Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა სამინისტრო 2004 წლის ბიუჯეტს კიდევ ერთხელ შეცვლის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფინანსთა სამინისტრო 2004 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს მიმდინარე წლის დასრულებამდე კიდევ ერთხელ შეცვლის. ბიუჯეტის შესახებ კანონის კორექტირება

გაზრდილი შემოსავლების გამო გახდა აუცილებელი. ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 101 მლნ 300 ათასი ლარით გაიზრდება. რის ხარჯზე გაიზრდება საშემოსავლო ნაწილი და რას მოხმარდება ნამატი თანხები?

ფინანსთა სამინისტრო ცოტა ხანში საქართველოს პარლამენტს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტს წარუდგენს. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, 2004 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 101 მლნ. 300 ათასი ლარით არის გაზრდილი, საიდანაც 85 მლნ ლარი შემოსავლების ზრდისა და 16,3 მლნ ლარი გრანტების ზრდის ხარჯზე მოდის.
ოფიციალური მონაცემებით, ფისკალურმა უწყებებმა ნოემბრის გეგმასაც გადააჭარბეს, ხოლო 2004 წლის იანვარ-ნოემბერში დაგეგმილ პარამეტრებზე 106,21 მლნ ლარით მეტი თანხის მობილიზება მოახერხეს.
თერთმეტი თვის საპროგნოზო მაჩვენებლები მილიარდ 371 მილიონ 83 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ მილიარდ 478 მილიონი ლარი შეადგინა.
შესაბამისად, იანვარ-ნოემბრის შემოსავლების გეგმა საგადასახადო სამსახურმა 106%-ით, ხოლო საბაჟო უწყებამ 101,7%-ით შეასრულა. საგადასახადო ინსპექციებმა 11 თვის შემოსავლების გეგმას 65,3 მლნ ლარით გადააჭარბეს. ერთადერთი საგადასახადო ინსპექცია, რომელიც წელს გეგმის შესრულებას ვერ ახერხებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამსახურია. ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ გეგმა მხოლოდ 98 პროცენტით შეასრულა.
იანვარ-ნოემბრის საგეგმო პარამეტრი გადაჭარბებით შეასრულა ყველა საბაჟო ორგანომ, საერთო მაჩვენებელმა 551,8 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო პარამეტრის 101,7%, შეადგინა.
რაც შეეხება 12 თვის საპროგნოზო მაჩვენებლებს, გეგმა მილიარდ 695 მილიონ 63 ათასი ლარით განისაზღვრა. საინტერესოა, რომ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეისათვის გეგმა 94 პროცენტით უკვე შესრულდა და მილიარდ 596 მილიონ 79 ათას ლარს შეადგენს. სავარაუდოდ, ფისკალური ორგანოები დარჩენილ დროში გეგმას გადაჭარბებით შეასრულებენ.

”ფისკალური წარმატების” წყალობით, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა, რის დაკანონებასაც პარლამენტის მიერ კანონში შესაბამისი ცვლილება სჭირდება. მანამდე მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება ზაფხულშიც განხორციელდა, როდესაც ბიუჯეტის ხარჯვითი და შემოსავლითი ნაწილი 270 მლნ ლარით გაიზარდა.


ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, გაზრდილი შემოსავლები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს დაფინანსებასა და დავალიანებების გასტუმრებას მოხმარდება. გარდა ამისა, 11,5 მლნ ლარი ენერგეტიკის სექტორის დაფინანსებაზე წარიმართება.

ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარედგინება.
XS
SM
MD
LG