Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი რესტიტუციის კანონპროექტის განხილვას იწყებენ


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ახალი ხელისუფლება წინამორბედის შეცდომების გამოსწორებას აპირებს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია რესტიტუციის, ანუ დაკარგულ ქონებაზე უფლების აღდგენის შესახებ კანონპროექტის მიღება.

პირველ რიგში, კანონპროექტი გავრცელდება 90-იანი წლების დასაწყისში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ოსი ეროვნების მოქალაქეებზე. ამ საკითხზე მსჯელობის ინიციატორად გამოდის სახალხო დამცველის აპარატი, რომელმაც დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა მოიწვია. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან კომპენსაციებისათვის აუცილებელი თანხები გაიღონ.

დაახლოებით 15 წლის წინ, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ოსები იძულებულნი იყვნენ საცხოვრებლები მიეტოვებინათ და სხვაგან - უმეტესწილად, რუსეთში - გადასახლებულიყვნენ. მიტოვებული სახლ-კარი კი, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი საბჭოთა კანონების მიხედვით, 6 თვის შემდეგ ჩამოერთვათ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, სასამართლომ ამ ქონებაზე უფლება საქართველოს მოქალაქე ოსებს აღარ აღუდგინა. ახლა კი ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები მსჯელობას იწყებენ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც დაზარალებულ ადამიანებს დაკარგულ ქონებას დაუბრუნებს.

[სოზარ სუბელიანის ხმა] “სრულმასშტაბიანი მოწესრიგება ამ კონფლიქტებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება სამართლიანობის აღდგენის გარეშე. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია მომზადდეს კანონი, რომელიც ამ სამართლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს.”

საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ დღეისათვის ამ კანონპროექტის მისაღებად ყველაზე ხელსაყრელი დროა, რადგან ხელისუფლებას -და, პირველ რიგში, პრეზიდენტს - აქვს შესაბამისი პოლიტიკური ნება. ამ აზრს იზიარებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც, რომელიც ამ ინიციატივის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “უპირატესი მიზანი მაინც პოლიტიკურია, რომ ამით საქართველო, ახალი ქართული პოლიტიკა ახალ ნაბიჯებს დგამს, რათა მოხდეს აღიარება იმ შეცდომებისა, რაც დაუშვა ძველმა ხელისუფლებამ და შემოაბრუნოს ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები საქართველოსაკენ. რომ ზრუნავს არა მარტო ლაპარაკით, არა მარტო ლოზუნგებით, არამედ ზრუნავს რეალურად. რაც დაკარგა იმ ხალხმა, ამის დაბრუნებაზე უნდა იყოს მსჯელობა. ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. უნდა ვთქვათ, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, გვჭირდება თუ არა ჩვენ ასეთი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა. შესაბამისად, შევცვალოთ რაღაც კანონში და მივმართოთ სასამართლოებს, რომ ხელახლა განიხილონ ეს საკითხები.” (სტილი დაცულია)

სასტუმრო “მარიოტში” გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლებას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენდა. გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტის დეტალური განხილვის პარალელურად ხელისუფლება კომპენსაციების თანხის განსაზღვრაზეც იმუშავებს:

[გიორგი პაპუაშვილის ხმა] “ხელისუფლება განიხილავს რესტიტუციის შესახებ კანონპროექტს, რომლის პირველი ვარიანტი უკვე მომზადდა და იუსტიციის სამინისტროში დევს. ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ამ კანონპროექტის განხორციელებაშიც მიიღოს მონაწილეობა და ყველა ის პიროვნება, რომელიც ამ კონფლიქტში დაზარალდა, მიუხედავად ეროვნებისა, უფლებამოსილი იყოს მიიღოს კომპენსაცია.”

თუ ხელისუფლების წარმომადგენელთა განწყობით ვიმსჯელებთ, რესტიტუციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში წარედგინება. თავად კანონი კი მხოლოდ ოს მოქალაქეებს არ შეეხებათ. მომდევნო ეტაპზე, აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების შემთხვევაში, იგი ქართველების დაკარგულ ქონებაზეც გავრცელდება.
XS
SM
MD
LG