Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდულა ოჯალანის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში შიმშილობის აქცია დაიწყო


საქართველოს ქურთული საერთაშორისო კულტურულ-ინფორმაციული ცენტრის 17 წევრმა გუშინ, აბდულა ოჯალანის გათავისუფლების მოთხოვნით,

შიმშილობის აქცია წამოიწყო. აქცია, ქურთისტანის თავისუფლებისა და დემოკრატიის კავკასიური ბიუროს ინიციატივით, ერთდროულად მიმდინარეობს სომხეთში, საქართველოსა და რუსეთში. შიმშილობის აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და იგი მხოლოდ სამ დღეს გასტანს.

[მუსიკა]

[ქურთი ქალბატონის ხმა]”ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, სულ ვცეკვავთ და ვმღერივართ, ვცეკვავთ და ვმღერივართ, მეტი რა უნდა ვქნათ. მაგრამ ყველაზე მეტი, ბევრი მინდა, რომ ოჯალანი გაათავისუფლეს. აი, ეს არის ჩემი ფიქრი. რო ოჯალანი გათავისუფლდება, მაშინ კარგი იქნება.”(სტილი დაცულია)

ქურთულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ეს ქალბატონი ერთ-ერთია იმ 17 მოშიმშილეს შორის, რომლებიც მშვიდობიან, უფრო მეტიც, ფოლკლორული ხელოვნების ელემენტებით გაჯერებულ, აქციას მიმართავენ იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას პოლიტიკური მოთხოვნები წაუყენონ. ჩვენი მისვლის მომენტში ერთმანეთთან ხელგადაჭდობილი აქციის მონაწილენი, მოსასხამებზე წარწერით “მოშიმშილე”, ცეკვავდნენ და ეტყობოდათ ბედნიერები იყვნენ, რომ მიეცათ აბდულა ოჯალანის მხარდაჭერის შანსი.


[ქურთი მამაკაცის ხმა]”ჩვენ შიმშილობის აქციას ვატარებთ ჩვენი ლიდერის განთავისუფლების მიზნით, ასევე ჩვენი პრობლემის - ქურთების პრობლემის - მშვიდობიან-დემოკრატიული გზით გადაწყვეტისათვის.”

აქციის მონაწილეთა აზრით, 1999 წლის 15 თებერვალს კენიის დედაქალაქში თავისუფლების და დემოკრატიის კონგრესისა და ქურთისტანის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერის აბდულა ოჯალანის დაპატიმრებამ დიდი ხნით ჩიხში შეიყვანა ქურთი ხალხის თვითგამორკვევის პრობლემის მოგვარება. ამდენად, მათი მთავარი მოთხოვნა - ერთი მხრივ, თურქეთის სახელმწიფოს, მეორე მხრივ კი, ევროსასამართლოს მიმართ - აბდულა ოჯალანის უპირობო გათავისუფლება და ქურთი ხალხის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაა.

[ქურთი მამაკაცის ხმა]” შეიძლება სახელმწიფომდე ცოტათი ადრეა, მაგრამ მანამდის უფრო თავისი უფლებების მოსაპოვებლად თურქეთში, ასევე ირანში, ასევე სირიაში. ერაყში ცოტა გადაწყვეტილია, შეიძლება ნახევრად იყოს გადაწყვეტილი მაგათი საკითხი.”(სტილი დაცულია)

[ქურთი მამაკაცის ხმა]” აქ დავრჩებით მუდამ ჩვენს ქართველ ძმებთან ერთად. არა ვართ ისე, რომ წავიდეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მიწაც იყოს.” (სტილი დაცულია)

მოშიმშილეთა შორის ახალგაზრდები ჭარბობენ. მათ შორისაა ასირიელი იხტიანდრ ბიდბუნოვი. აბდულა ოჯალანის გათავისუფლების რუსულ-კავკასიურ სოლიდარობის აქციაში იგი შემდეგი რწმენით ჩაერთო:

[ასირიელი მოქალაქის ხმა]” ადამიანი, რომელიც იბრძვის თავისი ტერიტორიისთვის და თავისი ერისთვის, არ შეიძლება იმ ადამიანის დაკავება.”(სტილი დაცულია)

აბდულა ოჯალანის გათავისუფლების მოთხოვნით ქურთისტანის თავისუფლებისა და დემოკრატიის კონგრესის საქართველოს წარმომადგენლობას, იმავე ქურთთა საერთაშორისო კულტურულ-ინფორმაციულ ცენტრს, აქამდეც არაერთი აქცია გაუმართავს. მიზნის სირთულიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სოლიდარობის სამდღიანი შიმშილობის ამჟამინდელი აქციაც არ იქნება უკანასკნელი.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG