Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დევნილების ხელახალი რეგისტრაცია მიმდინარეობს


გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია მიმდინარეობს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცედურა, რომელიც ყველა დევნილის ფოტოგრაფირებას და თითოეულ მათგანზე ახალი მოწმობის გაცემას ითვალისწინებს, მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს არ შეეხება. ბოლო, 2003 წლის, მონაცემებით, საქართველოში 237 ათასი დევნილი ცხოვრობს. რატომ გახდა მათი ხელახალი გადათვლა საჭირო და რა შედეგებს ელის ამ პროცედურიდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ხელმძღვანელობა?

[დევნილი ქალბატონის ხმა] “ორი კვირაა ვიმყოფებით სრულ ვაკუუმში - არც წყალი, არც დენი, არც ტელეფონი, ვერავის ვუკავშირდებით…”

ხელისუფლება და საზოგადოება დევნილების უკიდურეს გაჭირვებაში ყოფნას მიეჩვია. წლები გადის, მაგრამ საკუთარი კარმიდამოებიდან აყრილი ასიათასობით ადამიანის მდგომარეობა არ უმჯობესდება. თითებზე ჩამოსათვლელი ერთჯერადი დახმარება და 14 ლარიანი ყოველთვიური შემწეობა - ეს არის ის, რითაც დევნილებმა არსებობა უნდა შეძლონ. და ეს მაშინ, როცა წლების განმავლობაში დევნილთა უბედურებაზე ბევრი სახელმწიფო მოხელე სარფიანად ითბობდა ხელს.

[გიორგი ყავლაშვილის ხმა] “დევნილთა ბაზის გადამოწმებით გაირკვა, რომ შემწეობას წლების განმავლობაში იღებდა რამდენიმე ასეული ე.წ. “მკვდარი სული”. მათი სია გადაეცემა პროკურატურას. მთავარი ის არის, რომ წლების მანძილზე ხდებოდა ამ “მკვდარი სულების” საშუალებით მანიპულირება და სახელმწიფო ზარალდებოდა მილიონობით ლარით.”

უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ყავლაშვილი სწორედ იმ ეგრეთ წოდებულ “მკვდარ სულებზე” ლაპარაკობს, რომელთა გამოსავლენადაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დახმარებით, დევნილთა ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს. მინისტრი ეთერ ასტემიროვა აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი ერთი თვის წინ მცხეთა-მთიანეთის მხარეში დაიწყო.

[ეთერ ასტემიროვას ხმა] “გადავწყვიტეთ გაეროსთან ერთად, რომ გავაკეთოთ ანკეტირება. ექვსი წლის ბავშვსაც გადავუღებთ სურათს კომპიუტერის მეშვეობით და პროგრამა შედგენილია ისე, რომ ვერ შეძლებენ სიის გაზრდას ისე, რომ ოპერატორებმა ვერ გაიგონ. კოდი ექნებათ მხოლოდ მათ…” (სტილი დაცულია)

სამინისტროს მონაცემებით, ხელახალი აღრიცხვა უკვე 23 ათასამდე დევნილმა გაიარა. თბილისში კი რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 5 იანვარს დაიწყო, დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. რაც შეეხება სრულ სურათს, მისი კონტურები, ეთერ ასტემიროვას თქმით, 2005 წლის მაისისთვის გამოიკვეთება. ამ დროიდან მოყოლებული, დევნილები ყოველთვიურ შემწეობას, რომელიც კვლავინდებურად სულზე 14 ლარით განისაზღვრება, სახალხო ბანკის პლასტიკური ბარათებით მიიღებენ:

[კოკა მამფორიას ხმა] “სიების მეშვეობით ხდებოდა შემწეობის გაცემა მხოლოდ. ამიტომ იძულებული იყო მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილზე მისულიყო თანხის ასაღებად. ახლა კი პლასტიკური ბარათით შეუძლია ნებისმიერ ადგილზე მივიდეს და როცა უნდა, აიღოს. ამით რიგებიც შემცირდება.”


კოკა მამფორია, “სახალხო ბანკის” სოციალური პროგრამების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი, ასევე განმარტავს, რომ სტუდენტი და თბილისში მცხოვრები დევნილები მეტროპოლიტენის კოდირებულ ბარათებსაც “სახალხო ბანკის” ფილიალებში მიიღებენ. თუმცა ამისათვის მათ მაისამდე ლოდინი არ მოუწევთ: ბარათების გაცემა უკვე 6 იანვრის დილის ათი საათიდან დაიწყება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG