Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობაში არა მარტო საკადრო, სტრუქტურულ ცვლილებებსაც ელიან


ამასწინანდელი მითქმა-მოთქმა საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელი სერიოზული საკადრო თუ სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პრეზიდენტმა ჩააცხრო, როცა თქვა,

რომ მთავრობაში სერიოზული ცვლილებების გატარების საჭიროებას ვერ ხედავს, მით უფრო, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნის დროს. ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ჟვანიას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების თემამ ისევ წინა პლანზე წამოიწია. საქართველოს მთავრობაში საკადრო თუ სტრუქტურულ ცვლილებებს პარლამენტშიც ელიან, თუმცა იქ ჯერ კიდევ არ იციან, რა სახის ცვლილებებთან დაკავშირებით მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს კონსტიტუციაში ძირეული ცვლილებების შეტანამდე ძალოვანი სტრუქტურების შერწყმა-გაერთიანება ქვეყნის ძირითადი კანონით იყო აკრძალული. მაშინ ასეთი ნაბიჯის გადადგმისთვის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა გახდებოდა საჭირო. დღეს ასე აღარ არის:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] “მე ამას წინათ ვეძებდი ამ მუხლს და ვერ ვიპოვე. ამოიღეს ის პუნქტი, რომელიც კრძალავს ამ ძალოვანი სტრუქტურების შერწყმას. “

მუხლი, რომელზეც დეპუტატი ივლიანე ხაინდრავა საუბრობდა, საქართველოს კონსტიტუციიდან უჩუმრად გაქრა. დღეს, როცა საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამინისტროს გაერთიანების გეგმაზე, გეგმის რეალიზაციას, უბრალოდ, პარლამენტის თანხმობა სჭირდება. ეს იქნება თანხმობა მთავრობაში ამა თუ იმ სტრუქტურული ცვლილების გატარებაზე. სწორედ ასეთი მექანიზმით გაუქმდა 6 თვის წინ კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სამინისტრო და შეუერთდა ენერგეტიკის სამინისტროს.

ორი ძალოვანი უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამინისტროს, გაერთიანების მოდელი, რეკომენდაციის სახით, სახელმწიფო კანცელარიაში კარგა ხანია დევს. აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების უმაღლეს პირებს ის ძალოვან სტრუქტურებში მორიგი საკადრო კარუსელის დატრიალების გასამართლებლად უნდა გახსენებოდათ. არსებობს სხვაგვარი აზრიც. ბევრი და, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკა გვარამიაც ფიქრობს, რომ ოპტიმიზაციის პროცესი, მთავრობაში 2 ძალოვანი უწყების გაერთიანების სახით, საჭიროა:

[ნიკა გვარამიას ხმა] “დუბლირებული ფუნქციები აქვთ ამ სტრუქტურებს. არსად არ არსებობს უშიშროების სამინისტრო დემოკრატიულ ქვეყნებში. მე ვფიქრობ, რომ, გარდა დაზვერვის სამსახურისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშიშროების სამსახურის ყველა ფუნქცია უნდა შეითავსოს. “

ვერსიების მიხედვით, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა გაერთიანებული სამინისტროების ხელმძღვანელის პოსტზე ამჟამინდელი უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი უნდა მოგვევლინოს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლოს. მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა გია ბარამიძემ ამ დღეებში აღნიშნა, რომ ასეთი ხმების გავრცელება მთავრობის გარკვეული წევრების დაინტერესებით უნდა მომხდარიყო. ამით მან, გარკვეულწილად, გაამყარა გავრცელებული აზრი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სამთავრობო ბანაკებს შორის დაპირისპირების არსებობის შესახებ. ასეა თუ ისე, მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატი მამუკა კაციტაძე ფიქრობს, რომ მთავრობაში განსახორციელებელი საკადრო თუ სტრუქტურული ცვლილებების გეგმა სწორედ ძალთა დაბალანსების მოთხოვნაზეა მორგებული და არა უფრო მაღალ ინტერესებზე. მამუკა კაციტაძის ინფორმაციით, ოპტიმიზაციის პროცესი მარტო ძალოვან სტრუქტურებს არ შეეხება:

[მამუკა კაციტაძის ხმა] “საუბარია იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის გაერთიანებაზე, ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შერწყმაზე. ანუ მთავრობაში მიდის სერიოზული დაპირისპირება ორ ბანაკს შორის, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ბანაკებს შორის. “

ეს ორი ბანაკი მთავრობაში ცვლილებებს, ალბათ, მართლაც შემოგვთავაზებს. მით უფრო, რომ ექსპერტთა შეფასებით ისეთ ექსპერიმენტულ მინისტრთა კაბინეტში, როგორიც საქართველოს ჰყავს, კაბინეტში, სადაც კაბინეტური მუშაობის გამოცდილება არა აქვთ, ხშირი ცვლილებები მოსალოდნელია.
XS
SM
MD
LG