Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ 23 მილიონით გაიზარდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საპარლამენტო განხილვების შედეგად, მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ გაიზარდა. მთავრობის მიერ წარდგენილ ვარიანტს 23 მილიონი.

ლარი დაემატა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 2 მილიარდ 260 მილიონი ლარი შეადგინა. რას მოხმარდება დამატებითი თანხები?

2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ერთი კვირის განმავლობაში დამატებით 23 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული მატება საკანონმდებლო ხელისუფლებაში გამოთქმულმა შენიშვნებმა განაპირობა. შესაბამისად, ბიუჯეტის დაბალანსების მიზნით, საჭირო გახდა შემოსავლების პარამეტრის გაზრდა. საგადასახადო შემოსავლების პარამეტრი 13 მლნ. ლარით გაიზარდა, არასაგადასახადო შემოსავლების პარამეტრმა 11 მლნ. ლარით მოიმატა. იმავდროულად, 690 ათასი ლარით შემცირდა გრანტის პარამეტრი. ასევე ცნობილი გახდა, თუ ძირითადად რა სფეროებზე გადანაწილდება 23 მილიონი ლარი. პარლამენტი, დამატებით, 1,7 მლნ. ლარს მიიღებს. 4,5 მლნ. ლარით გაიზრდება აჭარაში ტრანსფერის მოცულობა, თუმცა აჭარაში აკრეფილ დამატებული ღირებულების გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად მიიღებს. დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებების დროს დამწვარი სახლების რეაბილიტაციისთვის - სენაკის, სამტრედიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და სხვა რაიონების მოსახლეობისთვის - დამატებით, 1,5 მლნ. ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. 8,1 მლნ. ლარს მიიღებს აეროპორტი და აერონავიგაცია, რადგან ამ ორგანიზაციების მიმართ ბიუჯეტს დავალიანება აქვს. გამოიყოფა დამატებითი თანხები ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტისა და სახალხო დამცველისთვის.

მთავრობამ ასევე გაითვალისწინა ის შენიშვნა, რაც კონტროლის პალატის თანამშრომელთა დაბალ შრომით ანაზღაურებას ეხებოდა. კონტროლის პალატას მომავალ წელს, დამატებით, მილიონი ლარი გამოეყოფა. თუმცა ამით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არსებული სახელფასო ფონდის დიფერენციაციის პრობლემა არ გადაწყვეტილა და ე.წ. სახელფასო ქაოსის საკითხს მთავრობა და პარლამენტი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე ისევ დაუბრუნდება. სახელმწიფო ბიუჯეტში ასევე არ იქნა გათვალისწინებული მთავრობის სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებები. ეს იმის გამო მოხდა, რომ ბიუჯეტი პარლამენტს ამ ცვლილებამდე წარედგინა. შესაბამისად, მომავალი წლის დასაწყისიდან ახალ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანა გარდაუვალი გახდება. ცვლილებები დასჭირდება იმ თანხების გაწერასაც, რომელიც მომავალ წელს პრივატიზებიდან არის დაგეგმილი.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრი რეკორდულია საქართველოსათვის და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე წარმატებულს უწოდებს, ოპოზიცია და, კერძოდ, ”მემარჯვენეები” მის მხარდაჭერას მაინც არ აპირებენ. ოპოზიცია ბიუჯეტის ფორსირებული ტემპით განხილვის წინააღმდეგია. ოპონენტებს არც რეგიონალური ტრანსფერების საკითხში არსებული სხვადასხვაობა მოსწონთ და მათთვის გაუგებარია, რატომ იზრდება აჭარის დაფინანსება და იმავე პროპორციით რატომ არ ფინანსდება სხვა რეგიონები. ”მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე ფიქრობს, რომ გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტის მატება მაინც არ ნიშნავს კარგ ბიუჯეტს და მას პრეტენზიები თავად ბიუჯეტის სტრუქტურასთან აქვს:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”საზოგადოებას არ უხსნიან, არ ეუბნებიან, ასეთი დახმარებების და შეღავათების ფორმიდან რა ტიპის დაფინანსებაზე გადადიან. აქ, გარდა იმისა, რომ თვითმმართველობები საერთოდ დაკნინებულია, რეალურად ხდება ცენტრალიზაცია მთელი ხელისუფლების და ვერტიკალის. ამ ბიუჯეტის მხარდაჭერა არ შეიძლება არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ოპოზიციაში ვართ, არამედ თავისთავად უვარგისია. ბიუჯეტში თანხების ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგი ბიუჯეტია, სწორად აგებული ბიუჯეტია და სწორად გადანაწილებული.”

ოპოზიციის ერთი ნაწილის ბოიკოტის მიუხედავად, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, ძნელი სავარაუდოა, რაიმე პრობლემა შეექმნას და მას პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე ახალ წლამდე დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG