Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედაქალაქის მერია გრანდიოზულ საახალწლო ღონისძიებას ამზადებს


საქართველოში წინასაახალწლო სამზადისი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ამ მხრივ გამონაკლისს არც თბილისის მერია და დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახური წარმოადგენს,

რომელთა მესვეურებიც გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებისათვის ემზადებიან. პროგრამის მიხედვით, 31 დეკემბრის ღამეს თავისუფლების მოედანზე მისული ადამიანები მზერას ფოლკლორული თეატრით, ლაზერული სანახაობითა და ყინულზე დადგმული ბალეტით დაიტკბობენ.

მთავარი საახალწლო ღონისძიების მოწყობაში თბილისის მერიას პარტნიორობას უწევს კომპანია “ისთერნ პრომოუშენი”, რომლის წარმომადგენელი ლანა ბენდუქიძე ჩემთან საუბარში აცხადებს: საახალწლო წარმოდგენა იმდენად თვალწარმტაცი იქნება, რომ ბევრი თბილისელი თავს ვერ შეიკავებს და ახალ წელს თავისუფლების მოედანზე შეხვდებაო.

[ლანა ბენდუქიძის ხმა] “23.00 საათზე იწყება საახალწლო ღინისძიება და გასტანს ღამის 3 საათამდე. შედგება რამდენიმე ნაწილისაგან. პირველი არის ფოლკლორული თეატრის, “ნაბადის”, წარმოდგენა, რომელიც დაახლოებით 45 წუთი გაგრძელდება. შემდეგ 12 საათამდე მილოცვა იქნება - პრეზიდენტის, პატრიარქის… შემდეგ ფეიერვერკი და ყინულის შოუ…”

ყინულის ერთსაათიან შოუს ბრიტანული დასის, “აის კოქტეილ რევიუს”, გერმანელი, ინგლისელი და რუსი მოციგურავეები წარმოადგენენ. მათი დიდი ნაწილი ცნობილი სპორტსმენი და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია. ლანა ბენდუქიძის თქმით, ყინულზე დადგმულ სანახაობას მოჰყვება ეგრეთ წოდებული “ლაზერ შოუ”, რომელსაც გერმანელი სპეციალისტები წარმოადგენენ:

[ლანა ბენდუქიძის ხმა] “სხივებს, რომელიც “დაარტყამს” ქუჩებს, დაახლოებით 25-30 კილომეტრიდანაც დაინახავენ ცაზე. სხივებით გაკეთდება წარწერა: “გილოცავთ ახალ წელს”; გამოისახება მერიის ლოგო, საათი, რომელიც 2004 წლის ბოლო წუთს აითვლის და ასე შემდეგ.”

მთავარი საახალწლო ღონისძიების ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური, რომლის ხელმძღვანელის, ტარიელ ხიზანეიშვილის, თქმით, თავისუფლების მოედანზე საახალწლო წარმოდგენის შესაბამისი, ორგმინისგან დამზადებული, ნაძვის ხე დაიდგმება:

[ტარიელ ხიზანეიშვილის ხმა] “ვეცადეთ, რომ შესაბამისი ყოფილიყო ნაძვის ხე იმ შოუსთან, რომელიც იმართება მერიის წინ. ეს არის ორგმინის ნაძვის ხე, სიმაღლით 23 მეტრი. წონა მისი არის დაახლოებით 15 ტონა. ეს არის ასევე დასაშლელი კონსტრუქცია და მრავალჯერადი გამოყენების. მთელი კონსტრუქცია საქართველოშია აწყობილი და იდეაც ერთ-ერთ ქართულ კომპანიას ეკუთვნის.”

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თავს იმ სცენის მასშტაბებითაც იწონებს, რომელიც უშუალოდ მერიის შენობის წინ უნდა დაიდგას.

[ტარიელ ხიზანეიშვილის ხმა] “ვაკეთებთ სცენას, რომლის მსგავსიც არ გაკეთებულა საქართველოში. ეს არის ძალიან დიდი და მრავალჯერადი გამოყენების სცენა. “ისთერპრომოუშენი” - კომპანია, რომელმაც უზრუნველყო საახალწლო ღონისძიების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება - კმაყოფილია ამ სცენით და აღნიშნავს, რომ ასეთი სცენა ნამდვილად არ ყოფილა საქართველოში.”

და კიდევ: ახალი წლის დადგომას თბილისელები ცაში აჭრილი ფეიერვერკის თანხლებით შეხვდებიან.

[ტარიელ ხიზანეიშვილის ხმა] “ფეიერვერკი აუცილებლად იქნება. სერიოზული ფეიერვერკი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფეიერვერკი ჯერ არ ყოფილა დედაქალაქში.”

ყველაფერი ეს კი, წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქის ბიუჯეტს - არც მეტი, არც ნაკლები - 326 ათასი ლარი დაუჯდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG