Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე შტრიხი სერგეი ბაღაფშისა და რაულ ხაჯიმბას პორტრეტებისთვის


მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს და მის შედეგებს არავინ ცნობს,

საქართველოში გარკვეული მოლოდინი მაინც არსებობს.
სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 1 ნოემბრიდან აფხაზეთში ახალი ერა დაიწყო.
თავის მხრივ, დამარცხების აღიარება არ სურთ რაულ ხაჯიმბას მომხრეებს.
მინდა გაგაცნოთ აფხაზეთში არსებული განხეთქილების მიზეზად ქცეული ბაღაფშისა და ხაჯიმბას მოღვაწეობასთან დაკავშირებული რამდენიმე დეტალი.


,,ჩვენ ვართ ორი მოკრივე, რომლებიც უკვე დავიღალეთ” - ეს სიტყვები რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავსა და რაულ ხაჯიმბაზე თქვა სერგეი ბაღაფშმა.
საბჭოთა უშიშროების მიერ გამოზრდილი და ,,რუსეთის კაცად” შერაცხილი რაულ ხაჯიმბა და კომკავშირისა და კომპარტიის სკოლაგავლილი, ,,აფხაზ ჩუბაისად” წოდებული სერგეი ბაღაფში - მათ შესახებ საუბარი 3 ოქტომბრის არჩევნების ერთი თვის თავზე ვთხოვე ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ კარგად იცნობენ ხაჯიმბასაც და ბაღაფშსაც.
მურად ანჯაფარიძემ, რომელიც სხვადასხვა წლებში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რამდენიმე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და ამჟამად აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, სერგეი ბაღაფში 60-იანი წლების დასაწყისში გაიცნო.
,,პრინციპული, მტკიცე, სიტყვის და სიმართლის კაცი და ნამდვილი სოხუმელი” - სერგეი ბაღაფშს მურად ანჯაფარიძე ამ სიტყვებით მოიხსენიებს და ,,ნამდვილ სოხუმელობას” ასე განმარტავს:

[მურად ანჯაფარიძის ხმა] ,,ეს იყო სიმართლის მთქმელი, მართალი მეგობართან, მეზობელთან, ოჯახთან. 60-იან წლებში, როდესაც ჩვენ ვიზრდებოდით, არასდროს არ გვიკითხავს არავისთვის, ვინ რა ეროვნებისაა, სად დაიბადა, საიდან მოვიდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ვართ სოხუმელები, უნდა პატივი ვცეთ ერთმანეთის ღირსებას, ერთმანეთთან ურთიერთობას. პატივი ვცეთ იმას, რასაც აკეთებს თითოეული ჩვენგანი, ოღონდ ეს იყოს წესიერი, კარგი საქმე.”

სერგეი ბაღაფშისგან განსხვავებით, ნამდვილი სოხუმელობით ვერ დაიკვეხნის რაულ ხაჯიმბა, რომელიც წარმოშობით ტყვარჩელიდანაა.
საქართველოს უშიშროების სამინისტროს აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ სეპარატისტული განწყობით რაულ ხაჯიმბა არც საბჭოთა პერიოდში გამოირჩეოდა და არც მაშინ, როდესაც აფხაზეთში ეს ტენდენცია მომძლავრდა:

[ლევან კიკნაძის ხმა] ,,მისთვის ვალი, მორალი და, საერთოდ, ფუნქცია, რა ფუნქციაც მაშინ ეკისრებოდა უშიშოების თანამშრომელს, ეს იყო მთავარი. შეიძლება თავს გვაჩვენებდა ასე! ,,ჩეკისტური მენტალიტეტის” ადამიანი. ეს ის მენტალიტეტია, რომელიც არ ასხვავებს ეროვნებას. მისთვის ყველა ერთი და იგივეა.”

,,ნამდვილი ჩეკისტობის” წყალობით, 80-იანი წლების ბოლოს რაულ ხაჯიმბამ ე.წ. ჩამშვების რეპუტაცია შეიძინა. მას პერიოდულად ამჟამადაც ადანაშაულებენ იმის გამო, რომ 1989 წლის მოვლენებისას დოსიეს აფხაზებზე ადგენდა. ლევან კიკნაძე ამბობს, რომ იმ პერიოდში რაულ ხაჯიმბა არც ქართველებს ინდობდა და მის საქციელს ერთგვარ გამართლებას უძებნის:

[კიკნაძის ხმა] ,,მან იცოდა, რომ არაფრით არ შეიძლებოდა ქართველებისა და აფხაზების შეიარაღებული დაპირისპირება. ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო ამის. ამის შემდეგ მოხდა უკვე გაუცხოება ჩვენ შორის, ამის შემდეგ მოხდა ის, რომ იმ ბანაკში საბოლოოდ გადაბარგდა. რაც წლები გადის, მით უფრო გვშორდება ეს ხალხი ჩვენ ჩვეულებრივ, ნორმალურ პირობებში და ჩვენც რომ აფხაზეთში ვყოფილიყავით, არაფრით არ იქნებოდა ის იმ ბანაკში.” (სტილი დაცულია)

როგორც ამბობენ, არძინბას ბანაკში დამკვიდრებული ხაჯიმბა პირადად არასდროს ყოფილა აფხაზეთში არსებული რომელიმე კლანის მმართველი და პატიოსანი ადამიანის რეპუტაციას ინარჩუნებდა, რაც პრემიერ-მინისტრად მისი დანიშვნისას საკმაოდ მოხერხებულად გამოიყენეს:

[კიკნაძის ხმა] ,,არძინბამ მისი დანიშვნით ყველას აჩვენა, რომ მოვიყვანე და სუფთა კაცი დავნიშნე. ხაჯიმბას დანიშვნით თვით არძინბას რეიტინგმაც აიწია.”(სტილი დაცულია)

მას შემდეგ, რაც ხაჯიმბამ აფხაზეთში არსებული სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლა ვერ მოახერხა, მისი რეიტინგი საგრძნობლად შემცირდა. აფხაზებმა მას არც ის დაუფასეს, რომ ე.წ. პასპორტიზაციის პროცესი და რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, ძირითადად, ხაჯიმბას პრემიერობის დროინდელი მოვლენებია.
რაც შეეხება სერგეი ბაღაფშს, მურად ანჯაფარიძე ამბობს, რომ იგი მოსკოვისადმი ვალდებული არ არის:

[მურად ანჯაფარიძის ხმა] ,,მას მაინცდამაინც დიდი ვალი არა აქვს, რუსის ვალი. ის შეეცდება ამ სიტუაციაში დააბალანსოს ქართველებსა და რუსეთთან ურთიერთობა იმ კუთხით, რომ ეს აფხაზი ხალხისთვის მისაღები იყოს.”

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთიდან გამოდევნილი ქართველები სერგეი ბაღაფშისგან სასწაულს არ ელიან, მათი ნაწილი არ მალავს, რომ ბაღაფშის მმართველობის პირობებში სოხუმში ჩასვლის აღარ შეეშინდებათ. ამაში გარკვეულ ლოგიკას მურად ანჯაფარიძეც ხედავს:

[ანჯაფარიძის ხმა] ,,არა მგონია, რომ ბაღაფშმა ისეთი რეჟიმი გააგრძელოს ენგურის ხიდთან, რომ ნათესავს ნათესავთან რაღაც საშვების, უშიშროების, ვიღაც სპეცსამსახურების ნებართვის გარეშე მისვლა-მოსვლა არ შეეძლოს. აფხაზ ხალხს, უმეტესობას მაინც, ქართველი ურჩევნია. ამიტომ ეს ყველაფერი რომ შემობრუნდეს, პოლიტიკა და დიპლომატია ერთია, მაგრამ ადამიანთა ურთიერთობაა საჭირო.”

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე სერგეი ბაღაფში ადგილობრივი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მუშაობდა. 1992 წლის აგვისტოში ბაღაფშს სოხუმი რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაუტოვებია და თბილისთან მოლაპარაკებით ცდილობდა ომის თავიდან აცილებას.
დაწყებული კონფლიქტის პირველ დღეებში კი ალექსანდრე ანქვაბთან ერთად სწორედ სერგეი ბაღაფშმა შეძლო გაგრასა და ბიჭვინთიდან, საფრთხეში მყოფი რამდენიმე ასეული ქართველის გაყვანა. ამას აფხაზეთიდან გამოდევნილი ადამიანები ბაღაფშს არ უვიწყებენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG