Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით 29 წლის გიორგი გოგიჩაიშვილმა


1 დეკემბერს ბათუმის მესამე საპყრობილის საკანში თავი ჩამოიხჩო წინასწარ სამთვიან პატიმრობაში მყოფმა 29 წლის გიორგი გოგიჩაიშვილმა. მას წინასწარი პატიმრობა

საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის გამო ჰქონდა შეფარდებული. თუმცა, როგორც გარდაცვლილის ძმამ თქვა, გიორგი გოგიჩაიშვილს ბათუმის პოლიციამ საბრძოლო მასალა, ანუ ხელყუმბარა, დაკავების მომენტში თავად ჩაუდო და, შესაბამისად, უკანონოდ - მაგრამ მიზანმიმართულად - დააპატიმრა. ვის, რას და რატომ შეეწირა გიორგი გოგიჩაიშვილი და შეეძლო თუ არა საპყრობილის ადმინისტრაციას მისი თვითმკვლელობის თავიდან აცილება?

გიორგი გოგიჩაიშვილის სიკვდილის ფაქტზე მოკვლევის ოფიციალური დასკვნა ჯერ არ არსებობს. ბათუმის მესამე საპყრობილის ადმინისტრაცია კომენტარს თავს არიდებს. მაგრამ ამ გარემოებების მიუხედავად, გარდაცვლილის ოჯახის წევრებისათვის გიორგი გოგიჩაიშვილის თვითმკვლელობის ვერსია დამაჯერებლად ჟღერს:

[ირაკლი გოგიჩაიშვილის ხმა]” ჩემმა ძმამ ჩამოიხრჩო თავი. უიმედოდ იყო, საერთოდ, და, აი, ეს გადაწყვიტა, რა. არა, ჩემი ძმა პოლიტიკურად აქტიური ნამდვილად არ იყო, მაგრამ ამას წინაისტორია აქვს.”

15 დეკემბერს გიორგი გოგიჩაიშვილის საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო, პროცესი დანიშნული იყო. შესაბამისად, მისი უიმედობისა და სასოწარკვეთის მიზეზი იმ წინაისტორიაშია საძიებელი, რომელიც მისმა ძმამ ირაკლიმ გვიამბო. ირაკლის თქმით, გიორგის დაკავებისა და შემდეგ უკვე თვითმკვლელობის მიზეზი გახდა თბილისში, რესტორან “კრისტალში”, მომხდარი მკვლელობა, რომელში ეჭვმიტანილიც გიორგის მეგობარი იყო:

[ირაკლი გოგიჩაიშვილის ხმა] ”ჩემი ძმა იყო მოწმის სახით, მაგრამ ის, ვინც გარდაიცვალა, იმის მამის მხრიდან მოდიოდა მუქარა, რომ ამათ ყველას დავხოცავო, ვინც იქ იყოო, რა. ჰოდა, ის ადამიანი არის გავლენიანი პოლიციელი. ყოველივე ამის გამო ჩემს ძმას ჰქონდა შიში. ის ჩვენ გვეუბნებოდა, ფრთხილად იყავითო, თქვენ რამე არ დაგემართოთო. ესე გამოვიდა, გამოვიდა, რა, თავი შეგვწირა, რა.”(სტილი დაცულია)

გიორგი გოგიჩაიშვილი ბათუმში იმალებოდა. წინასწარ პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში, აგვისტოს შემდეგ, მან რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლა. ამიტომ ბათუმის საზოგადოებაში, განსაკუთრებით ჟურნალისტურ წრეებში, ტრიალებს ლოგიკური კითხვა: რატომ აღმოჩნდა თვითმკვლელობის იარაღი, თუ ასე შეიძლება ითქვას, ქამარი, გიორგის ხელში? მართალია, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უშუალოდ ციხის ადმინისტრაციის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ აჭარაში აღნიშნულმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ის აღმაშფოთებელი რეალობა, რომელზეც ჟურნალისტი, გაზეთ “ბათუმელების” რედაქტორი ეთერ თურაძე საუბრობს:

[ეთერ თურაძის ხმა] “საერთოდ, როგორ არი, იცით?! ბათუმში არის ძალიან ბევრი მაგ ტიპის პატიმარი, იცით?! ანუ არ აწყობთ და იჭერენ. უამრავი მაგ ტიპის ადამიანია დაჭერილი, ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი, და ერთ-ერთი იყო ესეც, რომელსაც, ალბათ, ნერვებმა უმტყუნა. ახლა ადამიანებს იჭერენ ბაბუინობის, ესეთი გავრცელებული ტენდენციაა ბათუმში, ბაბუინობის ნიშნით იჭერენ ადამიანებს. ანუ ვინმეს თუ რამე უთქვამს, ანუ თუ ვინმე მუშაობდა ოდესმე ასლანის დროს და ასე შემდეგ, ამ ადამიანებს ყველას იჭერენ, ზოგს ფულს ართმევენ და ზოგს აპატიმრებენ.”

გიორგი გოგიჩაიშვილი ბაბუინობის მსხვერპლი არ გამხდარა. თუმცა ის, რამაც მისი თვითმკვლელობა გამოიწვია, უსამართლო მართლმსაჯულებად კვალიფიცირდება და ანგარიშსწორება ჰქვია.
XS
SM
MD
LG