Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი გოგატიშვილი პრაღაში მიღებული ცოდნის გამოყენებას სამშობლოში აპირებს


ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს ”ქართველები პრაღაში”. ამჯერად გაგაცნობთ ირაკლი გოგატიშვილს, რომელიც პრაღაში, კარლოსის უნივერსიტეტში,

ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში სწავლობს. ირაკლი წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც ჩეხეთის დედაქალაქში ცხოვრობს და, დიდი დატვირთვით სწავლასთან ერთად, პოლიტიკაში მონაწილეობასა და ინტერნეტფორუმებზე აქტიურობასაც ახერხებს. მე ის ლაზურ მუსიკაზე ინტერნეტდისკუსიის დროს გავიცანი. მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა მან სწავლის გაგრძელება მაინცდამაინც პრაღაში და რას აპირებს მომავალში.

ლაზური მუსიკის შესახებ ცოტა ქვევით, ჯერ კი შევეცდები ირაკლი გოგატიშვილი უფრო კარგად გაგაცნოთ. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემთხვევით შეიტყო ჩეხეთის კარლოსის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის შესახებ და ბედის ცდა გადაწყვიტა.

[ირაკლი გოგატიშვილის ხმა ] ”რაოდენობრივი ეკონომიკა ყოველთვის მაინტერესებდა, ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი...
...გამოვგზავნე დოკუმენტები და დიდი იმედიც არ მქონდა...”

მიუხედავად უიმედობისა, ისე მოხდა, რომ ირაკლი პრაღაში მოიწვიეს და მოსამზადებელი სემესტრის ბოლოს გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტშიც ჩარიცხეს. ახლა იგი ინგლისურ ენაზე ეკონომიკურ საგნებს სწავლობს და ამბობს, რომ სწავლა აქ გაცილებით ინტენსიურია, ვიდრე ქართულ უნივერსიტეტებში.

[ირაკლი გოგატიშვილის ხმა] ”რთულია სწავლა...”

ამ საფუძვლიანი ეკონომიკური განათლების მიღების შემდეგ, სავარაუდოა, რომ ირაკლის სამსახურის პოვნა არც ერთ დასავლურ ქვეყანაში არ გაუჭირდება, მათ შორის, არც ჩეხეთში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ოცნებობს კიდეც საზღვარგარეთ დარჩენის ამგვარ შესაძლებლობაზე, საინტერესოა, რას ფიქრობს თავად ირაკლი.

[ირაკლი გოგატიშვილის ხმა] ”ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, არ შემიძლია სამშობლოს გარეშე ცხოვრება, იმიტომ რომ იქ არის ყველა, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარს... ”

სწორედ სამშობლოს სიყვარულია, რამაც ირაკლი, სამიოდე თვის წინ თბილისში გამართული ”რეაქციის” მიმართ სოლიდარობის მიზნით, აქ, პრაღაში, რუსეთის საელჩოს წინ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე მიიყვანა.
ამ დღეებში კი ირაკლი პრაღაში მცხოვრებ რამდენიმე ქართველთან ერთად, ქართული დროშით, უკრაინის საელჩოს წინაც მივიდა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ვაცლავის მოედანზე გამართულ აქციაშიც მიიღო მონაწილეობა.

[ისმის აქციის ხმა]

თუმცა ირაკლის პოლიტიკისადმი ინტერესი საპროტესტო აქციებით არ ამოიწურება. ის, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, სხვადასხვა ინტერნეტფორუმების პოლიტიკურ დისკუსიებშიც აქტიურად მონაწილეობს, მეტსახელით - ”ჭყონი”. ირაკლი სწორედ ინტერნეტფორუმზე გავიცანი, როდესაც იგი ლაზურ მუსიკასა და ლაზ მომღერლებზე მსჯელობდა. როგორც მითხრა, ლაზების ისტორიით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესებულა, როდესაც მამამ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველური ტომების შესახებ უამბო. უფრო მოგვიანებით კი ლაზური ენა აითვისა და ინტერნეტის მეშვეობით ბევრ ლაზსაც შეასწავლა.

[ირაკლი გოგატიშვილის ხმა] ”როგორც კი ინტერნეტი გამიჩნდა, დავიწყე ლაზების ძებნა....”

[კაზიმ კოიუნჩის სიმღერა - ლაზური]

პრაღაში მცხოვრებ ირაკლი გოგატიშვილზე საუბარს ლაზი მომღერლის, კაზიმ კოიუნჯის, სიმღერით დავამთავრებ. ის მეგრულ ”ოუ ნანას” ასრულებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG