Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოლარის დასუსტება – ვისთვის სიკეთე და ვისთვის დამღუპველი მოვლენა


შეერთებული შტატების დოლარის კურსის დაცემა გასული წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენა იყო.

მან მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე მოახდინა ზეგავლენა, თუმცა, ეს ზეგავლენა ყველასთვის ნეგატიური შედეგის მომტანი არ იყო. ამის ნათელსაყოფად რამდენიმე მაგალითს გაგაცნობთ:

ამერიკული კომპანია "პაუერ ქერბერს"-ი 45 წელიწადია საზღვარგარეთ ყიდის გზის საფარის დასაგებ მანქანებს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი სტივენ ბალოკი ამბობს, რომ გასული წელი ექსპორტის თვალსაზრისით განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა:

[ბალოკის ხმა]
"ჩვენი გაყიდვები ევროპაში 20-25 პროცენტით გაიზარდა. ჩვენთვის ძალიან კარგია საქმიანობის ზრდა იმ არეალში, სადაც, როგორც წესი, კარგი ბიზნესი არ გვქონდა. აშკარაა, რომ ჩვენს პროდუქციაზე ფასი მნიშვნელოვან პრიორიტეტს გვანიჭებდა ევროპელ კონკურენტებთან შედარებით".

ბოლო სამი წლის მანძილზე დოლარის კურსი ევროსთან მიმართებით 40 პროცენტით დაეცა. გასულ წელს დაცემა 7 პროცენტით განისაზღვრა.

დოლარის კურსის დაცემა შეერთებული შტატების ექსპორტიორებისთვის დიდი სიკეთე აღმოჩნდა, როცა ევროპაში ბევრს თავის ტკივილი გაუჩინა.

რობინ ბიუ ანალიტიკური გუნდის - "ეკონომისტ ინტელიჯენს იუნიტის" ექსპერტია. ის ასე აფასებს შექმნილ ვითარებას:

[ბიუს ხმა]
"ყველაზე მეტად შეერთებული შტატების წარმოების სექტორმა იხეირა, რადგან ევროპის ვალუტასთან მიმართებით დოლარის კურსის ვარდნის გამო ძალიან იზრდება მათი კონკურენტუნარიანობა"

გამარჯვებულთა შორის არიან მომხმარებლები იმ ქვეყნებიდან რომელთა ვალუტებიც დოლართან მიმართებით გამყარდა. მათთვის შტატებში მოგზაურობა და იქ პროდუქციის შეძენა ძალიან იაფი გახდა.

იმავე ქვეყნებში, რომელთა ვალუტაც დოლართან მიმართები გამყარდა, გაიაფდა შტატებიდან იმპორტირებული საქონელი. აქვე ცენტრალური ბანკებისთვის იოლი იყო საპროცენტო განაკვეთის ზრდის შენარჩუნება. ინვესტორები კი, რომლებიც დოლარს ევროს გავლენის ქვეშ მყოფი ეკონომიკის ზონაში დებენ, კარგ მოგებას ნახულობენ.

დოლარის კურსის ვარდნა კარგი შეიძლება იყოს იმ მთავრობებისა და კომპანიებისთვის, ვისაც ვალები დოლარში აქვს განსაზღვრული.

რაც შეეხება სუსტი დოლარით გამოწვეულ პრობლემებს:

სწორედ იმის გამო, რომ ბუნებრივ აირზე ფასი დოლარში იყო განსაზღვრული, ამ თვეში თურქმენეთი იძულებული გახდა აირის მიწოდება შეეწყვიტა რუსეთისა და უკრაინისთვის.

თუმცა, ყველაზე მეტად დაზარალებულები აღმოჩნდნენ ევროზონის ქვეყნები. გასულ თვეში ფრანგი მეღვინეების საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ დოლარის კურსის ვარდნამ მათი პროდუქცია შტატების ბაზარზე გააძვირა. ძალიან შემცირდა ევროზონის კომპანიების შემოსავლები, რომლებმაც აშშში წარმოებული პროდუქციის მიმართ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ფასები დაწიეს.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის ერვე გაიმარი მოსალოდნელ ეკონომიკურ კატასტროფაზეც კი ალაპარაკდა. ექსპერტები ძალიან ეჭვობენ, რომ დოლარის კურსის ვარდნის შესაერებლად რაიმე კოორდინირებული საერთაშორისო ინტერვენცია შესაძლებელი გახდეს. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ შეერთებული შტატები, ოფიციალური რიტორიკის მიუხედავად, სუსტი დოლარის პირობებში თავს შესანიშნავად გრძნობს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG