Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარმა


გიორგობისა და “ვარდების რევოლუციის” სადღესასწაულო სიუჟეტი სამშაბათს ერთადერთმა ოფიციალურმა სტუმარმა დაარღვია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას

გადაუჭრელი ტერიტორიული და ჰუმანიტარული პრობლემა შეახსენა. გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარმა რუდ ლუბერსმა, რომელიც ამ პოსტზე მოღვაწეობის ოთხი წლის განმავლობაში პირველად ესტუმრა საქართველოს, 23 ნოემბერს თბილისში მდებარე აფხაზეთიდან დევნილთა ცენტრი მოინახულა. ვიზიტის პროგრამით, იგეგმებოდა ჩეჩნეთიდან დევნილ ლტოლვილებთან შეხვედრა პანკისის ხეობაშიც, მაგრამ უამინდობის გამო მგზავრობა გადაიდო. საბოლოოდ, რუდ ლუბერსმა ჩეჩენ დევნილთა დეპუტაცია თბილისში მიიღო და მათ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უსმენდა.


გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა მოინახულა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ლტოლვილთა ცენტრი, სადაც აფხაზეთიდან გამოდევნილი 367 ოჯახი ცხოვრობს. ამ ადამიანებს იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსი აქვთ, რაც ლტოლვილობის შედარებით იოლ ფორმად არის მიჩნეული და თანაც იგულისხმება, რომ ისინი მალე დაუბრუნდებიან თავიანთ სახლ-კარს. მაგრამ ლოდინში თერთმეტი წელი გავიდა და დევნილებში უიმედობამ იმატა. თავიანთ მდგომარეობას აფხაზეთიდან დევნილები 23 ნოემბერს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ რუდ ლუბერსს შესჩიოდნენ:
[ლტოლვილების ხმა] “სამი წელია მივმართავ ლტოლვილთა სამინისტროს ერთჯერად დახმარებაზე... სამი შვილი მყავს, სამივე იბრძოდა და დაჩაჩანაკებულნი არიან, მაგრამ ვერ ვეღირსე დახმარებას. ჩემი ორმოცი წლის ძმა აქ, ამ ოთახში, მოკვდა. არაფერი არ სჭირდა ადამიანს, მაგრამ ამდენმა საფიქრალმა, ამდენმა უღონობამ და ამდენმა დარდმა გადაიყოლა.” (სტილი დაცულია)

თუმცა დევნილთა ნაწილი ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვალა. აღარ გვიანდება შემწეობების დარიგება, რაც ერთ სულზე 11 ლარს შეადგენს, ანაზღაურდა გაყინული თანხა, სულ ცოტა ხნის წინ კი, ერთ-ერთი ამერიკული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით, დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები.
[ლტოლვილი ქალის ხმა] “ძალიან მადლობელი ვარ. ათი წელი თავზე გვაწვიმდა, ახლა კი ისეთი რემონტი კეთდება, რომ კერძო ბინებში არ იქნება, ნამდვილად.””

ეს სამუშაოები სამშაბათს გაეროს დევნილთა უმაღლესმა კომისარმაც მოინახულა. რუდ ლუბერსს არ დაუმალავს, რომ აფხაზეთიდან დევნილების პრობლემა დროში ძალიან გაიწელა და რომ საჭიროა ზეწოლა პოლიტიკოსებზე, რათა დევნილების საკუთარ მიწაზე ორგანიზებული და უსაფრთხო დაბრუნება მოხერხდეს.

[რუდ ლუბერსის ხმა] “ჩვენ ვიცით შემთხვევები, როდესაც ცალკეული ადამიანები საკუთარი ინიციატივით დაბრუნდნენ აფხაზეთში, მაგრამ არ ვიცით, თუ შემდგომში როგორ აეწყო მათი ცხოვრება. მჯერა, რომ ზეწოლით მოვახერხებთ მივაღებინოთ პოლიტიკოსებს გადაწყვეტილებები, რათა აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც ადამიანებმა შეძლონ დაბრუნება და ახალი ცხოვრების დაწყება. “

მაგრამ თუ როგორ აპირებს, აფხაზ და ოს პოლიტიკოსებზე ეს ზეწოლა განახორციელოს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს არ დაუზუსტებია. რუდ ლუბერსს არ აღმოაჩნდა კონკრეტული პასუხი საქართველოში - კერძოდ, პანკისის ხეობაში - მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილთა თხოვნაზე, უზრუნველყოს მათი გამგზავრება რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, ვინაიდან, როგორც ერთ-ერთმა ჩეჩენმა ლტოლვილმა გვითხრა, მიუხედავად ქართველი ხალხის კეთილგანწყობისა, საქართველოში ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ რუსეთის სპეცსამსახურების გავლენისაგან:

[ჩეჩენი ლტოლვილის ხმა] “ჩვენი თხოვნა რეალური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ჩეჩენი ლტოლვილებისათვის საქართველოში არ არსებობს პირადი უსაფრთხოება, რაც განპირობებულია რუსეთის მხრიდან გამუდმებული თავდასხმებით, მტრის ხატის შექმნით პრესაში და ჩეჩენი ტერორისტების დაკავშირებით ტერაქტებთან, რომელიც კავკასიის რეგიონში ხდება.”

დღესდღეობით, ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე 1000-მდე ჩეჩენი დევნილია აღრიცხული. 5 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო, არც ერთი ოჯახი არ დაბრუნებულა ჩეჩნეთში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG