Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადეტები და მათი მშობლები დაწყებითი სამხედრო სასწავლებლის გაუქმებას აპროტესტებენ


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, 1992 წელს დაარსდა და, ამ დროიდან მოყოლებული,

სასწავლებელი 800-ზე მეტმა ახალგაზრდამ დაამთავრა. კურსდამთავრებულთა უმეტესი ნაწილი, როგორც წესი, შემდგომაც სამხედრო კუთხით აგრძელებდა კარიერას. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო 2004 წლის დეკემბრამდე, ვიდრე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ხელი არ მოაწერა № 405 ბრძანებას, რომლის საფუძველზე კადეტთა კორპუსის ყველა, 311-ვე, მოსწავლე სასწავლებლიდან დაითხოვეს, პედაგოგ-ოფიცრები და მომსახურე პერსონალი კი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. მე სწორედ ამ ადამიანების ბედით დავინტერესდი.

კადეტთა კორპუსში თავდაცვის მინისტრის ბრძანებას, სიმწარენარევი ხუმრობით, “საშობაო საჩუქარს” უწოდებენ. ირაკლი ოქრუაშვილმა სასწავლებლის პერსონალისათვის საბედისწერო ბრძანება ხომ იმ დროს გამოსცა, როცა კადეტები საშობაო არდადეგებზე იმყოფებოდნენ. პედაგოგებისა და მშობლების უმეტესობისათვის მინისტრის ეს გადაწყვეტილება უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა:

[მამაკაცის ხმა] “გაოგნებულები ვართ, ბავშვები სკოლებიდან გაგვირიცხეს, გაგვიყარეს გარეთ მაგ დამპლებმა! მთელი პედაგოგიური საზოგადოება, მთელი მშობლები, მთელი მოსწავლეები ვიბრძვით მაგაზე, რომ მივიტანოთ სიმართლე კანცელარიამდე, მივიდეთ მიშამდე, მაგრამ ვერ გვიკეთებენ. ვინ აკეთებს და ვის ინტერესებშია, არ ვიცით.”(სტილი დაცულია)

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში კი აცხადებენ, რომ სასწავლებლის გაუქმების ან რეორგანიზაციის თაობაზე მინისტრს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სამსახურის უფროსი შალვა ლონდარიძე აცხადებს, რომ კადეტთა მომავალი ერთ კვირაში გაირკვევა:

[შალვა ლონდარიძის ხმა] “ამ საკითხს განიხილავენ, განხილვის სტადიაშია, მაგრამ როგორ გადაწყდება, ვერ გეტყვით. ერთ კვირაზეა საუბარი.”

თუმცა თავდაცვის სამინისტრო ერთადერთი უწყება არ არის, ვის დაქვემდებარებაშიც სასწავლებელი იმყოფება. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ კადეტთა კორპუსს დახურვის საფრთხე არ ემუქრება. უბრალოდ, სასწავლებელი, თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად, განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდება:

[ქალბატონის ხმა] “დაფინანსება არ შეიცვლება - უბრალოდ, წყარო შეიცვლება. ჩვენი ბიუჯეტიდან წავა დაფინანსება და არა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან.”

ამ დამაიმედებელი, მაგრამ ზეპირი განცხადების მიუხედავად, კადეტთა მშობლები და პედაგოგები ეჭვობენ, რომ სასწავლებელს დაფინანსების შეწყვეტასა და დახურვას უპირებენ. ისინი გარანტიების მისაღებად მთავრობის უმაღლეს პირებთან შეხვედრას ითხოვენ:

[ქალბატონის ხმა] “შეგვხვდეს განათლების მინისტრი, შეგვხვდეს თვითონ ირაკლი ოქრუაშვილი. პრეზიდენტმაც ინებოს, მოვიდეს და გაიზიაროს ჩვენი შვილების ბედი და მოგვცეს ახსნა-განმარტება, სად წავიყვანოთ ჩვენი შვილები და რა გზაზე დავაყენოთ.”

ქვეყნის ბიუჯეტს კადეტთა სასწავლებლის შენახვა წლის განმავლობაში 500 ათასი ლარი უჯდება. სასწავლებელში კი მხოლოდ რვა და ცხრაკლასდამთავრებულ მოსწავლეებს იღებენ. “ამ ბავშვების გარიცხვით, სახელმწიფო სამუდამოდ ჩაკლავს მათში პატრიოტულ სულისკვეთებას”, მითხრა ერთ-ერთი კადეტის მშობელმა.

[მამაკაცის ხმა] “მშობლიური მიწის სულისკვეთებას, ბრძოლისუნარიანობას და სულის ჩაკვლას, - მეტი რა უნდა დაკარგოს. ბავშვი, რომელიც ხუთებზე სწავლობდა, გავიდა სკოლიდან და სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა, რას უნდა კარგავდეს, თქვენ გამოიტანეთ აზრი. ეს ნიშნავს, რომ თავზე ლაფი დაასხეს და ათასი უბედურება უქნეს…” (სტილი დაცულია)

ეს ყველაფერი კი ხდება მაშინ, როცა საქართველო პროფესიონალ სამხედროთა მწვავე დეფიციტს განიცდის.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG