Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დააფინანსებს საქართველოს მთავრობას


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი 2005 წლის იანვრიდან საქართველოს მთავრობა ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს. ამ სახელწოდებით გამართა დღეს პრესკონფერენცია საქართველოს

პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდის თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა. თუმცა, როგორც გაირკვა, სახელწოდება მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელფასო ფონდი მიმდინარე წელსაც უცხოელი დონორების მიერ დაფინანსდება, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, არა სრულად, არამედ ამჯერად 65 პროცენტით.





პირველი პოსტრევოლუციური წლისაგან განსხვავებით, 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მათი მოადგილეები ხელფასებს არა საერთაშორისო დონორთა მიერ გამოყოფილი ფონდიდან, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ. ფონდში გამოთავისუფლებული თანხა, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი, სხვა სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო დანამატებზე დაიხარჯება. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო პირების მიერ საქართველოს მთავრობის ხელფასებისათვის სულ 13 მილიონ დოლარამდე გამოიყოფა. ამ თანხიდან სახელმწიფო მოხელეთა შრომის ანაზღაურება და დანამატები 65 პროცენტით დაფინანსდება. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდის ხელმძღვანელი კოტე კუბლაშვილი არ უარყოფს, რომ არცთუ სასიამოვნოა, როდესაც ქვეყნის მთავრობას ხელფასს სხვები უხდიან, მათ შორის, კერძო პირები, მაგრამ იგი ყველას ურჩევს ცინიკური დასკვნების გაკეთებამდე საქართველოში შექმნილი ვითარება გაითვალისწინოს:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] “იცით რა, მართებული არ არის, მაგრამ როცა სახელმწიფოს ესე უჭირს, ძალიან გარდამტეხ ეტაპზე საკითხი დგება იმისა, რომ აუცილებლად სჭირდება ეს დახმარება, თორე სხვაგვარად ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაში გადაწყვიტა, რომ დაეხმაროს საქართველოს, აი, ამ კუთხით. საკმაოდ უპრეცედენტო, თუ არ ვცდები, ერთი შემთხვევა არსებობს, მგონი, ერთ-ერთ აფრიკის ქვეყანაში ასეთი დახმარებისა. მაგრამ გაითვალისწინეს მთელი ეს მოვლენები, რაც მანამდე ხდებოდა, რაც მოხდა ნოემბერში, და გადაწყვიტეს ეს დახმარება.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება ჯორჯ სოროსის მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის ხელფასების გაცემის საკითხს, რომელიც რუსეთის, ყირგიზეთის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერთა ირონიის საყვარელ თემადაა ქცეული, კოტე კუბლაშვილი განმარტავს, რომ ცნობილი ამერიკელი ფილანტროპი რეალურად საერთო თანხის მხოლოდ მეათედს იხდის. მაგალითად, შარშან მთავრობის შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი 13 მილიონიდან სოროსმა მხოლოდ მილიონი გაიღო.

[კოტე კუბლაშვილის ხმა ] “ნუ, უბრალოდ, ახლა ზოგიერთისთვის ეს გარკვეულ რაღაც წინასწარ განზრახულ იმას წარმოადგენს, მიზეზს, რომ საქართველოზე რაღაცეები თქვას, რომ სოროსისგან იღებენ და იმისგან არიან დაფინანსებული და რაღაც. ბევრი, უბრალოდ, უცოდინარობით ამბობს და არ იცის, რომ აქ მხოლოდ სოროსი არ არის.” (სტილი დაცულია)

მართლაც, ჯორჯ სოროსზე გაცილებით დიდ თანხას გაეროს განვითარების პროგრამა, შვედეთის განვითარების სააგენტო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები იხდიან. როგორც ირკვევა, გარკვეული თანხა მთავრობის სახელფასო ფონდში ქართულმა კომპანიებმა და კერძო პირებმაც შეიტანეს, თუმცა კოტე კუბლაშვილმა მათი ვინაობის გამხელა არ ისურვა. პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ თანდათან საქართველო თავად მოახერხებს საკუთარი მთავრობის დაფინანსებას. იგი ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე სრულად გადასვლას სამოხელეო აპარატი ორ წელიწადში, 2006 წლის პირველი იანვრიდან, შეძლებს.
XS
SM
MD
LG