Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცრაზმელთა გამოჩენას კოდორის ხეობაში ვნებათაღელვა მოჰყვა


კოდორის ხეობაზე გამავალ მაღალი ძაბვის დაზიანებულ ელექტროგადამცემზე დღეს აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. საქართველოს ხელისუფლებამ კი წინა დღით მომხდარ

ფაქტს დივერსიის კვალიფიკაცია მისცა და დივერსანტების გამოსავლენად ხეობაში სამი ვერტმფრენით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი გადასხა. სპეცრაზმის გამოჩენას ხეობაში კინაღამ შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა ადგილობრივ სვანურ სახალხო ლაშქრის წევრებთან, რომლებიც ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს უყურადღებობასა და კოდორის ხეობაში ვითარების დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ.


კოდორის ხეობაში რუსეთიდან მომავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები წინა ხელისუფლების დროს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გამოიყვანეს მწყობრიდან. ხელისუფლება მაშინაც ირწმუნებოდა, რომ დამნაშავეებს მოძებნიდა და სამაგალითოდ დასჯიდა, მაგრამ თავისი მოღვაწეობა ისე დაასრულა, მოუხელთებელი დივერსანტის კვალს ვერ მიაგნო. არადა, როგორც თავად კოდორელები ამბობდნენ, სინამდვილეში არავითარი დივერსანტები იქ არ არსებობენ. დენის გადამცემი ხაზის დაზიანებით კოდორის ხეობის მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას და საკუთარი სოციალური პრობლემების მოგვარებას ცდილობდა. 18 იანვარსაც დაახლოებით იგივე მოხდა. ავტომატის ტყვიით გაწყვეტილი გადამცემი ხაზების ქვეშ, როგორც სამშაბათს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმაც აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე გასულ საავარიო ბრიგადას წერილიც კი დახვედრია:

[ნიკა გილაურის ხმა] “პრობლემატური ის არის, რომ არანაირი მოთხოვნაც არ არის მათგან, ვინც ეს გააკეთა, რაიმესი. იქ დატოვებული იყო რაღაც წერილი, რომლიდანაც არავითარი აზრი არ გამოდის.” [სტილი დაცულია]


მაგრამ როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, ხეობის მოსახლეობას არსებული ხელისუფლების მიმართ ბევრი მოთხოვნა და პრეტენზია დაუგროვდა, რასაც, მისივე განცხადებით, ქვედა დონის მოხელეები ქვეყნის პრეზიდენტს უმალავენ:

[ემზარ კვიციანის ხმა] “არაფერი არ გინდა, თუ ძმა ხარ, მიეცი ვერტმფრენი, რომ შეეძლოთ მისვლა და მოსვლა. აგერ სტუდენტები გყავს, აგერ ავადმყოფები და მოხუცები გყავს ამდენი. ამდენი ურეკეს ალასანიას და ახალ ხელისუფლებას და ერთი ვერტმფრენი არ შეუშვეს. როცა, რო აფხაზებთან იყო, რუსებთან იყო თუ გაეროსთან იყო, ყველასთან კეთდებოდა საქმე და ეხმარებოდნენ და ქართველები ქართველებს არ ეხმარებიან.” (სტილი დაცულია)

კვიციანის თქმით, იმის მაგივრად, რომ კოდორის ხეობის მოსახლეობისათვის ტრანსპორტირების პრობლემა შეემსუბუქებინა, ხელისუფლებამ ორი დღის წინ ძალა გამოიყენა, რამაც კოდორელების აღშფოთება გამოიწვია:

[ემზარ კვიციანის ხმა] “გუშინწინ ხალხი იყო შეკრებილი ქუთაისში /როგორც ყოველთვის და ყველგან ხდება და ნურავინ იტყვის, რომ მარტო სვანებთან ხდება და საქართველოში/, ხოდა, ბევრი ხალხი რომ მივიდა, “დუბინკები” ურტყეს ქალებსა და ბავშვებს. და ამანაა, რომ განაპირობა ეს ყველაფერი. ეს უკვე მერამდენე შეცდომა დაუშვეს?”

სამშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება პატივს სცემს კოდორის “თავდადებულ მოსახლეობას, მაგრამ არავის მისცემს უფლებას დააშანტაჟოს საქართველოს ხუთმილიონიანი მოსახლეობა.” მოგვიანებით ქუთაისთან ახლო მდებარე კოპიტნარის აეროდრომზე შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩაფრინდა, საგანგებო დანიშნულების რაზმთან ერთად. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავდა, რამაც კოდორის მცხოვრებლების აღშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთ დამოუკიდებელ ქართულ ტელეარხზე გადაიცა განცხადება ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების, რომელიც საქართველოს ახალი ჩეჩნეთით დაემუქრა. მაგრამ სპეცრაზმი კოდორში არ გამოჩენილა, - განაცხადა ჩვენთან საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გურამ დონაძემ, - და არც სპეცოპერაციის ჩატარება უცდია ვინმეს, ერთი მარტივი მიზეზის გამო:

[გურამ დონაძის ხმა] “ძალიან ძნელია ეგეთ დროს ტყეში მიაკვლიო, როცა კვალიც იკარგება და ყველაფერი.”

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საავარიო ბრიგადამ ოთხშაბათს ავტომატის ტყვიით დაზიანებული გადამცემი ხაზის აღდგენა შეძლო, საღამოსთვის სისტემა მთლიანად დაიტვირთა და მორიგი დივერსიისა თუ საყოფაცხოვრებო კრიმინალის ისტორიაც კოდორის ხეობაში დავიწყებას მიეცა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG