Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტის კონტურები მონიშნა


2005 წელს თბილისის მთავრობის მუშაობის მთავარი პრიორიტეტი კვლავ საავტომობილო გზების შეკეთება იქნება. ამის შესახებ თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი და

დედაქალაქის პრემიერი თემურ ქურხული აცხადებენ. მათი თქმით, გზების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მომავალ წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 80 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

პრეზიდენტის მიერ ზურაბ ჭიაბერაშვილისათვის მიცემული დავალება დედაქალაქში გზების მდგომარეობის გამოსწორების შესახებ, როგორც ჩანს, მომავალი წლისთვისაც ძალაში რჩება. ამაზე მეტყველებს მშრალი ციფრები: თბილისის 413 მილიონიანი ბიუჯეტიდან თითქმის მეხუთედი, ანუ 80 მილიონი ლარი, გზების შეკეთებას უნდა მოხმარდეს. თუმცა დედაქალაქის პრემიერი ბიუჯეტის სხვა პრიორიტეტებზეც - კერძოდ, მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებაზე, კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაფინანსებასა და სოციალურად დაუცველი ფენებისათვის უფასო სასადილოების გახსნაზეც - ამახვილებს ყურადღებას:

[თემურ ქურხულის ხმა] “მიწისძვრის თემა ძალიან აქტუალურია, ასევე - გზის საფარის აღდგენა, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სხვა პრიორიტეტებთან ერთად იქნება ქალაქის დასუფთავება, სოციალური პროგრამების სერიოზული გადახალისება, სკოლების რეაბილიტაცია და ასე შემდეგ.”

ქურხულის თქმით, 27 მილიონი ლარი მიწისძვრით დაზარალებულთა ბინების შეკეთებას მოხმარდება. და კიდევ: როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, მომავალი წლიდან ქალაქის მერიაში დაბალხელფასიანი საშტატო ერთეულები აღარ იარსებებს: რაიონების გამგებლებისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა ხელფასები 2 ათას ლარამდე გაიზრდება, ხოლო მერიის თანამშრომლის მინიმალური ხელფასი 300 ლარი იქნება. ზურაბ ჭიაბერაშვილი 2004 წელს მერიის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებაზეც ლაპარაკობს:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “წინასწარი დასკვნა, როგორც მოგახსენეთ, არ არის დადებითი, მაგრამ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას. და როდესაც იქნება საბოლოო დასკვნა, ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, როგორც შევცვალოთ სქემა.”

დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ პრიორიტეტებს, “ახალი მემარჯვენეების” სახით, თბილისის საკრებულოს უმცირესობაც იწონებს, თუმცა ერთი შენიშვნით:

[გიორგი მოსიძის ხმა] “ხო, მაგრამ ისე არ გააკეთონ, პეროვსკაია სამჯერ რომ გააკეთეს და მერე დაანგრიეს. ეგრე 80 მილიონი კი არა, 400 მილიონი არ გვეყოფა, ეგეთი ხარისხით თუ გააკეთეს.”

საინტერესოა რას ფიქრობენ თბილისელები, რომელთა მდგომარეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯებესებასაც უნდა ემსახურებოდეს ბიუჯეტი - რას უნდა მოხმარდეს, მათი აზრით, საბიუჯეტო სახსრები:

[მამაკაცის ხმა] “ხალხს მოახმარონ… ნუ, ვერ იხდის დენის, გაზის გადასახადს. მოსახლეობა დაზარალებულია მიწისძვრით, ზოგი შენობა ისე ძველია, რომ თავისით იშლება - ყველაფერ ამას მიხედვა უნდა. და გზები, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია. აგერ ვცხოვრობ მე შესახვევში. ამ გზას სადაცაა წყალი წაიღებს.”

[მამაკაცის ხმა] “ფული უნდა განაწილდეს სოციალურ პროგრამაზე. ხალხი მშიერია, ბავშვები უპატრონოდ არიან; ხალხს გამოკვება უნდა… ხალხს უნდა მივხედოთ, ხალხს და ბავშვებს, იმიტომ რომ ისინი ჩვენი მომავლები არიან!”

მიუხედავად იმისა, გაითვალისწინებენ თუ არა მერიაში რიგითი თბილისელების სურვილებს, დედაქალაქის საკრებულო ბიუჯეტს 25 იანვრის სხდომაზე აუცილებლად დაამტკიცებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG