Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული “პორა” და მისი როლი “ნარინჯისფერ რევოლუციაში”


უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო მოძრობას, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ჰყავს. ეს არის სტუდენტური მოძრაობა “პორა”,

რომლის რიგებს ყოველდღიურად ემატება პრეზიდენტ კუჩმას რეჟიმით უკმაყოფილო ახალგაზრდობა. სერბული “ოტპორისა” და ქართული “კმარას” ანალოგიით “პორას” საქმიანობას, აღფრთოვანებაში მოჰყავს ბევრი უკრაინელი მოქალაქე; განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ოპონენტებს სახელისუფლებო კაბინეტებიდან, მაგრამ “პორა” არავის ტოვებს გულგრილს. თუმცა ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ უკრაინაში ორი “პორა” არსებობს, რომლებიც, ორგანიზაციისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის თვალსაზრისით, დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

“პორა” უკრაინულად ნიშნავს - “დროა”. უკრაინელმა სტუდენტებმა “დროის” დადგომა იგრძნეს მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც ზაკარპატიეში, ქალაქ მუკაჩევოში, სახელისუფლებო პარტია და ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერთგვარი რეპეტიცია, რასაც თან ახლდა სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ფალსიფიცირება, ბანდიტური გარჩევები, ადამიანების ცემა და ოპოზიციის შტაბების დარბევა. “პორაც” სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა, - ამბობს მიხაილ პლოტნიკოვი, რომელიც კიევის თავისუფლების მოედანზე გაშლილი ცნობილი “კარვების ქალაქის” კომენდანტის მოადგილეა. პლოტნიკოვის თქმით, “პორა” თვითორგანიზაციაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი კაპმანიაა და მთლიანად შემოწირულობებით ფინანსდება:

[მიხაილ პლოტნიკოვის ხმა] “რაც შეეხება დაფინანსებას, ჩვენ მეტწილად გვაფინანსებენ კიეველები, საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთაც არჩევნებამდე ქვეყანაში ძალიან უჭირდათ ცხოვრება და რომლებიც დიდ იმედებს ამყარებენ იუშჩენკოზე. და ეს ადამიანები მოდიან ჩვენთან, ყიდულობენ პროდუქტებს, ნივთებს, რასაც ვთხოვთ, ფეხსაცმელს, კარვებს და ასე შემდეგ. აი, ეს არის მთავარი.”

უკრაინული “პორას” დევიზია “უკრაინა უპირველეს ყოვლისა”. “პორელები” არიან ყველგან, სადაც ლეონიდ კუჩმას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ტარდება. ისინი აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის სახლისა და სხვა ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებაში. მაგრამ ყველაფერი ეს მკაცრად სამშვიდობო ხასიათს ატარებს. ღამით კი, როდესაც კიევში მომიტინგეები იშლებიან,” პორას” წევრები თავისუფლების მოედანზე წესრიგს იცავენ, რითაც უფროსი თაობის მოქალაქეები აღფრთოვანებულნი არიან:

[კიეველი მოქალაქეების ხმა] “მე მიხარია, რომ ჩვენ ასეთი ახალგაზრდობა გვყავს. მიხარია.” “მე დიდ ხანია ვიცნობ ამ ორგანიზაციას, ის მართლაც ერთგულია თავისი ხალხის, ის ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი ხალხი წელში გაიმართოს და ნორმალური ცხოვრება დაიწყოს.”

“პორას” წარმომადგენელი მიხაილ პლოტნიკოვი არ მალავს, რომ ისინი იცნობენ სხვადასხვა ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის გამოცდილებას, მაგრამ “პორას” მჭიდრო კავშირი აქვს ქართულ “კმარასთან”, სტუდენტურ მოძრაობასთან, რომელმაც თავის დროზე დიდი როლი შეასრულა ქართული “ვარდების რევოლუციაში”.

[მიხაილ პლოტნიკოვის ხმა] “რა თქმა უნდა, გვაქვს კავშირი “კმარასთან”. აი, ირაკლი ჯერ კიდევ პირველი ტურის წინ მოვიდა ჩვენთან. “ოტპორთან” პირდაპირი კავშირი არ გვქონია. საქართველო ჩვენთვის უფრო მახლობელია, ვიდრე სერბეთი. მოდიოდნენ ბიჭები, გვიზიარებდნენ გამოცდილებას.”

გამოცდილებას უკრაინელ “პორელებს” ქართული “კმარას” აქტივისტი გიორგი კანდელაკიც უზიარებდა, რომელმაც უკრაინაში თითქმის ერთი თვე დაყო. რაც შეეხება მსგავსებას, გიორგი ამბობს, რომ ქართულ “კმარასთან” უფრო ახლოს დგას ეგრეთ წოდებული “შავი პორა”, რომელიც უფრო ენთუზიაზმზე დამყარებული მოძრაობაა და არა აქვს ვერტიკალი:

[გიორგი კანდელაკის ხმა] “იყო ისე, რომ ჯერ დაარსდა “პორა” მერე - “შავი პორა”, რომელიც ჩვენნაირი და “ოტპორის” მსგავსი სტრუქტურის მიხედვით არის შექმნილი და მთლიანად ენთუზიაზმს ეფუძნება. არ ჰყავს ლიდერი და ჰორიზონტული სტრუქტურაა. შემდეგ რატომღაც დაფუძნდა ახალი ორგანიზაცია, რომელმაც ასევე დაირქვა “პორა”, ჰყავთ ლიდერი და იღებენ ხელფასს.”

მაგრამ ორივე - როგორც “ნარინჯისფერი”, ისე “შავი” პორა -რადიკალურადაა განწყობილი და ხელისუფლებასთან ზედმეტი კომპრომისების წინააღმდეგია. როგორც უკრაინული “პორას” წარმომადგენელი მიხაილ პლოტნიკოვი აღნიშნავს, ისინი არ აპირებენ კარვების ქალაქის დემონტაჟს მანამ, სანამ ოპოზიცია და ვიქტორ იუშჩენკო საბოლოო გამარჯვებას არ მიაღწევენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG