Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბარამიძე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი 6 იანვარს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ პასუხი გასცა ბრალდებებს, რომელიც ორი დღის წინ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა წაუყენა თავდაცვის

სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობას. თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე არ დაეთანხმა ირაკლი ოქრუაშვილის მოყვანილ არც ერთ ფაქტსა და ციფრს, მეტიც, მკვეთრად გააკრიტიკა თავად ოქრუაშვილი. ამრიგად, გიორგი ბარამიძე აღმოჩნდა პირველი ფიგურა ქართულ ისტებლიშმენტში, ვინც “გაბედა” და საჯაროდ დაუპირისპირდა ირაკლი ოქრუაშვილს - გავლენის მხრივ, ალბათ, მეორე პოლიტიკოსს ქვეყანაში.
რას მოასწავებს სახელმწიფო მინისტრის გამოსვლა?

[ბარამიძის ხმა] “არა აქვს ირაკლი ოქრუაშვილს უფლება, მოისხას პროკურორის მანტია და ილაპარაკოს, რომ აქვს სურვილი, ხალხი ერთ თვეში ციხეში იჯდეს. ვინ მისცა მას ამის უფლება? რა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რა ევროინტეგრაციასა და ცივილიზებულობაზე ვლაპარაკობთ? მე მგონი, ის ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა პროკურორის როლიდან. მოსამართლეა თუ პროკურორი? რას ჰგავს ეს!”

გიორგი ბარამიძის ეს სიტყვები უმცირესი ნაწილია იმ მკაცრი განცხადებებისა, 6 იანვარს სახელმწიფო კანცელარიის მე-12 სართულზე რომ ისმოდა. ევროინტეგრაციის თაობაზე სახელმწიფო მინისტრის ნათქვამიდან გამოდის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თავისი მიდგომებით ჩირქს სცხებს არა მხოლოდ წინამორბედის სახელს, არამედ ქვეყანას, აბრკოლებს აღებული კურსის განხორციელებას. გიორგი ბარამიძემ არაკეთილსინდისიერი უწოდა ოქრუაშვილის შემდეგ განცხადებას:

[ოქრუაშვილის ხმა] “ეს ადამიანები, მე მინდა, ერთი თვის განმავლობაში ვიხილო ციხეში. ამ ადამიანებმა ქართული ჯარი ჩააყენეს იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ჩვენ რევოლუციამდე გადმოვიბარეთ.”

თუმცა “არაკეთილსინდისიერი” არ ყოფილა ყველაზე მკვეთრი დეფინიცია, რომელიც 6 იანვარს სახელმწიფო მინისტრს დასცდა: აბსურდი, სამარცხვინო დამოკიდებულება, ტყუილი - ბარამიძემ არც ეს სიტყვები დაიშურა კოლეგისათვის. რაც შეეხება ოქრუაშვილის ბრალდებებს, სახელმწიფო მინისტრმა ყველა მათგანი სათითაოდ უარყო:

[ბარამიძის ხმა] “მე ყველაფერს ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ამაზე არის დოკუმენტები და მათ ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება დაპირისპირებას, არავინ ჭურში არ ზის. თვეების განმავლობაში ჟურნალისტები მეკითხებოდით ამაზე და მე ყოველთვის თავს ვარიდებდი პასუხს. მე არ მინდა, ჩვენი ხელისუფლება და გუნდი დაემსგავსოს შევარდნაძის ერთმანეთთან დაპირისპირებულ, კინკლაობაში მყოფი ადამიანების ხროვას, რომელთაც არ იციან რა უნდათ და, საქმის კეთების ნაცვლად, ერთმანეთის ჭამით არიან დაკავებულნი.”(სტილი დაცულია)

გიორგი ბარამიძის ეს მინიშნება, ალბათ, ყველაზე მრავლისმთქმელია: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ ყოველთვის ხაზგასმით ამბობენ, რომ ხელისუფლება ერთიანია, მონოლითურია, თანამოაზრეთა გუნდია. ამავე დროს, არ იმალება, თუ როგორ, უკაცრავად პასუხია, აწვება სააკაშვილის გუნდი ჟვანიას თანაგუნდელებს (მათი ერთ პარტიაში შერწყმის მიუხედავად) და ცდილობს თანდათან გამოდევნოს ის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან. ერთიანობა არ არის თავად სააკაშვილის გუნდშიც. ასე რომ, ქართული პოლიტიკის ანალიტიკოსებსა და ჟურნალისტებს მალე არაფერი შეუშლით ხელს, შიდაპოლიტიკური პროცესის განხილვისას შევარდნაძის პერიოდის კრიტერიუმები მოიმარჯვონ და ის პიროვნული ურთიერთობების კონტექსტში განმარტონ. შესაძლოა, ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს ჟურნალისტიკაც და, საუბედუროდ, პოლიტიკაც. ცხადია, ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება 6 იანვარს გაჩენილი კონფრონტაციის ჩაცხრომაზე, რაც გულისხმობს კომპეტენციის საზღვრების მკაფიოდ მონიშვნასაც თავდაცვის მინისტრისათვის.
XS
SM
MD
LG