Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ რეზერვისტთა ახალი ნაკადის ფორმირება ცხინვალთან ახლოს ახალი აფეთქებების ფონზე


9 ნოემბერს ერთთვიანი სამხედრო შეკრება დაიწყო ქართველ რეზერვისტთა კიდევ ერთმა ბატალიონმა. ბოლო სამი თვის განმავლობაში კი სარეზერვო შეკრება, ქვეყნის მასშტაბით,

დაახლოებით 1000-მა კაცმა გაიარა და საქართველოს ხელისუფლება უახლოეს ხანებში კიდევ რამდენიმე მსგავსი ქვედანაყოფის ფორმირებას აპირებს. ნიშანდობლივია, რომ რეზერვისტთა ბოლო შეკრების ცერემონია სოფელ ძევერაში, ცხინვალიდან 10 კილომეტრის დაშორებით, გაიმართა. თუმცა იმ დროს, როცა საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობა აღლუმს იბარებდა, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ნაღმზე კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები აფეთქდა.

ოთხშაბთ დილით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, დიდი და პატარა ლიახვის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აგვისტოს კრიზისის დროს გაიყვანა, სოფელ ერედვში მცხოვრები მათე კობალაძე ნაღმზე აფეთქდა. დაზარალებული ტყვიავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კობალაძე ფეხისა და წელის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩვენთან სატელეფონო საუბარში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ალექსანდრე სუხიტაშვილმა არ გამორიცხა, რომ დანაღმვა სამაჩაბლოს უკონტროლო ტერიტორიაზე მოქმედი იმ დაქირავებულების ნახელავი უნდა იყოს, რომლებიც მრავლად არიან თავმოყრილნი ქართული სოფლების გარშემო.
[ალექსანდრე სუხიტაშვილის ხმა] “ეს არის პატარა და დიდი ლიახვის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში, მოხდა აფეთქება. თავისთავად, ქართველები თავის ტყეს არ დანაღმავდნენ. უფრო მეტი შანსია, ეს გაეკეთებინათ იმ ბანდფორმირებებს, რომლებიც ქართული სოფლების გარშემო და იმ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრზე იმყოფებიან, სადაც მოხდა აფეთქება. ისინი ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ დროებით კონტროლირებად ტერიტორიაზ იმყოფებიან და აქვთ იქ პოზიციები.”(სტილი დაცულია)

ღირს აღინიშნოს, რომ სოფელ წვერიახოსთან აფეთქება დილის 10 საათზე მოხდა. ორი საათის შემდეგ კი 5 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ძევერაში ქართველ რეზერვისტთა კიდევ ერთი ბატალიონი შეუდგა ერთთვიანი საბრძოლო მომზადების პროგრამას. აქტიური რეზერვის გადამზადება ახალი ხელისუფლების სამხედრო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების სალიკვიდაციო სამუშაოების გარდა, თუ საჭირო გახდა, რეზერვისტები კონფლიქტურ ტერიტორიაზე ავანგარდის დასახმარებლადაც გაიგზავნებიან. ოსური სეპარატიზმის პრობლემის მოგვარება კი სულ მალე მოხდება, დარწმუნებულია გიორგი ბარამიძე:

[გიორგი ბარამიძის ხმა] “სწორედ სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ აქა ვართ და ყველა ხედავს, რომ ის პრობლემა, რომელიც აქამდე მოუგვარებელია, არ დარჩება მოუგვარაბელი. იმიტომ
რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები არ ვსხედვართ და არ ველოდებით კიდევ უფრო მეტი დროის გასვლას და მეტი პრობლემების მიღებას. ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს. ეს დრო, იმედი მაქვს, რომ მალე მოვა.”


როგორც წინა შემთხვევებში, რეზერვისტთა რიგით მეოთხე ბატალიონი მთლიანად მოხალისეობის პრინციპით დაკომპლექტდა. მოხალისეების სიებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ადგენენ შესაბამისი ნორმატივების მიხედვით. კონტინგენტის სელექცია კი ევალებათ თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებს, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობენ მომზადების ერთთვიან პროგრამას. პარალელურად ხაშურთან ახლოს, სოფელ ოსიაურში, საველე შეკრებას ამთავრებს კიდევ ერთი სარეზერვო ქვედანაყოფი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ორი წლის განმავლობაში ქვეყანას 17 ასეთი სარეზერვო ბატალიონი ეყოლება. მათი მომზადება კი სახელმწიფო ბიუჯეტს, მთლიანობაში, მხოლოდ 6 მილიონი ლარი დაუჯდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG