Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ქართული სპორტის საუკუნე–დაუვიწყარი სახელები'': დავით ციმაკურიძე


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი დავით ციმაკურიძე დაიბადა ფოთში 1925 წლის 29 მარტს.

გამოდიოდა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. 1945-52 წლებში შვიდჯერ იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1952 წელს ჰელსინკის XV თამაშებზე საშუალო წონით კატეგორიაში მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი.1999 წელს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი.

საქართველოს 30 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს, ამათ შორის პირველი კი დავით ციმაკურიძე იყო. ეს ამბავი, ცხადია, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ციმაკურიძე არამარტო ქართველთა შორის არის პირველი. საბჭოთა მოჭიდავეთა პირველი ოლიმპიური ოქროც ასევე მის ანგარიშზე მოდის. ჰელსინკში საბჭოთა თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა სულ ორი ოქროს მედალი აიღეს: პირველი–დავით ციმაკურიძემ, მეორე–მძიმე წონის საგარეჯოელმა ფალავანმა არსენ მეკოკიშვილმა, რომელიც იმ წლებში მოსკოვის სახელით გამოდიოდა. ციმაკურიძის სპორტული კარიერა დაიწყო ბერძნულ-რომაული, იმავე–კლასიკური ჭიდაობით. პარალელურად, თავისუფალ ჭიდაობაშიც გამოდიოდა და როცა საერთაშორისო არენაზე გასვლის დრო მოვიდა, როგორც ყველაზე ტიტულიანს, საბჭოთა ნაკრებში მიუჩინეს ადგილი. ისე მოხდა, რომ ამ გუნდისთვის პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრება სწორედ ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშები გამოდგა. აქედან იწყება კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბანაკებად დაყოფილი ორი სამყაროს სპორტული მეტოქეობა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მტრობის ფონზე. "მხოლოდ გამარჯვება"
–ასეთი პირობა წაუყენა პოლიტბიურომ საბჭოთა ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელობას. მწვრთნელებს დაევალათ საჰელსინკოდ უპირატესად ის სპორტსმენები შეერჩიათ, რომლებიც ჩემპიონობისთვის თუ არა, საპრიზო ადგილისთვის მაინც იბრძოლებდნენ. ციმაკურიძის ოლიმპიელობა საკამათო არ გამხდარა, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებში ჯერაც გამოუცდელი სპორტსმენისგან ერთბაშად ოლიმპიური სიმაღლის დაძლევა ძნელი წარმოსადგენი იყო. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ჩვენმა მოჭიდავემ ჰელსინკში პირველივე შეხვედრა წააგო შვედ მეტოქესთან და უაღრესად გაირთულა საქმე. ჩემპიონობისთვის მებრძოლთა რიგებში მოსახვედრად აუცილებელი იყო მომდევნო ორი მეტოქის წმინდად დამარცხება. ციმაკურიძემ ეს ამოცანა წარმატებით გადაწყვიტა: ჯერ ამერიკელი დან ჰოჯი დასცა, მერე კი იგივე გაიმეორა ეგვიპტელ აბდუ ჰუსეინთან შეხვედრაში. ამასობაში, ორი წაგების შემდეგ ტურნირი დატოვა შვედმა ბენტ ლინბალანდმა და ფინალში შესულ ციმაკურიძეს ყველა საჯარიმო ქულა მოეხსნა. მეოთხე წრეში დავითმა გზიდან ჩამოიცილა კიდევ ერთი საშიში მეტოქე–უნგრელი დიერდ გურიჩი. ჩემპიონის ვინაობა, ბოლო - მეხუთე - ბრძოლას უნდა გაერკვია. აქ ციმაკურიძის მეტოქე იყო იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მოჭიდავე, ირანელი გულამ-რეზა ტახტი, ვისთან გამკლავებაც მანამდე ვერავის მოეხერხებინა. ბატონ დავითს დღემდე კარგად ახსოვს ტახტისთან შეხვედრის დეტალები:

[დავით ციმაკურიძის ხმა] "შეხვედრის წინ ტახტი მუხლებზე დაემხო და ლოცვა-კურთხევა შესთხოვა ალაჰს. ვიფიქრე, ამას ჩემი შინებია-მეთქი და უფრო თამამად გავედი საჭიდაოდ. ხელის ჩავლებისთანავე მივხვდი, როგორ ძლიერ მეტოქესთან მქონდა საქმე. შევუტიე. მოპოვებულ ქულებს მერე ვერაფერი წავუმატე, მაგრამ ამიტომაც თავიდან არც არაფერი დამითმია...კვარცხლბეკზე რომ ვიდექი, იქ მთელი საქართველო წარმომიდგა თვალწინ და ცრემლიც მომადგა თვალებზე."(სტილი დაცულია)

ახლა არსენ მეკოკიშვილის მოგონებებიდან ერთ ფრაგმენტს შემოგთავაზებთ:" ჩვენი დავითი მაგარი მოჭიდავეა, მაგრამ არ მეგონა, რომ, პირველი წაგებით გულგატეხილი, ძალას მოიკრებდა და ასე ლომივით იბრძოლებდა. აი, სად გამოადგა ხასიათის სიმტკიცე და ქართული ჭიდაობის ილეთები. ამ ილეთებთან თვით ტახტიც კი უძლური აღმოჩნდა."

არსენ მეკოკიშვილი პირველი იყო, ვინც ფინალური შეხვედრის შემდეგ პირდაპირ სარბიელზე გავიდა და თანამემამულეს დიდი გამარჯვება მიულოცა. თავისი ჩემპიონობა ისე არ გახარებია, როგორც ჩემი ოქროს მედალი, – ამბობს ბატონი დავითი. – შვედთან მარცხის შემდეგ არსენამ შემაგულიანა, თორემ ჩემი საქმე ცუდად მიდიოდაო.

[ დავით ციმაკურიძის ხმა] "არსენა შემოვიდა, მეკოკიშვილი, და მითხრა, ბიჭო, როგორ ხარ ხასიათზეო. მე ვუპასუხე, განწყობილი ვარ, რომ ჩემპიონი გავხდე, მოვუგებ სუყველას-მეთქი."

ნიკოლაი რომანოვი მაშინდელ საკავშირო სპორტკომიტეტს ხელმძღვანელობდა. როცა საბჭოთა დელეგაცია ჰელსინკიდან მოსკოვში დაბრუნდა, სწორედ რომანოვი მიუძღოდა წინ კრემლში საზეიმო მიღებაზე მიწვეულ სპორტსმენებს. იმ შეხვედრის მთავარი მასპინძელი იოსებ სტალინი ყოფილა. მასთან ერთად მოსულან მოლოტოვი, ბერია, კაგანოვიჩი, მიქოიანი, ხრუშჩოვი და სხვა მაღალჩინოსანი პარტიელები.

[დავით ციმაკურიძის ხმა] "შემოვიდნენ ისინი, ექვს მეტრში დასხდნენ. სტალინმა თამადად მოლოტოვი აირჩია და ისე წარმართა მოლოტოვმა, ექვსი ჭიქა დალია. მოგვილოცა ჩვენ, სპორტსმენებს, სტალინი ადღეგრძელა. წესი იყო ასეთი."

დღემდე ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოპოვებული აქვს საქართველოს 30 სპორტსმენს. მიმავალში, იმედია, კიდევ ბევრი ჩემპიონი გვეყოლება, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, პირველი ყოველთვის იქნება დავით ციმაკურიძე.
XS
SM
MD
LG