Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასადღესასწაულო ფასდაკლება თბილისში


მაშინ, როცა საკოლმეურნეო ბაზრები თბილისელებს კვლავაც ცეცხლმოკიდებული ფასებით აოგნებს, სამრეწველო საქონლის მაღაზიების ვიტრინები მყიდველებს ხშირად

70-პროცენტიან ფასდაკლებასაც კი ჰპირდება. თუმცა საკითხავია, რამდენად სრულდება თბილისში ამგვარი დაპირება და, საერთოდ, რა პრინციპები მართავს დედაქალაქის მაღაზიათა ქსელში წინასაახალწლო ვაჭრობას.

წინასადღესასწაულო თბილისში მყიდველებზე, შეიძლება ითქვას, ნამდვილი ნადირობაა გაჩაღებული. თითოეული სავაჭრო ობიექტი კლიენტების მოზიდვას თავისებური ხერხებით ცდილობს. ბევრი მათგანი მყიდველებს სპეციალურ საჩუქრებსა და გრანდიოზულ ლატარიაში მოგების უნიკალურ შანსსაც კი სთავაზობს. თუმცა ყველაზე გავრცელებულ მეთოდს კვლავაც თავბრუდამხვევი ფასდაკლება წარმოადგენს.

როგორც ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ეკონომისტი თენგო შერგელაშვილი ამბობს, ფასდაკლება ეკონომიკურად ისედაც
აქტიურ სეზონს კიდევ უფრო ააქტიურებს:

(თენგო შერგელაშვილის ხმა) ”ნებისმიერი წელი ხასიათდება ციკლით. მაგალითად, ყველაზე დაბალი აქტივობით ხასიათდება იანვარ-თებერვალი, მერე ხდება თანდათანობითი ზრდა ეკონომიკური აქტიურობისა და, ფაქტობრივად, პიკს აღწევს საშობაოდ. შესაბამისად, როცა ეკონომიკური აქტიურობაა, მაშინ დაკლებული ფასით უფრო მეტ ეფექტს მიიღებ, ვიდრე როდესაც ეკონომიკურად შედარებით სუსტი მდგომარეობაა. არსებობს ბევრი პროდუქცია, რომელსაც იანვარში და თებერვალში როგორც არ უნდა დააკლო ფასი, შეიძლება ის ადამიანმა არ იყიდოს.” (სტილი დაცულია)

ვიტრინებზე გამოკრული აბრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაგალითად, ტანსაცმლის მაღაზიებში დაპირებული ფასდაკლება ხშირად 70 და 80 პროცენტსაც უნდა აღწევდეს. თუმცა ამგვარი მასშტაბის დაპირებას, თბილისელების დიდი ნაწილის მსგავსად, ლიკა და მამუკაც სკეპტიკურად უყურებენ:

(ლიკას და მამუკას ხმები) ”ძალიან ხშირად ეს ფასდაკლებები მხოლოდ ”პრიმანკაა”, ანუ სატყუარა, რომ შეხვიდე. სინამდვილეში კი, გხვდება მაქსიმალური ფასი, ვიდრე გეგონა. ანუ როდესაც აწერია, რომ 70-პროცენტიანი ფასდაკლებაა და გგონია, რომ 50 ლარად მაინც რაღაცას იყიდი, შედიხარ და ხვდები, რომ ვერაფერსაც ვერ იყიდი. / არა, არა, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში... რეალური ფასდაკლება აქ რეალურად ნორმალურ საქონელზე არ არის”.. (სტილი დაცულია)

ჩემი რესპონდენტების დაკვირვებით, ყველაზე მაქსიმალური ფასდაკლება ნორმალურ საქონელზე თბილისში 20 პროცენტს თითქმის არასოდეს სცილდება ხოლმე, მაგრამ ბევრისთვის ესეც საკმაოდ მისაღებია.

და მაინც, რა ტიპის პროდუქციას ეტანებიან თბილისელები წინასადღესასწაულო დღეებში? ყოველ შემთხვევაში, თენგო შერგილაშვილის თქმით, მყიდველები დროის ამ მონაკვეთში ტელევიზორებსა და მის მონათესავე საქონელს ნაკლებად სწყალობენ. რა ტიპის პროდუქციაზე იზრდება მოთხოვნა?

(თენგო შერგელაშვილის ხმა) ”ძირითადად, შედარებით მოკლევადიანი მოხმარების სამომხმარებლო საქონელზე, როგორიც არის: საკვები პროდუქტები, აქსესუარები და ასე შემდეგ. გრძელვადიანი მოხმარების საგნებზე, ვთქვათ, როგორიც არის ტელევიზორები, საოჯახო ტექნიკა და ასე შემდეგ, შედარებით ნაკლებია. ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ასეთი სამომხმარებლო გადაწყვეტილებები არის პრიორიტეტული. პრინციპში, სპეციალურად ზოგავენ ფულს, ძირითადად, ღარიბ ქვეყნებში, რომ ამ ახალ წელს მოახმარონ. ამ ახალ წელს თუ ადგა და ტელევიზორი იყიდა, ცოტა ის არის...”. (სტილი დაცულია)

თუმცა, ალბათ, არც წინასაახალწლო სურვილებზე ღირს დავა:

(მამუკას ხმა) ”ახლა, მაგალითად, რამდენიმე ჩემმა მეგობარმა იყიდა ტელევიზორი ”იმენნა” საახალწლოდ. და თავის დროზე მეც საახალწლოდ ვიჩქარე ტელევიზორის ყიდვა, კაი ტელევიზორის, რა, უკეთესის. რომ ”იმენნა” ახალ წელს, ვიცი, რომ ტელევიზორთან უნდა ჩავჯდე და ბარემ ... აი, ასე.” (სტილი დაცულია)

საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოთხოვნილების დაცემას არც მაღაზია “ფილიპსში” ადასტურებენ, სადაც ამჟამად 7-პროცენტიანი ფასდაკლებაა გამოცხადებული:

(“ფილიპსის” წარმომადგენელი) ”არა, რატომ უნდა დაეცეს?! პირიქით, საახალწლოდ იზრდება მოთხოვნილება. მით უმეტეს, როდესაც ფასდაკლებაა, ალბათ, მომხმარებლისთვის უფრო მიზანშეწონილია საახალწლოდ შეიძინოს - საჩუქრებად და სახლისთვის.” (სტილი დაცულია)

ისე კი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, საშობაო და საახალწლო საჩუქრების ნუსხაში, ალბათ, მაინც პარფიუმერული და კოსმეტიკური ნაწარმი ლიდერობს. ამ პროფილის მაღაზიებთან ხშირად ცოცხალ რიგებსაც ვხვდებით ხოლმე, განსაკუთრებით კი - 31 დეკემბერს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG