Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩა ზარდალიშვილი პრაღაში საკონსულტაციო-საშუამავლო საქმიანობას ეწევა


ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს ”ქართველები პრაღაში” და ამჯერად ბაჩა ზარდალიშვილს გაგაცნობთ. იგი პრაღაში 1993 წელს 1 თვით ჩამოვიდა და ისე მოხდა, რომ დღემდე აქ ცხოვრობს.

ახლა ბაჩა ზარდალიშვილი საკონსულტაციო კომპანიას ხელმძღვანელობს და ჯერჯერობით არ აპირებს სამშობლოში ანალოგიური ბიზნესის გამართვას. რატომ არ აპირებს და, საერთოდ, როგორ შეძლო მან ჩეხეთის დედაქალაქში საკუთარი საქმის წამოწყება? დღეს სწორედ ამის შესახებ მინდა მოგითხროთ.

როგორც ქართველების უმრავლესობა, ბაჩა ზარდალიშვილიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა პრაღაში და უცხო გარემოში დასამკვიდრებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

[ბაჩა ზარდალიშვილის ხმა ] "ჩამოვედი ერთი თვით და დავრჩი - 11 წელია უკვე. თავიდან, ერთი პერიოდი, ძალიან გამიჭირდა. შემდეგ ბედმა გამიღიმა... ...იმ გერმანული ფირმისთვის ვმუშაობდი 7 წელი." (სტილი დაცულია)

ბატონი ბაჩა ისე თავისუფლად ლაპარაკობს ფულიანი და უძრავი ქონების მფლობელი ხალხის ერთმანეთთან დაკავშირებაზე, რომ ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: ნუთუ ეს ყველაფერი ასე იოლია? - ამ კითხვაზე პასუხი განსაკუთრებით აქტუალურია ქართული საზოგადოებისთვის, სადაც არათუ სიტყვიერი ნდობა, ხშირად ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებაც ფარატინა ქაღალდად იქცევა.

[ბაჩა ზარდალიშვილის ხმა ] "თავიდან ყველას ენდობოდნენ - 93 წელი იყო და... ..ახლა უკვე იმდენად გავითქვიფე აქ, რომ უკვე მენდობიან. მეორე მხრივ, ჩეხი პარტნიორები მყავს და, ასე რომ, პრობლემა არ არის." (სტილი დაცულია)

სანამ მეტწილად ნდობაზე დამყარებულ საქმეს, საკონსულტაციო- საშუამავლო მომსახურებას, მოჰკიდებდა ხელს, მანამდე ბაჩა ზარდალიშვილი, როგორც ზევით თქვა, გერმანული ფირმის წარმომადგენლობაში მუშაობდა. შემდეგ ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსლის შექმნაც სცადა, თუმცა 3 წლიანი მუშაობის შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს, დაინახა, რომ ამ სფეროში არაფერი გამოვიდოდა. შემდეგ ისევ გერმანული კომპანიის, ”ლოტოს”, ფილიალის შექმნა გადაწყვიტა, თუმცა ისე აღმოჩნდა, რომ ფილიალი სათავო ოფისად გადაიქცა და ახლა დამოუკიდებელ კომპანიას წარმოადგენს, სახელწოდებით ”ლოტო პლუს”. ამ სააქციო საზოგადოებას ფილიალები აქვს ჩეხეთის რამდენიმე ქალაქში და ერთ წელზე მეტია, რაც საკონსულტაციო-საშუამავლო საქმიანობას ეწევა.

[ბაჩა ზარდალიშვილის ხმა ] ”აქ კანონი მუშაობს - რაც უნდა გაკეთდეს, გააკეთებ... ... თუ ბიზნესი კარგად გაქვს დაგეგმილი, მოგება შეიძლება მცირე გქონდეს, მაგრამ შეგიძლია წყნარად გეძინოს. აქ არ არის იმის საშიშროება, რომ ვიღაც გამოუშვებს კანონს, რომელიც ბიზნესს დაგინგრევს.”

მე ბაჩა ზარდალიშვილისგან იმის გაგებას შევეცადე, აპირებს თუ არა იგი საქართველოში საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, ანუ ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლის მანძილზე მომხდარი ცვლილებები იძლევა თუ არა, ჩეხეთში არსებული ვითარების მსგავსად, საქმის სუფთად წარმოების საშუალებას.

[ბაჩა ზარდალიშვილის ხმა] ”მე რისი გაკეთებაც მინდა, იმას ფული სჭირდება და თუ ფული ვიშოვე, გავაკეთებ, მაგრამ თვითონ ბიზნესი, რასაც ბიზნესი ჰქვია, მე მაგის გაკეთება გამიჭირდება ახლა საქართველოში.” (სტილი დაცულია)

[ჩეხური მუსიკა]
XS
SM
MD
LG