Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს


უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებამდე ორიოდე დღეღა რჩება. 31 ოქტომბრისთვის დანიშნული კენჭისყრისადმი ინტერესი დიდია არა მხოლოდ თვით ამ ქვეყანაში,

არამედ მის მეზობელ სახელმწიფოებშიც და, საერთოდ, მთელს ევროპაში. ამ ინტერესის მკაფიო გამოხატულება იყო ევროპის კავშირის მესვეურთა განცხადებები სტრასბურგში, ევროპარლამენტის დეპუტატთა წინაშე გამოსვლისას. რა განცხადებებია ეს და რაზე მიგვანიშნებს ისინი?

როგორც ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აცო ნიკოლაიმ აღნიშნა, უკრაინა მნიშვნელოვან გზაგასაყარზე იმყოფება. მისივე თქმით, ერთ-ერთი გზა, რომელიც უკრაინამ შეიძლება აირჩიოს, არის "დემოკრატიის, განვითარების, სამართლისა და კანონის უზენაესობისკენ" მიმავალი გზა. ცხადია, ნიკოლაის არ უთქვამს, რომელ კანდიდატს მოიაზრებს ევროკავშირი ამ მიზნების საუკეთესო განმახორციელებლად.

ისე კი, გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებად ითვლებიან ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი და ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო.

იმავე აცო ნიკოლაიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ "სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე" არჩევნები დააახლოვებს უკრაინას ევროკავშირთან. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ამ თვალსაზრისით ევროკავშირს ილუზიები არ აქვს.

[აცო ნიკოლაის ხმა] "დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის პატივისცემის, სარეფორმო პროცესის საკითხებში უკრაინის მაჩვენებლები, საუკეთესო შემთხვევაში, "საშუალოდ" შეიძლება მივიჩნიოთ. ჯერაც უპასუხოდ რჩება კითხვები უკრაინელი ჟურნალისტების გაქრობის შესახებ, არადამაკმაყოფილებელია საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა, პლურალისტური მედია პრაქტიკულად არ არსებობს - ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია."

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკითხზე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის წარმომადგენელმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება.

[აცო ნიკოლაის ხმა] "არსებობს აშკარა ნიშნები იმისა, რომ საინფორმაციო საშუალებები მიკერძოებულად აშუქებს წინასაარჩევნო კამპანიას. როგორც იცით, აუცილებელია, რომ მასმედიაზე ყველა კანდიდატს თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი. გარდა ამისა, უკრაინაში იზრდება ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, რაც საარჩევნო პროცესის გაშუქების საქმეში დიდ სირთულეებს უქმნის ინფორმაციის პლურალისტურსა და დამოუკიდებელ საშუალებებს. მხოლოდ დამოუკიდებელსა და თავისუფალ მედიაში საარჩევნო პროცესის გაშუქებით არის შესაძლებელი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფა."

მაგრამ მასმედიასთან დაკავშირებულ სირთულეებს, აცო ნიკოლაის თქმით, სხვა პრობლემებიც ემატება. მაგალითად, არაერთხელ აღირიცხა ამომრჩეველზე პოლიტიკური ზეწოლის შემთხვევები, როცა ხალხს დემონსტრაციებსა თუ სხვა წინასაარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობას აიძულებდნენ.

ნიკოლაიმ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლებამ კენჭისყრის პროცესზე დასასწრებად მიიწვია უცხოელი მეთვალყურეები, თუმცა იქვე შეშფოთებით აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე შესვლის უფლებას მოკლებული იქნებიან ადგილობრივი დამოუკიდებელი მეთვალყურეები.

ჰოლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროკავშირთან უკრაინის დაახლოების თემასაც შეეხო. მან თქვა, რომ ევროპას მშვენივრად ესმის: უყურადღებოდ მიტოვებული უკრაინა რუსეთისკენ შეიძლება გადაიხაროს, მაგრამ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება კიევის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის არჩევაში.

[აცო ნიკოლაის ხმა] "ზოგი ამბობს, რომ თუ ევროკავშირი უფრო მეტად არ დაეხმარა უკრაინას, კიევი ავტომატურად აღმოჩნდება მოსკოვის ფრთის ქვეშ. ერთიანი ეკონომიკური ზონის არსებობა ხშირად მოჰყავთ იმის მანიშნებლად, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, იმან, თუ როგორ ჩატარდება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, შეიძლება ჩვენს ურთიერთობაზეც იმოქმედოს. სწორედ აქ უნდა ჰმართებთ ძალისხმევა უკრაინის მთავრობასა და მის ხალხს."

თავის გამოსვლაში ნიკოლაიმ ვრცლად ისაუბრა ევროპის კავშირისთვის უკრაინის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კავშირს განზრახული აქვს, კიევს მოეთათბიროს ხოლმე საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში გადაწყვეტილებების მიღებისას.
XS
SM
MD
LG