Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანაბრად იზრდება თუ არა ხელფასები ყველა სახეობის სამხედრო ძალებში


15 ნოემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში ახალი სახელფასო პოლიტიკა იწყება, რითაც უნდა აღდგეს სოციალური წონასწორობა,

თავის დროზე სამხედრო სისტემის ე.წ. ელიტურ და არაელიტურ ნაწილებად დაყოფით რომ დაირღვა. ერთი თვის შემდეგ, რიგითი შემადგენლობის გარდა, სამხედრო უწყების ყველა დონის სამხედრო მოსამსახურის ხელფასი მინიმალური 115 ლარიდან აითვლება. თუმცა თავდაცვის სამინისტროში სახელფასო რეფორმის გატარებას ერთგვარად ექსპერიმენტული ხასიათი აქვს და ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როდის აპირებს საქართველოს ხელისუფლება უნიფიცირებული სახელფასო პოლიტიკის განხორციელებას მთელი სამხედრო ძალების მასშტაბით.


ახალი სამუშაო კვირა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სასიხარულო ინფორმაციით დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ პირად შემადგენლობას აუწყა, რომ 15 ნოემბრიდან შრომის ანაზღაურება ყველა დონის სამხედრო მოსამსახურისათვის და სამინისტროში დასაქმებული სამოქალაქო პერსონისთვის 300 პროცენტით გაიზრდება. ყველაზე მინიმალური ხელფასი შეიარაღებულ ძალებში იქნება 115 ლარი ტექნიკური პერსონალისათვის, მაქსიმალური კი 420 - უფროსი ოფიცრებისათვის. შრომის ანაზღაურება იგივე დარჩება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირადი შემადგენლობისთვის, თუმცა ორჯერ გაიზრდება მათ კვებაზე გათვალისწინებული თანხები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ ფაქტით კანონიერად ამაყობს და აცხადებს, რომ ამით შეიარაღებულ ძალებში ბოლო მოეღება სოციალურ უსამართლობას, რაც თავის დროზე არმიის ელიტურ და არაელიტურ ნაწილებად დაყოფას მოჰყვა.

[გიორგი ბარამიძის ხმა] “ჩვენი რეფორმის მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ არ იყოს ორი ტიპის თუ ორი კლასის სამხედროები.”

მაგრამ “ორი კლასის და ორი ტიპის სამხედროები” აღარ იარსებებენ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, რაც, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი სამხედრო ძალაა. რაც შეეხება მეორე სამხედრო სტრუქტურას, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, იქ შრომის ანაზღაურება კვლავ ძველი, 1997 წელს შემუშავებული, სახელფასო სისტემით მოხდება. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გენერალი ბადრი ბიწაძე იზიარებს თავდაცვის სამინისტროში მყოფი კოლეგების სიხარულს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ასიმეტრიულმა სახელფასო პოლიტიკამ მის უწყებაში, შესაძლოა, კადრების დენადობის პროცესი გააძლიეროს:

[ბადრი ბიწაძის ხმა] “ერთი პრიორიტეტის მიცემა რომელიმე ერთი უწყებისთვის - თავდაცვის სამინისტრო იქნება თუ შინაგან საქმეთა დანაყოფები - იწვევს კადრების დენადობას. ჩვენთან ძალიან მცირეა ხელფასი. ისეთ მონაკვეთზე, როგორიც ჩრდილოეთის საზღვარია, ძალიან რთულ პერიოდში უხდებათ მუშაობა, მწირია დაფინანსება და უზრუნველყოფა და ხელფასიც ძალიან მცირეა - 80 ლარია ჩვენი ოფიცრის ხელფასი.”(სტილი დაცულია)

ასიმეტრიულ სახელფასო პოლიტიკას ქვეყანაში კიდევ ერთი სოციალური პრობლემა უკავშირდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ცხადად მიანიშნა საზოგადოებას, რომ ხელფასების მატება, ძირითადად, კადრების ოპტიმიზაციის, ანუ სამომავლოდ დაგეგმილი საშტატო შემცირებების, ხარჯზე მოხდება. ეს გარკვეული კატეგორიის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს ქუჩაში დარჩენით ემუქრება. ხელისუფლება კი, როგორც ეს მეტროპოლიტენის დაცვის 300-მდე თანამშრომლის შემთხევაში იყო, აგვიანებს მათ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

[მეტროპოლიტენიდან დათხოვნილი თანამშრომლის ხმა] “იქნება, იქნება და ა, ბატონო, ტკბილი ენით იქამდე მიგვიყვანეს, რომ კლდის პირას მიგვიყვანეს და მერე ხელი გვკრეს. ეს თანხა დაიკარგა გზაში და იმ გზას ვეძებთ, თუ რომელ ჯურღმულში დაიკარგა ეს თანხა.”(სტილი დაცულია)


“ჯურღმულიდან” თანხის ამოღებაში დახმარებას ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ თანამშრომლებს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პარტიები ჰპირდებიან. შესაძლოა, სულ მალე, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული მორიგი საკადრო წმენდისა და სამხედრო კათედრების გაუქმების შემდეგ, ოპოზიციის მეურვეობის ქვეშ უმუშევრად დარჩენილი კიდევ ათასობით ადამიანი აღმოჩნდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG