Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭის შეხვედრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალთან პოლიტიკური დიალოგის აწყობის იმედი აქვს


სოჭის შეხვედრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალთან პოლიტიკური დიალოგის აწყობის იმედი გაუღრმავდა.

იმედის საფუძვლად სახელდება ის, რომ სოჭში ოსურმა მხარემ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული წინადადებები მოისმინა, რაც აქამდე არ ხდებოდა. სოჭში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციისთვის ორშაბათს ცხინვალის რეგიონში ჩასვლა დაგეგმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ, იქ კი როგორც ქართველი, ისე ოსი სამართალდამცავები მთელი დღის მანძილზე ეძებდნენ სოფელ კეხვიდან გატაცებულ ელდარ კახნიაშვილს.

ელდარ კახნიაშვილის ძებნას ოსი და ქართველი სამართალდამცავები - მათთან ერთად რუსი მშვიდობისდამცველები - ერთობლივი ძალებით შეუდგნენ. სოფელ კეხვიდან გატაცებული ახალგაზრდის ძებნა დაიწყო ორშაბათ დილით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ტყეებში, აბსოლუტურად უშედეგოდ, და ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაგრძელდა.

[გოგა აფციაურის ხმა] “რუსი და ოსი სამართალდამცავები, ასევე კახნიაშვილის თანასოფლელები ოსურ მხარეს ეძებენ, სოფელ ძარსა და მონასტერში. კეხველები ფიქრობენ, რომ კახნიაშვილი შეიძლება სწორედ ამ ტერიტორიაზე იყოს დაკავებული.”

ეს იყო ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური. ცხინვალის რეგიონში კახნიაშვილის მოსაძებნად და გასათავისუფლებლად დაწყებული ერთობლივი რეიდები ძალიან სასარგებლოდ მიიჩნია სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოწესრიგების დარგში გიორგი ხაინდრავამ:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “ეს ერთობლივი რეიდები არის ძალიან სასარგებლო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ ბიჭის საპოვნელად და ის, რომ ამაში ოსური მხარე არის ჩართული, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნდობის აღდგენას ემსახურება და მეორე - ერთობლივი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონში.“

გიორგი ხაინდრავა ორშაბათს ცხინვალში ჩასვლას გეგმავდა სოჭის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციისთვის საჭირო სამუშაო შეხვედრების ჩასატარებლად. ის საჭიროდ მიიჩნევდა შეხვედრას რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობასთან, რათა პირადად მათგან მოესმინა როდის აპირებენ სტრატეგიული საცეცხლე წერტილების დაკავებას. ამას გარდა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გეგმაში ჰქონდა ოს ძალოვანებთან შეხვედრა. “ეს ყველაფერი არის სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებული არაფერი ხდება,” - თქვა მან ჩვენთან საუბრისას. თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრები გადაიდო იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ეს შეხვედერები ამ დღეებში შედგება და მათზე სოჭში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის საკითხებზე იქნება მსჯელობა, სოჭში კი,
სტრატეგიული საცეცხლე წერტილების ერთობლივად გაკონტროლების გარდა, მთავარი - კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია გადაწყდა. 20 ნოემბრამდე კონფლიქტის ზონიდან ყველა ოსური შეიარაღება უნდა იქნეს გატანილი. ცხინვალში გასამართ შეხვედრებზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ამ შეთანხმების რეალიზაციის საკითხს შეისწავლის. ის ფიქრობს, რომ სოჭის შეხვედრაზე მხარეებს შორის გარკვეული ურთიერთგაგება იქნა მიღწეული. ყოველ შემთხვევაში, ის, რომ კოკოითმა მოისმინა და არ გააპროტესტა ზურაბ ჟვანიას მიერ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მოთხოვნა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, გიორგი ხაინდრავას ამის ნიშნად მიაჩნია.
XS
SM
MD
LG