Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოელის უკრაინის ურთიერთობას მსოფლიოს ზესახელმწიფოსთან?


როგორც არაერთმა სხვა ქვეყანამ, აშშ-მაც მკაცრად გააკრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივან ადამ ერელის განცხადებით, თუ დადასტურდა,

რომ კენჭისყრის შედეგები მართლაც გაყალბებულია (რასაც, როგორც ცნობილია, უკრაინაში ოპოზიცია ირწმუნება), ამას შედეგები მოჰყვება ორმხრივი ურთიერთობისათვის. [ადამ ერელის ხმა]

რა შედეგებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? აშშ მსოფლიოში უძლიერესი ქვეყანაა პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური თვალსაზრისით და, შესაბამისად, მისი გავლენაც დიდია. მაგრამ რით შეუძლია ვაშინგტონს ზემოქმედება ამ კონკრეტულ, უკრაინის შემთხვევაში?

უარი შეერთებული შტატების ვიზაზე. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ არჩევნების გაყალბებაში მხილებულების წინააღმდეგ: ვიზებზე უარი უთხრან უკრაინის პოლიტიკურ ელიტას, საარჩევნო კომისიების წევრებს, პოლიციელებს, გავლენიან ბიზნესმენებს. ასეთ ვარაუდს გამოთქვამს სილესტ ვალანდერი - სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანამშრომელი. მას შემდეგნაირად ესმის შეტყობინება -“მესიჯი”, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინელებს უგზავნის: ვალანდერის ხმა “კარგად აწონ-დაწონე, რას აკეთებ დღეს. რადგან შესაძლოა, საფრთხე შეექმნას შენს გრძელვადიან გეგმებს საერთაშორისო პოლიტიკაში, წარმატებულ ბიზნესში. შესაძლოა, ვეღარ შეძლო ევროპისა და შეერთებული შტატების მშვენიერ კურორტებზე დასვენება. --- როცა ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში ვიყავი, დავრწმუნდი, რომ ეს მესიჯი იქ არა მარტო ჩასულია, არამედ ელიტაში დიდ შეშფოთებას იწვევს”.

სილესტ ვალანდერი კიდევ ერთ ეფექტიან ზომას ასახელებს - უცხოეთში საბანკო ანგარიშების გაყინვას.

მაგრამ მოდით, ახლა სხვა ექსპერტს მოვუსმინოთ, რომელიც შიშობს, რომ ამერიკის მკვეთრმა რეაქციამ, შესაძლოა, არასასურველი, საწინააღმდეგო რეაქცია გამოიწვიოს. ასეთ ვარაუდს გამოთქვამს კარნეგის ფონდის თანამშრომელი ანატოლ ლივენი. მისი ვარაუდით, ამერიკამ უკრაინის წინააღმდეგ სანქციები რომ შემოიღოს, მას ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულებენ - ის ხომ მხარდაჭერას უწევს არაერთ სახელმწიფოს, თუნდაც საუდის არაბეთს, ან უზბეკეთს, რომელთაც დემოკრატიასთან ბევრი არაფერი აქთ საერთო. და კიდევ - ამერიკის მხრივ ზოწოლამ უკრაინა შესაძლოა კიდევ უფრო დააახლოვოს მოსკოვთან...

ეს რომ არ მოხდეს, განაგრძობს ლივენი, თუ დადასტურდა რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბებულია, აშშ-მა კიევის იზოლირებას უნდა მიმართოს. [ლივენის ხმა] “ამ მთავრობის იზოლირება - ვგულისხმობ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობას, ვიზებზე უარს - თუ სწორად განხორციელდა, გრძევლადიან პერსპექტივაში სათანადო შედეგებს მოიტანს: ერთი მხრივ, უკრაინაში დემოკრატიული პროცესი გაგრძელდება და იმადროულად უკრაინა ისევ დაახლოვდება დასავლეთთან”.
XS
SM
MD
LG