Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის განმეორებითი კენჭისყრისთვის ემზადებიან


უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად 6 - 7 დეკემბერს კიევში ”მრგვალი მაგიდის”

სხდომა გაიმართა. მასში პრეზიდენტობის კანდიდატებთან - ვიქტორ იანუკოვიჩსა და ვიქტორ იუშჩენკოსთან -ერთად უკრაინის, ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე რუსეთის, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. “მრგვალი მაგიდის” შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს. რას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი და როგორ ხორციელდება მიღწეული შეთანხმებები?

7 დეკემბრის გამთენიისას დასრულებული ”მრგვალი მაგიდის” დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც მოლაპარაკების ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი, საზოგადოებას უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ გააცნო. დოკუმენტში წერია, რომ მხარეები თანხმდებიან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების აუცილებლობაზე და უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს განმეორებით 26 დეკემბერს ჩაატარებენ:

[ლეონიდ კუჩმას ხმა] ”მოვილაპარაკეთ, რომ აუცილებელია ცვლილებების შეტანა კანონში უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ. ცვლილება ისეთი მექანიზმის ამუშავებას ითვალისწინებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩავატაროთ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები და თავიდან აგვაცილებს არჩევნების გაყალბებას.”

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გარდა, ლეონიდ კუჩმა დათანხმდა უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს და “ვერხოვნი რადას” კომისიის წევრობის ახალი კანდიდატები წარუდგინოს.

”მრგვალი მაგიდის” სხდომაზე მხარეებმა შეთანხმება ვერ მოახერხეს ამჟამინდელი მთავრობის გადადგომასა და კონსტიტუციაში იმ ცვლილებების შეტანაზე, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას ზღუდავს. პირველი ინიციატივის წინააღმდეგ ხელისუფლება გამოვიდა, მეორე წინადადებისა კი - ოპოზიცია. ოპოზიციის ლიდერ ვიქტორ იუშჩენკოს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ან მუხლობრივად უნდა გაიმართოს, ან მათი მიღება ახალი პარლამენტის არჩევამდე გადაიდოს.

როგორც ჩანს, კუჩმას ხელისუფლება დარწმუნდა, რომ არჩევნებს მისი კანდიდატი ვერ მოიგებს და ამიტომ ახლა მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას ცდილობს. კუჩმამ გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსთან” ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, იანუკოვიჩის ადგილზე რომ ვიყო, ჩემს კანდიდატურას მოვხსნიდიო.” თავის მხრივ, კუჩმასგან დისტანცირებას ცდილობს ხელისუფლების ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი. მან ახლახან განაცხადა, რომ შვებულებაში გავიდა, რათა მთელი დრო წინასაარჩევნო კამპანიას მოახმაროს:

[ვიქტორ იანუკოვიჩის ხმა] ”დღეს მე შემიძლია ღიად ვთქვა, რომ ამ ბოლო 2 წლის მანძილზე ქვეყანაში არსებობდა ორი ხელისუფლება - ახალი და ძველი. ასე რომ, დასკვნა მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ - იანუკოვიჩი ახალი კანდიდატია ახალი ხელისუფლების თუ ძველი. ხოლო იუშჩენკო, მე დარწმუნებული ვარ, ეს არის რევანშის მცდელობა ძველი ხელისუფლების, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან.”

მან განაცხადა, რომ არ აპირებს თავისი კანდიდატურის მოხსნას და ბოლომდე იბრძოლებს.

თავის მხრივ, დათმობას არც ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო აპირებს და სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება მანამდე აქვს განზრახული, სანამ კუჩმა იანუკოვიჩის მთავრობას არ გადააყენებს. ოპოზიციას ბლოკირებული აქვს უკრაინის პრეზიდენტის საცხოვრებელი აგარაკიც, რის გამოც კუჩმა პარლამენტის სხდომაზე მისვლას ამ წუთამდეც ვერ ახერხებს. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, კუჩმა “ვერხოვნი რადას” სხდომას უნდა დასწრებოდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა წარედგინა.


ამასთან ერთად, საკანონმდებლო ორგანომ ცვლილებები უნდა შეიტანოს ბიუჯეტში, რათა არჩევნების 25 მილიონი ამერიკული დოლარით დაფინანსება მოხერხდეს. და, რაც მთავარია, “ვერხოვნი რადამ”, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებიც უნდა განიხილოს.
XS
SM
MD
LG