Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთსა და ყაზახეთში სოროსის ფონდის წინააღმდეგ გამოვიდნენ


როგორც ცნობილია, საქართველოს ეგრეთ წოდებულ “ვარდების რევოლუციასა” და უკრაინაში ახლახან განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურ როლს

თამაშობდნენ ”სოროსის ფონდის” მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ამან სერიოზულად შეაშფოთა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ლიდერები, განსაკუთრებით - შუა აზიაში. ამ დღეებში ცნობილი ამერიკელი ფილანტროპისტის ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდების წინააღმდეგ გამოვიდა უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი, ხოლო შემდეგ - ყაზახეთის ხელისუფლებაც.

სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდების მთავარ მიზანს დემოკრატიული, ღია სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა წარმოადგენს. ასეთი საზოგადოებების შექმნის პროცესი ბევრ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მმართველს აღიზიანებს. ასე იყო საქართველოშიც წელიწადზე მეტი ხნის წინ, როდესაც ხელისუფლება სოროსის ფონდს პოლიტიკაში უხეშ ჩარევას აბრალებდა. სოროსის ფონდს დაახლოებით ანალოგიურ ბრალდებებს უყენებენ უზბეკეთშიც. აი, რა განაცხადა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა:

[ისლამ კარიმოვის ხმა] ”მათ მთავარ მიზნად დაისახეს, ამოირჩიონ უზბეკეთის ინტელიგენციიდან ისეთები, რომლებიც ხვალ მათ დასაყრდენად იქცევიან და რომლებსაც დაამუშავებენ და განაწყობენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ.”

კარიმოვისგან განსხვავებით, მისი ყაზახი კოლეგა ნურსულთან ნაზარბაევი სოროსის ფონდს პოლიტიკურ ბრალდებებს არ უყენებს. ყაზახეთში სოროსის ფონდის მიმართ საგადასახადო პრეტენზიები აქვთ. ალმა-ათაში საგადასახადო ინსპექციის მიერ ფონდის ოფისში ჩატარებული შემოწმების შემდეგ ამ ქალაქის ფინანსური პოლიციის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სოროსის ფონდის წინააღმდეგ. ამ საქველმოქმედო ორგანიზაციას აბრალებენ გადაუხდელობას გადასახადებისა, რომელიც, ყაზახეთის საგადასახადო სამსახურის პრესმდივნის რუსლან ტლეულინის განცხადებით, შეადგენს 81 მილიონ ტენგეს, რაც დაახლოებით 620 ათასი აშშ დოლარის ტოლია:

[რუსლან ტლეულინის ხმა] ”სოროსის ფონდს დაუგროვდა საგადასახადო დავალიანება. გადასახადებისა და ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, ფონდს დახურვა ელის, თუმცა ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.”


ყაზახეთში სოროსის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ოლეგ კაციევის განცხადებით, საგადასახადო სამსახურების პრეტენზიები უსაფუძვლოა, რადგან ფონდმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაფარა საგადასახადო დავალიანება და ჯარიმები. იგი ამბობს, რომ უსაფუძვლო პრეტენზიებით ხელისუფლება ფონდზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს:

[ოლეგ კაციევის ხმა] ”...იმისათვის, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ზეგავლენა შეძლონ, ზეგავლენა ასეთი მეთოდებით მაინც.”

სოროსის ფონდი ყაზახეთში აცხადებს, რომ თუ მსგავსი ზეწოლა არ შეწყდება, ფონდი შეწყვეტს თავის საქმიანობას ამ ქვეყანაში.

თუ რატომ ახორციელებს ყაზახეთის ხელისუფლება სოროსის ფონდზე საგადასახადო პრეტენზიებით ზეწოლას, ამის გასარკვევად რადიო ”თავისუფლების” ყაზახური რედაქციის თანამშრომელს სულთან-ხან ჟუსიპს გავესაუბრე.
მან მითხრა, რომ ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა ალმა-ათაში გამართული სასამართლო პროცესები ოპოზიციური გაზეთის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და სოროსის ფონდის წინააღმდეგ.

[სულთან-ხან ჟუსიპის ხმა] ”მე ვეყრდნობი ყაზახეთის პოლიტოლოგებისა და ოპოზიციური დემოკრატიული ძალების მოსაზრებებს, რომ საქართველოში “ვარდების რევოლუციის”, ახლა კი უკრაინაში “ნარინჯისფერი რევოლუციის” გამარჯვების შემდეგ ყაზახეთის ხელისუფლებას სრული საფუძველი აქვს ეშინოდეს ყაზახეთის ოპოზიციის მხრიდან მსგავსი მოქმედებების.”

სულთან-ხან ჟუსიპის თქმით, სოროსის ფონდს ყაზახეთში პოლიტიკური ორგანიზაციები არასდროს დაუფინანსებია. ის, როგორც საქართველოშიც, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ეხმარება სამოქალაქო აქტივობის ასამაღლებლად. ამ მიზნით სოროსის ფონდს ყაზახეთში დახარჯული აქვს 45 მილიონი ამერიკული დოლარი.
XS
SM
MD
LG