Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში რუსეთის ბიზნეს აქტივობას ოფიციალური თბილისი განცხადებებით უპირისპირდება


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის გამოვლენასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვისას მოსკოვში,

თვალნათლივ გამოჩნდა, რომ კრემლი ცდილობს არ დაუშვას უღიარებელ რესპუბლიკაში არსებული დააბულობის სისხლისღვრაში გადაზრდა. ამ აქტივობისკენ ოფიციალურ მოსკოვს პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური ინტერესებიც უბიძგებს. საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებმა უძრავი ქონება შეიძინეს, საწარმოები გახსნეს და საბანკო ოპერაციებსაც კი აწარმოებენ. ამ პროცესებზე ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებებით რეაგირებს. გესაუბრებათ კახა მჭედლიძე.

აფხაზეთში მოღვაწე რუს ბიზნესმენებს, თუ დასასვენებლად მიმავალ ტურისტებს პირველად სამიოდე თვის წინ, მწვავე ფორმით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაემუქრა. თუმცა ამ მუქარას შესაბამისი ნაბიჯები არ მოჰყოლია და მას შემდეგ რუსეთის ბიზნეს აქტივობა აფხაზეთში კიდევ უფრო გაიზარდა.

ეს თემა ოფიციალურ რუსეთს, რუს მეწარმეებსა და რუს ტურისტებს ახლახანს მოსკოვში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ შეახსენა.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ქონება რომელიც ახლა რუსი ბიზნესმენების ხელშია არალეგიტიმურია, რადგან აფხაზეთში არ მოქმედებს ელემენტარული ლეგიტიმური წყობა. მაგრამ თუ იქნება ნორმალური ურთიერთობა, ჩვენ მომხრე ვართ რომ რუსული ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მათ შორის აფხაზეთშიც."

ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ რადიო "ეხო მასკვის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იურიდიული ნორმების მოშველიების გარდა ადამიანური ფაქტორის გამოყენებითაც შეეცადა აფხაზეთით დაინტერესებული რუსული საზოგადოების გაფრთხილებას.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა, რომ რუსები საქართველოში ჩამოვიდნენ, თუმცა ჩვენგან ბოლო დროს შეგნებულად ქმნიან მტრის ხატს, ლამის კაცისჭამიებს გვეძახიან. რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა რუსი ტურისტები ისევ ისე ჩამოვიდნენ საქართველოში როგორც ეს ადრე იყო. მაგრამ გაიგეთ... როდესაც რუსი ტურისტები ჩადიან აფხაზეთში და იხდიან 10-ჯერ უფრო ნაკლებ თანხას ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ამით ეკონომიას აკეთებენ იმ ხალხის ცრემლისა და სისხლის ხარჯზე, რომლებმაც იძულებით დატოვეს თავიანთი სახლები."

ჯერჯერობით უცნობია ნინო ბურჯანაძის ამ განცხადებებზე რუსეთის საქმიანი წრეებისა, თუ პოლიტიკოსების რეაქცია. არადა როგორც იურისტები ირწმუნებიან რეაქცია გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო და თანაც რუსეთის სამართალდამცავი სისტემის მხრიდან. და თუ რატომ აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელის პაატა დავითაიასგან შევიტყობთ.

[პაატა დავითაიას ხმა] "ხაზს ვუსვამ რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. ლაპარაკია რუსეთის საბნანკო-კომერციული სისტემის მიერ ფულის დაბანდებაზე არ არსებულ სახელმწიფოში და ეს არის პირდაპირ ფულის გათეთრების მექანიზმი რომლის კონვენციის წევრიც არის რუსეთი და რუსეთი ამას არ უნდა უშვებდეს."

ეს იყო პაატა დავითაია. იგი იმ საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებზე საუბრობდა რომელიც რუსეთს ავალდებულებს წინ აღუდგეს რუსული ფულის აფხაზეთში დაბანდებას, რასაც, როგორც ცნობილია არ აკეთებს. მასლა, თუ რას უპირისპირებს ოფიციალური თბილისი აფხაზეთში რუსეთის ბიზნეს აქტივობას, კახა მჭედლიძემ მოამზადა.
XS
SM
MD
LG