Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხი ჟენევაში ქართული და აფხაზური დელეგაციების მონაწილეობის გარეშე განიხილება


ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანთან არსებული მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენელთა ორდღიანი შეხვედრა დაიწყო. ჯგუფი,

რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისადმი ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენლებს აერთიანებს.
ჟენევის შეხვედრაში მონაწილეობენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი და საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც შვეიცარიაში გამგზავრებამდე თბილისსა და სოხუმში კონსულტაციები გამართა.
თავად ქართული და აფხაზური მხარეები ჟენევის შეხვედრას არ ესწრებიან.



აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვეველი სიტუაციის გამო ჩვენ დროს ვკარგავთ, რაც, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს სამშვიდობო პროცესზე, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰაიდი ტალიავინიმ.
იგი ამჟამად ჟენევაში იმყოფება და, მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრი 5 სახელმწიფოს დიპლომატებთან ერთად, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას განიხილავს.
შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა აფხაზურმა დელეგაციამ, რის გამოც ჟენევაში არც ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები მიიწვიეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შვეიცარიაში გამგზავრების წინ საკუთარი უარყოფითი პოზიცია გააცნო:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] ,,ის, რომ აფხაზური მხარე უარს ამბობს შეხვედრაში მონაწილეობაზე, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენც არ გვპატიჟებდნენ. ეს ყოვლად გაუგებარია ჩვენთვის და კარგს არაფერს მოიტანს, იმიტომ რომ, როგორც წესი, მსგავსი ფანდებით რუსები აფხაზებით მანიპულირებენ. ეს კი პროცესის ტორპედირებას ნიშნავს.”(სტილი დაცულია)
სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას ინფორმაციით, ჟენევის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი აფხაზეთში შექმნილი სიტუაციაა.
სწორედ გაურკვეველი ვითარება და პრაქტიკულად აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების არარსებობაა იმის მიზეზი, რომ ჟენევაში გასამგზავრებლად სოხუმში კონკრეტული პიროვნება ვერ შეარჩიეს.
გაეროს გენერალურ მდივანთან არსებული მეგობარი ქვეყნების ჯგუფს გიორგი ხაინდრავა სერიოზულ ინსტიტუტს უწოდებს:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] ,,ჟენევის პროცესი არის პირველი წარმმართველი სამშვიდობო პროცესისა აფხაზეთთან მიმართებაში. რუსეთის მხრიდან მუდმივად არის მცდელობა ამ პროცესის სიმძიმის ცენტრის გადატანისა სოჭში, რათა კონფლიქტის მოგვარების პრიორიტეტული მიმართულება სოჭის შეთანხმებები გახდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჟენევის პროცესი არის ძირითადი.”

ამასთან, სახელმწიფო მინისტრს მიაჩნია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისათვის საკმარისი არ არის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია, თავად ჟენევის პროცესი კი ქმედითი უნდა გახდეს.
გაეროს გენერალურ მდივანთან არსებული მეგობარი ქვეყნების ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემად მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობას მიიჩნევს საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა ყოფილი მინისტრი მალხაზ კაკაბაძე, რომელიც ამჟამად შვეიცარიის ქალაქ ფრიბურგის ფედერალიზმის უნივერსიტეტის ექსპერტია:

[მალხაზ კაკაბაძის ხმა] ,,თავისთავად წარმოვიდგინოთ, 1993 წლიდან მიმდინარეობს პროცესი გაეროს ეგიდით, ჩართულია უშიშროების საბჭოს 4 მუდმივი წევრი, შედეგი კი პრაქტიკულად არ არის. ე.ი. საქმე გვაქვს რაღაც სხვასთან, რომელიც დაკავშირებულია არამხოლოდ საქართველოსთან, არამხოლოდ აფხაზეთთან და არამხოლოდ ამ კონფლიქტთან. ამ პროცესის გაწელვა, ეტყობა, მაინც დამოკიდებულია იმ პროცესებზე, რომელიც საერთოდ მსოფლიოში მიმდინარეობს.”

ამჟამად ჟენევაში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენელთა რიგით მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის მოქმედების შეფასების თხოვნით საქართველოს ხელისუფლებამ მეგობარი ქვეყნების ჯგუფსაც მიმართა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჯგუფის ხუთიდან ერთი წევრი სწორედ რუსეთია, ჟენევის ამჟამინდელი შეხვედრისაგან, სავარაუდოდ, მოსკოვის მოქმედების მკაცრ და კონკრეტულ კვალიფიკაციას არ უნდა ველოდეთ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG