Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო უარს ამბობს დსთ-ის თავდაცვის მინისტრთა სხდომებში მონაწილეობაზე, მაგრამ ვერ ელევა დსთ-ის სამშვიდობო ძალებს


საქართველომ კიდევ ერთხელ არ მიიღო მონაწილეობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა სხდომაში, რომელიც 25 ნოემბერს

მოსკოვში გაიმართა. საქართველოს მხრიდან უარის თქმის ოფიციალურ მიზეზად თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ “თანამეგობრობის ფორმატში სამხედრო თანამშრომლობის უპერსპექტივობა დაასახელა.” თუმცა ფაქტია, რომ საქართველო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უარს ამბობს დსთ-ის შიგნით სამხედრო თანამშრომლობაზე, ვერ ელევა თანამეგობრობის ეგიდით აფხაზეთში მოქმედ სამშვიდობო ძალებს, რომელთა საქართველოდან გაყვანას, თავის დროზე, სხვათა შორის, ოპოზიციაში მყოფი დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალაც უჭერდა მხარს.



გავრცელებული ინფორმაციით, 25 ნოემბერს მოსკოვში თანამეგობრობის თავდაცვის მინისტრებს, ძირითადად, ორ საკითხზე უნდა ემსჯელათ. ერთ-ერთია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რაც რეფრენად გასდევს სამხედრო მინისტრების ყველა სხდომას და თანამეგობრობის ქვეყნების მიერ ერთობლივ სამხედრო სწავლებათა ჩატარებას, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების კოოოპერირებასა და საბრძოლო იარაღის მოდელების შესყიდვას გულისხმობს. ამ სხდომას არ დაესწრებიან საქართველოს სამხედრო უწყების პირველი პირები. დსთ-ის თავდაცვის მინისტრთა სამიტზე საქართველო მხოლოდ საელჩოს თანამშრომლით იქნება წარმოდგენილი. რადიო “თავისუფლებასთან” სატელეფონო ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ასეთი დემარში შემდეგი გარემოებით ახსნა:

[გიორგი ბარამიძის ხმა] “ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ის ფორმატი, რომელშიც ჩვენ რაიმეს მიღწევა შეგვიძლია და რომელიც ჩვენთვის, პრინციპში, მისაღებია. შეიძლება, თეორიულად, ამ ფორმატის გამოყენება ტექნიკურად ორმხრივი შეხვედრებისათვის, ურთიერთობათა განსაახლებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის სურვილი არ ყოფილა რუსეთის მხრიდან.”(სტილი დაცულია)

ამ მხრივ, გიორგი ბარამიძე, აშკარად, თავისი წინამორბედი მინისტრების ხაზს აგრძელებს, რომლებიც ასევე უარს ამბობდნენ თავდაცვის მინისტრთა სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე. ასე გრძელდება 1998 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა თანამეგობრობის ქვეყნებს თავს მოახვია “კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულება”, რამაც სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის სახე მიიღო, - აცხადებს საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი ალექსანდრე რონდელი. ექსპერტი ამართლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, არ დაესწროს ამგვარ სხდომებს მანამ, სანამ რუსეთი არ შეცვლის საგარეო პოლიტიკას მეზობლების მიმართ:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავისი მეზობლების მიმართ გაატარებს ცივილიზებულ პოლიტიკას და დსთ გახდება, მართლაც, ცივილიზებული ინტეგრაცია, რაც ძნელი სათქმელია, რადგან მათი ახლანდელი პოლიტიკური და იდეოლოგიური ფილოსოფია ამის შესაძლებლობას არ იძლევა.”


მაგრამ ღირს აღინიშნოს, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი დემონსტრაციულად არ მონაწილეობს ამგვარ თავყრილობებში და უპერსპექტივოს უწოდებს სამხედრო თანამშრომლობას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შიგნით, საქართველო რჩება ლამის ერთადერთ ქვეყნად, სადაც, ამ თანამეგობრობის ეგიდით, სამშვიდობო ძალები მეთერთმეტე წელია მოქმედებენ. ასეთ მიდგომას “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე, შევარდნაძის პოლიტიკური კურსის გაგრძელებად მიიჩნევს და ხელისუფლებას უფრო რეალისტური ნაბიჯების გადადგმას ურჩევს:

[ ფიქრია ჩიხრაძის ხმა] “ ეს არის გაუაზრებელი და არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის გაჯანსაღებაზეა საუბარი, ეს ბევრად უფრო იოლად მოხდება პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარების შედეგად, როგორც ეს ბალტიის ქვეყნებმა მოახერხეს, ვიდრე ასეთი სირაქლემის პოზიციის დაკავებით, როდესაც ჩვენ, ერთი მხრივ, ასეთ დემარშებს ვაწყობთ, მაგრამ რეალურად გადაწყვეტილებებს არ ვღებულობთ ამ მიმართულებით.”


მოსკოვში, სამხედრო-თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში, სადაც 25 ნოემბერს თანამეგობრობის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა სხდომა იმართება, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ექსპოზიციას -აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამხედრო პროექტს თანამეგობრობის სივრცეში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG