Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი წელი მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციიდან


ზუსტად ერთი წლის წინანდელ საინაუგურაციო ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილმა დადო ფიცი, რომ თავის პრეზიდენტობას ძლიერ და, რაც მთავარია, გამთლიანებულ

საქართველოზე ოცნების ახდენას მიუძღვნიდა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით, მართლაც, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, - ვგულისხმობ აჭარის შემომტკიცებას, - თუმცა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით მიღწევები არ ყოფილა. პირიქით, ცხინვალის რეგიონში აგვისტოში განვითარებულმა პროცესებმა ქართულ-ოსური ურთიერთობა კიდევ უფრო დაამძიმა. პრეზიდენტობის მეორე წელს მიხეილ სააკაშვილი ოსებისა და აფხაზებისთვის მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივის შეთავაზებით დაიწყებს. როგორ აფასებენ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ წელს?

საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტისა და მისი მთავრობის მთავარ ღირსებად
მხარდამჭერები სიტყვისა და საქმის თანხვედრას მიიჩნევენ:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] “ იმას, რასაც ამბობს ეს მთავრობა, აკეთებს. “

ხელისუფლების ოპონენტები, პირიქით, იმის გამო ჩივიან, რომ სააკაშვილს ერთ დღეს ნათქვამი მეორე დღეს ავიწყდება. მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა და ამჟამინდელმა კონსერვატორმა კობა დავითაშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, სამშაბათს სააკაშვილის პრეზიდენტობის ერთი წლის შედეგების შეჯამება სცადა და მისი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ნაკლად სწორედ სიტყვისადმი ერთგულების დეფიციტი დაასახელა. სამაგალითოდ მან ოსების მიერ გატაცებული ქართველი სამართალდამცავის ოს დამნაშავეში გაცვლაზე დათანხმება მოიშველია. არადა, ყველას ახსოვს წინა დღეებში როგორ ირწმუნებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ასეთ რამეს არ დაუშვებდნენ. ინაუგურაციიდან ერთი წლის თავზე კონსერვატორებმა პრეზიდენტს დაჭერა-გაშვების ცნობილი პროცედურა დაუწუნეს. ამასთან ერთად, გააკრიტიკეს ახალი საგადასახადო კოდექსი და თავად ისიც, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არასწორი წარმოდგენის გამო:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] “მე არ ვიცი, რა ვურჩიო სააკაშვილს - წვერი მიიწებოს და გავიდეს ხალხში, რათა გაიგოს, რა ხდება, თუ თავის მინისტრებს დაუჯეროს.”

ეს ზვიად ძიძიგური გახლდათ. მის მსგავსად, ხელისუფლების მიერ აფიშირებულ წარმატებებს მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე ციფრებით გამოსახულ წარმატებებად მიიჩნევენ სხვა ოპოზიციონერებიც. თავად სააკაშვილი კი გასული ერთი წლის წარმატებებზე სულ სხვაგვარი წარმოდგენისაა. აი, როგორ შეაჯამა მან ორშაბათს თავისი ერთწლიანი მუშაობა იმათ გასაგონად, ვინც მას PR მომუშავე პრეზიდენტს უწოდებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩემი PR-ი არის ის, რომ ჩოლოქზე აღარ დგას პოსტი. ჩემი PR-ი იქნება ის, რომ თბილისში გაკეთდება გზები, ქუთაისშიც...... ჩემი PR-ი არის არმიის გაძლიერება, ისიც, რომ გაჩნდა პოლიცია, რომელსაც ხალხი ენდობა და ის, რომ ხალხი სახელმწიფო ორგანოებს აღარ უყურებს ისე, როგორც მტერს. “

“ეს ყველაფერი ნიშნავს სახელმწიფოს გაძლიერებას, სახელმწიფოს გაძლიერება კი მთავარი პირობაა მთავარი ამოცანის, ქვეყნის გამთლიანების, მისაღწევად,” - დასძინა მან ნათქვამს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს გამთლიანებას და გაძლიერებას. “

ეს სიტყვები ზუსტად ერთი წლის წინ, 2004 წლის 25 იანვარს, საინაუგურაციო ღონისძიებაზე ითქვა. 2005 წლის იანვრის ბოლოს კი მიხეილ სააკაშვილი აფხაზებს და ოსებს სტრასბურგიდან ახალ სამშვიდობო ინიციატივას შესთავაზებს. მისივე მინიშნებით, ეს იქნება კომპრომისი, დაშვებული საქართველოს გაერთიანებისთვის, და თუ აფხაზები და ოსები მას არ მიიღებენ, საქართველოს აღარ ექნება თავი გასამართლებელი საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე. ასეთ მინიშნებას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა მოსკოვიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოწოდებით უპასუხა. ქვეყნის გაერთიანებისთვის მიძღვნილი პრეზიდენტობის ერთი წელი სააკაშვილმა მხოლოდ აჭარაში მიღწეული წარმატებით ამოწურა. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის - მით უფრო, აფხაზეთის - პრობლემა კი დაუძლეველ პრობლემად რჩება.
XS
SM
MD
LG