Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო საჩუქრად მთავრობა ხალხს კვლავაც დენს ჰპირდება


ხალხისადმი მისაძღვნელი საახალწლო საჩუქრის სახეობა მთავრობას არც წელს გამოუცვლია და ის ამჯერადაც დენი იქნება. ენერგეტიკის მინისტრის დაპირების მიხედვით,

2005 წელს საქართველო განათებული დახვდება, მაგრამ ამგვარი 24-საათიანი ბედნიერება დიდხანს ვერ გასტანს.

24-საათიანი ელექტრომომარაგების საახალწლო ბედნიერებას ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური სპეციალური გრაფიკით გვპირდება:

(ნიკა გილაურის ხმა) ”გადავა საახალწლო რეჟიმზე, რაც ნიშნავს იმას, რომ 24-საათიანი მომარაგება იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს გაგრძელდება დახლოებით იანვრის 4-მდე - 5-მდე, შემდეგ, რა თქმა უნდა, 6-ში და 7-ში იქნება და 12-13-ში - ძველი ახალი წლის პერიოდში.” (სტილი დაცულია)

გილაურის მიერ შემოთავაზებული გრაფიკის უპრობლემოდ ამოქმედების ერთგვარი მოკრძალებული იმედი 29 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამაც გამოთქვა:

(ზურაბ ჟვანიას ხმა) ”იმედი არის, რომ დღევანდელი დღიდან, როდესაც უკვე საახალწლო, პრაქტიკულად - შეუზღუდავი, ენერგომომარაგება ექნება ყველა რეგიონს, შეკითხვები იქნება ნაკლები.” (სტილი დაცულია)

ოპონენტები შიშობენ, რომ მთავრობის საახალწლო გულუხვობა ცუდი შედეგებით დასრულდება და 13 იანვრის შემდეგ საქართველო მთლად უდენოდ დარჩება. ამგვარ პროგნოზს ენერგეტიკის მინისტრი კატეგორიულად უარყოფს:

(ნიკა გილაურის ხმა) ”ეს ყველაფერი, ხალხნო, ასე უბრალოდ ხომ არ ხდება. ეს ყველაფერი არის გათვლილი, დათვლილი აბსოლუტურად და ეს გაგრძელდება მომავალში ისეთი გრაფიკით, დაახლოებით როგორც ბოლო დღეებშია. ამიტომ, თუ ვინმე აკეთებს რაიმე ეგეთ განცხადებას, თვითონვე აგოს ამაზე პასუხი.” (სტილი დაცულია)

როგორც მინისტრი ამბობს, ძველით ახალი წლის შემდეგ დროებით განებივრებული საქართველო ძველებურ ენერგეტიკულ ცხოვრებას დაუბრუნდება. მოდით, ახლა 29 დეკემბრის მონაცემებით ვნახოთ, როგორია გრაფიკამდელი ცხოვრება საქართველოში. მაგალითად, ოზურგეთში, ანუ გურიაში, რომლის საშვილიშვილო განათებითაც ხელისუფლება ასე იწონებდა თავს, მთლად სახარბიელოდ არ ყოფილა საქმე:

(ოზურგეთელი მამაკაცის ხმა) ”ნუ, გრაფიკია - საღამოს რვიდან თორმეტამდე... ძაბვაა ძალიან ცუდი, ყვითელი ”ლამპოჩკა” ხომ წარმოგიდგენიათ?! არა, მაგი გამორიცხულია, მაცივარი და რაღაც ... ტელევიზორს ჩართავ მხოლოდ გამაძლიერებლით, დენის გამაძლიერებელია.” (სტილი დაცულია)

სამაგიეროდ, თელაველები შედარებით უკეთეს სურათს ხატავენ:

(თელაველი ქალბატონის ხმა) ”არანაირი გრაფიკი არ არის, პრაქტიკულად არის დენი. შარშან ზამთართან შედარებით უკეთესად არის. თუ ის არ მოხდა ხოლმე, რაღაც კატასტროფა - ხან ის იმერეთი რომ გაწყდა და ხან - ისა, მაგ დროს თბილისს აწვდიან ხოლმე და ჩვენ არა გვაქვს.” (სტილი დაცულია)

თუმცა საქართველოს დიდი ქალაქების ამ შედარებით კმაყოფილებას აბსოლუტურად ვერ იზიარებენ სოფლად მცხოვრები ადამიანები, რომელთაც პერმანენტული უდენობის გამო ხშირად, უბრალოდ, არ სჯერათ, რომ 21-ე საუკუნეში ცხოვრობენ. თუმცა ამჯერად მთავრობის დაპირებული საახალწლო დენი, წესითა და კანონით, მათაც აუცილებლად უნდა ერგოთ. თუკი, რა თქმა უნდა, საქართველოს ავარიულმა ენერგოსისტემამ ისევ ჩვეული სიურპრიზები არ მოგვიძღვნა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG