Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკური აზერბაიჯანელები საკუთარი უფლებების დასაცავად ერთიანდებიან


საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები საკუთარი უფლებების დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და

აზერბაიჯანელთა კონგრესის მოწვევას აპირებენ. პარალელურად აზერბაიჯანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ყულარის უხუცესთა საბჭომ “აზერბაიჯანული პარტიის” დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო. ბაქოში გამომავალი გაზეთი “ზერკალო” იუწყება, რომ პარტია, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული, უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მისი მთავარი მიზანი კი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების სოციალურ-ეკონომიკური და სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლა იქნება.

მიწის გაყოფასთან დაკავშირებით მომხდარი რამდენიმე სისხლიანი ინციდენტის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში მოქმედი ჩვიდმეტამდე აზერბაიჯანული არასამთავრობო ოგანიზაცია საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და აზერბაიჯანელთა კონგრესის დაფუძნებას აპირებს. მესამე სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ერთმანეთთან შეთანხმებული მოქმედებით მთელი რიგი პრობლემატური საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას შეძლებენ. საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის მთავარი მიზანი ხომ ქვეყანაში მცხოვრები 300 ათასამდე ეთნიკური აზერბაიჯანელის უფლებების დაცვა იქნება.

[იდაიათ ჰუსეინოვის ხმა] “რომ გვქონდეს უფლება მთავრობასთან ურთიერთობის საკითხში, ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხში გვქონდეს უფლება, რომ აზერბაიჯანელების სახელით - საქართველოს მოქალაქეების სახელით ვილაპარაკოთ.”

ეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი იდაიათ ჰუსეინოვი იყო. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის იდეას ხელისუფლებაში მყოფი ეთნიკური აზერბაიჯანელებიც იწონებენ. მათ შორის არის დეპუტატი ქემალ მურადხანოვი, რომელიც პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” სიით მოხვდა.

[ქემალ მურადხანოვის ხმა] “მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, კონგრესის სახით, შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ამ ყველაფერს.”


თუმცა, როგორც ჩანს, ქვემო ქართლის მხარეში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ერთმა ნაწილმა საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლის სულ სხვა გზა აირჩია. ბაქოში გამომავალი გაზეთი “ზერკალო” იტყობინება, რომ მარნეულის სოფელ ყულარის უხუცესთა საბჭომ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო. უხუცესები 10 იანვრამდე მხარის გუბერნატორთან შეხვედრასაც ითხოვენ. თუმცა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველივე ამის შესახებ არაფერი უწყიან.

[ქალბატონის ხმა] “რაღაც ვადებზე რომ არის იქ ლაპარაკი და 10 რიცხვამდე უნდა შეხვდესო და პასუხი უნდა გაგვცესო, ამაზე არანაირი მომართვა არ ყოფილა ამ ადამიანების მხრიდან და ეს სახელები და გვარები არაფერს არ გვეუბნება.”(სტილი დაცულია)

გავრცელებულ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი იზუმრუდ ყურბანოვი:

[იზუმრუდ ყურბანოვის ხმა] “ერთი რომელიმე სოფლის უხუცესთა საბჭოს შეკრებითა და გადაწყვეტილებით პარტიის შექმნა, თქვენც კარგად ხვდებით, რომ ბლეფია. სოფლის დონეზე შექმნილი პარტიის ასპარეზზე გამოსვლა, უბრალოდ, სასაცილოა.”

ეთნიკური და ნაციონალური ნიშნით პოლიტიკური პარტიის შექმნას საქართველოს კანონმდებლობაც კრძალავს. ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ საკითხს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი არეგულირებს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] “ეროვნული, ეთნიკური, ტერიტორიული, რელიგიური და პროფესიული ნიშნებით არ შეიძლება პოლიტიკური პარტიების დაფუძნება. ამას კრძალავს კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.”

ამ კანონის თანახმად, პარტიას - მიუხედავად იმისა, დაფუძნდება იგი თუ არა - იუსტიციის სამინისტრო რეგისტრაციაში არ გაატარებს, თუმცა ამით დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება ის პრობლემები, რომელიც ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ათეულობით წლების განმავლობაში აწუხებთ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG