Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს ტელედებატებით დაუპირისპირდნენ


რამდენიმე დღეც და უკრაინაში ისევ ჩატარდება არჩევნები - 26 დეკემბერს განმეორებით იმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კანდიდატების, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იუშჩენკოსა და ოპოზიციონერ ვიქტორ იანუკოვიჩის მონაწილეობით.

კენჭისყრისადმი ინტერესი დიდია: არა მარტო იმიტომ, რომ საქმე პროდასავლური და პრორუსული ორიენტაციის მეტოქეებს ეხება. მდგომარეობას დაძაბულობას მატებს არჩევნების წინა ტურის შედეგების გაყალბების ბრალდება და ბრალდების თანხმლები ხალხამრავალი საპროტესტო გამოსვლები. ორშაბათს, ყურადღების ცენტრში ერთი ტელეგადაცემა მოექცა: იანუკოვიჩისა და იუშჩენკოს დებატები.

დებატები საათნახევარზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა და, როგორც ეს მეტოქეების სიტყვიერი შერკინების დროს ხდება ხოლმე, პრეზიდენტობის უკრაინელმა კანდიდატებმა ერთმანეთს სხვადასხვა ბრალდება წაუყენეს. იუშჩენკომ იანუკოვიჩი დაადანაშაულა მცდელობაში, მიეთვისებინა გამარჯვება წინა კენჭისყრის დროს. [იუშჩენკოს ხმა] “დღეს აქ ერთი მიზეზით შევიკრიბეთ: 21 ნოემბრის არჩევნების შედეგი გაყალბებული იყო. 3 მილიონზე მეტი ხმა მოიპარა ჩემმა ოპონენტმა, მისმა გუნდმა”.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს გაიმართა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც, ოფიციალური ინფორმაციით, იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. მაგრამ ოპოზიცია კენჭისყრის გაყალბებაზე ალაპარაკდა, საპროტესტო გამოსვლები გამართა დაბოლოს, მეორე ტურის განმეორებით დანიშვნას მიაღწია.

ისევ ორშაბათის დებატებს დავუბრუნდეთ და ისევ იანუკოვიჩის მისამართით იუშჩენკოს მიერ გამოთქმულ ბრალდებას, ხმები მოიპარეო: [იუშჩენკოს ხმა] “თქვენ ხომ მორწმუნე ხართ? “არა იპარო”. “არა იპარო” საგნები, “არა იპარო” ქარხნები, “არა იპარო” ხმები”. ბიბლიური მცნების ამ პერიფრაზით იუშჩენკო გამოვიდა, მანვე რუსეთი დაადანაშაულა უკრაინის საქმეებში ჩარევაში.

რაც შეეხება იანუკოვიჩს, მას,როგორც გაირკვა, არ მოეწონა უკრაინის საქმეებში დასავლეთის ქვეყნების ჩარევა და მათ მიერ იუშჩენკოს მხარდაჭერა. იქვე იანუკოვიჩმა ივარაუდა, რომ იუშჩენკოს გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას განხეთქილება ემუქრება: [იანუკოვიჩის ხმა] “ვიქტორ ანდრეევიჩ, თქვენ ხომ გგონიათ, რომ გაიმარჯვებთ და უკრაინის პრეზიდენტი გახდებით? მაგრამ ცდებით! თქვენ გახდებით უკრაინის ნაწილის პრეზიდენტი. მე კი ეს არ მინდა. მინდა, ორივემ გავაერთიანოთ უკრაინა”.

ერთსულოვნებისაკენ ამ მოწოდებას იანუკოვიჩმა დასძინა, რომ იბრძვის არა ძალაუფლებისათვის, არამედ სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. მანვე ბოდიში მოიხადა საარჩევნო კამპანიაში მომხდარი დარღვევებისათვის: [იანუკოვიჩის ხმა] “მინდა, ბოდიში მოგიხადოთ ყველას, საარჩევნო კამპანიის დროს დაშვებული დარღვევებისათვის...”

მსმენელმა, შესაძლოა, შეამჩნია, იანუკოვიჩის ხმის ამ და წინა ჩანაწერით, რომ ის რუსულად ლაპარაკობდა. ასე იყო რამდენჯერმე სატელევიზიო დებატების დროს: რაც, რასაკვირველია, შემთხვევითი არ მომხდარა. იანუკოვიჩის ამომრჩეველსა და აუდიტორიას, უწინარეს ყოვლისა აღმოსავლეთუკრაინელები შეადგენენ, მათგან ბევრის პირველი, ბევრ შემთხვევაში კი ერთადერთი ენა - რუსულია.

სატელევიზიო დუელი, რომელიც მათ და უკრაინის დანარჩენი რეგიონების მოსახლეობამ ორშაბათს იხილეს, ცხარე დისკუსია იყო, თუმცა საქმე აგრესიულ განცხადებებამდე არ მისულა. მიუხედავად იმისა, რომ იუშჩენკოსა და იანუკოვიჩის შეხვედრა პირველად გაიმართა მას შემდეგ, რაც ავსტრიელმა ექიმებმა დაადასტურეს: წინასაარჩევნო კამპანიის დროს იუშჩენკო დიოქსინით იქნა მოწამლული.

მაგრამ ტელედებატების დროს მოწამვლა არავის უხსენებია და იუშჩენკო-იანუკოვიჩის სიტყვიერი დუელი ხელის ჩამორთმევით დამთავრდა.

ვინ გაიმარჯვა, ვინ მოაწონა თავი ტელემაყურებლებს, რომელთა რიცხვი 20 მილიონს აღწევდა - მალე გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG