Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საკითხებზე იმსჯელებენ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე ვლადიკავკაზში


ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის სოჭის შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით მსჯელობა ვლადიკავკაზში ინაცვლებს. ქართულ-ოსური კონფლიქტის

მოწესრიგების შერეულ საკონტროლო სხდომაზე დასასწრებად იქ უკვე გაემგზავრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების დარგში გიორგი ხაინდრავა. მას ვლადიკავკაზში გზად მიმავალს ვესაუბრე. გიორგი ხაინდრავამ ჩამოთვალა ის საკითხები, რომელთა ირგვლივ მსჯელობაც ვლადიკავკაზში 19 ნოემბერს გაიმართება. ირკვევა, რომ შერეული საკონტროლოს კომისიის სხდომაზე საქართველოს მხარემ კონფლიქტის ზონის დადგენა უნდა მოითხოვოს. რას ნიშნავს ეს?.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ, რას ნიშნავს კონფლიქტის ზონა. აქამდე სხვადასხა ინტერპრეტაცია იყო ამის და ამას ბევრი გაუგებრობა მოჰქონდა. ეს არის 15 კილომეტრიანი ზონა ცხინვალის გარშემო. გარდა ამისა, არის უსაფრთხოების კორიდორი, რომელიც მიჰყვება ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვარს. ჩვენ ასევე განვიხილავთ დემილიტარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და ეკონომიკურ საკითხებს. “

რას ნიშნავს კონფლიქტის ზონა, ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციისა და ეკონომიკური საკითხები - ყველაფერი ამის გარშემო ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე 19 ნოემბერს იმსჯელებენ. ხუთშაბათს კომისიის სხდომაზე დასასწრებად ვლადიკავკაზში გაემგზავრა გიორგი ხაინდრავა. ის, როგორც მოგეხსენებათ, შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეა საქართველოს მხრიდან. ხაინდრავასთან ერთად ვლადიკავკაზში იქნებიან კომისიის თანათავმჯდომარეები ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან და, რაღა თქმა უნდა, რუსეთიდან. კომისიის სხდომას დაესწრება ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში როი რივი და შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობა.

ნოემბრის შუა რიცხვებში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩატარებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაური ედუარდ კოკოითი სოჭში შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, ამ შეხვედრაზე მათ მიაღწიეს შეთანხმებას კონფლიქტის ზონის ეტაპობრივ დემილიტარიზაციასა და ამის შემდეგ ცხინვალის რეგიონში ეკონომიკური პროექტების განხორციელების დაწყებაზე, ევროკავშირის დაფინანსებით. ეს მოხდა 5 ნოემბერს. ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციის ბოლო ვადად მაშინ 20 ნოემბერი დასახელდა. მხარეებმა სოჭში მიღწეული ამ შეთანხმების რეალიზაცია თითქოს დაიწყეს, ამასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური აღნიშნავს, ერთი-ორი სანგარი ამოავსეს, მაგრამ 17 ნოემბერს პროცესი ოსური მხარის მიზეზით შეჩერდა. ოსებმა ქართველები პირობის დარღვევაში დაადანაშაულეს - თქვეს, რომ რეგიონში რეზერვისტების შეყვანას აქვს ადგილი. გააგრძელონ თუ არა დემილიტარიზაციის თაობაზე სოჭში მიღწეული შეთანხმების შესრულება, ამის თაობაზე გადაწყევტილებას ოსები ვლადიკავკაზის შეხვედრის შემდეგ მიიღებენ. იქ კი, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს წარმომადგენელი კონფლიქტის ზონის დადგენას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ ზონას, რომელსაც ჩვენ კონფლიქტის ზონად მოვიხსენიებთ, სხვადასხვა დოკუმენტებში სამშვიდობო ძალების მოქმედების ზონა ეწოდება. ამას გიორგი ხაინდრავა წინა ხელისუფლების დაუდევრობას მიაწერს. კონფლიქტის ზონის ერთხელ და სამუდამოდ დადგენა ნიშნავს წლების წინ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული 15 კილომეტრიანი ზონის, აგრეთვე, ყოფილი ავტონომიური ოქლის საზღვრის გაყოლებაზე უსაფრთხოების კორიდორის აღიარებას. ამან გარკვეულწილად უნდა შეცვალოს მშვიდობისმყოფელთა ფუნქცია და მათ როკის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლების საშუალება უნდა შეუქმნას.
XS
SM
MD
LG