Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ახალი ეროვნული ტანისამოსის შექმნას აპირებენ


ირანის ხელისუფლება, საქართველოს ლიდერებისაგან განსხვავებით, არა თუ არ მიისწრაფვის დასავლეთისაკენ, პირიქით - დასავლური ფასეულობები, ლამის ყველა უბედურების სათავედ მიაჩნია.

მაგრამ აი, ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობის ფაქტი, რაც თბილისელებმა შადრენის ქუჩაზე მოწყობილ “ჩოხა-პარტიზე” იხილეს, ირანის ხელისუფალთ უთუოდ მოეწონებოდათ. ასეთი ვარაუდის საფუძველს კი შემდეგი ამბავი იძლევა: ირანელი პარლამენტარები ამჟამად განიხილავენ წინადადებებს ეროვნული ტანისამოსის დიზაინზე და ეს თვით აიათოლა ხამენეის, ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის ინიციატივით ხდება. ეროვნული ტანისამოსის შექმნა მას მიზანშეწონილად მიაჩნია ირანში დასავლური მოდის ზეგავლენასთან საბრძოლველად. მოკლედ, თუ საქართველოში ჩოხა ქართული ტრადიციების დასავლური ფასეულობებთან “დამეგობრების” საილუსტრაციოდ გამოიყენება, ირანში ეროვნულ სამოსელს დასავლურ ფასეულობებთან “საბრძოლველად” ამზადებენ.

ამასობაში, ალბათ ბევრ მსმენელს დაებადა შეკითხვა: ნუთუ ირანში, მრავალსაუკუნოვანი კულტურის ქვეყანაში, ეროვნული ტანისამოსი აქამდე არ არსებობდა? ამ შეკითხვის საპასუხოდ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ინფორმაცია, რომელიც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა, გოლნაზ ესფანდიარიმ მოგვაწოდა: ასეთი სამოსი ირანში ეროვნულ უმცირესობებსა აქვთ, საერთო-ირანული სამოსელი კი მართლაც არ არსებობს.

მალე, რახან მისი შექმნა თვით აიათოლა ხამენეიმ მოითხოვა, ალბათ, იარსებობებს, მაგრამ როგორი იქნება, ჯერ არავინ იცის. პარლამენტის კულტურის საკითხების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ეროვნული სამოსელი ახლებურად განსაზღვრავს ირანულ იდენტურობას. თან მისი შექმნისას, რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებს გაითვალისწინებენ და ხალხს არ აიძულებენ ამ ტანისამოსის ჩაცმას.

35 წლის შირინი, რომელსაც თეირანის ქუჩაში გამოელაპარაკა ჩვენი კორესპონდენტი, მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი: [შირინის ხმა] “ჩემი აზრით, ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რას ჩაიცმევს და რას არა. ეროვნულ ტანისამოსს, რომელსაც თავს მოგვახვევენ, ხალხი არ მიიღებს. ყველამ, რაც საჭირო მიაჩნია, ის რომ ჩაიცვას, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ხელისუფლების ბრძანება, რომელიც ჩაცმულობას ეხება”.

ახალი სამოსელის შექმნის იდეას ეჭვით უყურებს პარიზელი პროფესორი, ირანის ექსპერტი საიდ პაივანდიც. მისი აზრით, ამ სიახლით არა მარტო დასავლურ გავლენასთან დაპირისპირებაა გამიზნული. კონსერვატიული ძალები ირანში, შესაძლოა, სამოქალაქო თავისუფლებების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას აპირებდნენ.

[საიდ პაივანდის ხმა] “გასაოცარი კანონ-პროექტია, იმიტომ, რომ ჰგავს ნაბიჯებს, რომლებიც ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდგომ ათწლეულში გადაიდგა. მაშინ სახელმწიფო და მთავრობა ცდილობდა, ემართა ხალხის მოქმედება, შეენარჩუნებინა მკაცრი კონტროლი რევოლუციისა და იდეოლოგიის სახელით. ახალი ეროვნული ტანისამოსის შექმნა, სოციალური თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ნიშნავს პირად ცხოვრებაში ჩარევას, მოქალაქეთა (მთელს მსოფლიოში აღიარებული) ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას.”

მსმენელმა უთუოდ იცის, რომ ირანელებისათვის უცხო ხილი არც აქამდე იყო ჩაცმულობაში შეზღუდვა: ეს, უწინარეს ყოვლისა, ქალებს ეხება. მათ თმების დაფარვა და ზამთარ-ზაფხულ გრძელი, ტანის ფორმების შემნიღბველი მოსასხამით სიარული ევალებათ. ნაკლები აკრძალვა ვრცელდება მამაკაცებზე, მაგრამ ვერც ისინი იცვამენ, რაც მოესურვებათ: ვერ იცვამენ, თუნდაც, შორტებს.

თუმცა, რაც დრო გადის, ჩაცმულობაში აკრძალვებს ირანელები, უწინარეს ყოვლისა, ახალგაზრდები, სულ უფრო ნაკლებ ემორჩილებიან: შესაძლებლობების ფარგლებში! ქალები ქუჩაში სულ უფრო მოკლე, და ტანში გამოყვანილი მოსასხამებით გასვლას ბედავენ, თავსაფრებიც დაპატარავდა. ეს კი შეშფოთებას იწვევს კონსერვატიულ ძალებში...
პარიზელი მკვლევრის, საიდ პაივანდის შეფასებით, ახალი ეროვნული ტანისამოსის შემოღებით კონსერვატიულ ძალებს უწინარეს ყოვლისა ქალებზე, მათს ჩაცმულობაზე კონტროლის გამკაცრება სურთ.

ასეა თუ ისე, აიათოლა ხამენეიმ, როცა შარშან პირველად წამოაყენა ახალი ეროვნული ტანისამოსის შექმნის იდეა, შემდეგი არგუმენტი მოიშველია: მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვთ ეროვნული სამოსელი, და ამ ჩაცმულობით ძალიანაც ამაყობენო.

არ არის გამორიცხული, ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი “მსოფლიოს მრავალი ქვეყნით” საქართველოსაც გულისხმობდეს: ჩვენში ხომ ისე ამაყობენ ეროვნული ტანისამოსით, რომ უცხოეთში საქართველოს ელჩებს ოფიციალურ ღონისძიებებზე მისვლა ჩოხაში გამოწყობილებს, თუ ჩიხტი-კოპით დამშვენებულებს ევალებათ.
XS
SM
MD
LG