველი მოსმენით მიღებული საგადასახადო კოდექსის ავტორები, რომელთა შორის ზურაბ ტყემალაძეც იყო. მათ გარეშე მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა მოახერხეს შეთანხმება საგადასახადო კოდექსის პრინციპებზე, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების საშუალებას იძლევა.

[რომან გოცირიძის ხმა] ”ადმინისტრაციულ ნაწილში რამდენიმე კომპრომისული შეთანხმება მოხერხდა. ერთ-ერთი მთავარი კომპრომისია, რომ სახელმწიფოს არ ექნება მეწარმისთვის დარიცხული თანხის სასამართლომდე ჩამორთმევის უფლება. ეს თანხა რომელიმე სპეცანგარიშზე იქნება გაყინული.”

ეს არის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან საგადასახადო კოდექსის პროექტის მთავარი ოპონენტია. მისივე თქმით, ჯერჯერობით მთავრობასთან ვერ მოხერხდა შეთანხმება ქონების გადასახადისა და იმპორტირებული ავტომობილების დაბეგვრის რეჟიმთან დაკავშირებით. არის სხვა შეუთანხმებელი საკითხებიც, მათ შორის, ფინანსური ამნისტია, რომელზეც მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის მსჯელობა უახლოეს ხანებში გაიმართება. ხოლო რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, თუ რა შედეგით დამთავრდა მათი და უმრავლესობის წარმომადგენელთა კონსულტაციები, პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძისგან შევიტყობთ:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა]

თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დაკავშირებული საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვასთან, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი საქართველოს პარლამენტმა მუშაობა ჩვეულ რიტმში გააგრძელა.

[ისმის კენჭისყრის ხმა]
XS
SM
MD
LG