Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ თომას მარკერტთან – "სამხრეთი ოსეთი შეიძლება ვალდებულიც კი აღმოჩნდეს მიიღოს ეს წინადადება"


რობერტ პარსონსი, სტრასბურგი ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობის პარალელურად საქართველო-ევროსაბჭოს

თანამშრომლობა სხვა მხრივაც ვითარდება. "ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებაში გთავაზობთ ინტერვიუ თომას მარკერტთან. ის ვენეციის კომისიის მდივნის მოადგილე გახლავთ. ეს უწყება ევროსაბჭოს მრჩეველი უწყების სტატუსით სარგებლობს და საკონსტიტუციო ექსპერტიზის ფუნქცია ეკისრება. ვენეციის კომისიის ჯგუფი თომას მარკერტის ხელმძღვანელობით საქართველოს სამხრეთი ოსეთისთვის შესათავაზებელი წინადადებათა პაკეტის შემუშავება-დახვეწაში დაეხმარება. ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი სტრასბურგში რობერტ პარსონსი მას თბილისში გამგზავრებამდე ესაუბრა:

-
როგორ შეაფასებდით იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი წლის მანძილზე განხორციელდა?

-
ალბათ, იცით, ვენეციის კომისიაში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გვაქვს: ერთის მხრივ მხარს ვუჭერთ ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემის შექმნისკენ გადადგმულ ნაბიჯსა და პრემიერ-მინისტრი პოსტის შემოღებას, მეორეს მხრივ კი მიგვაჩნია, რომ ცვლილებების იმ სახით მიღება, როგორც ეს მოხდა ძალიან დიდ ძალაუფლებას ანიჭებს პრეზიდენტს და ვისურვებდით, რომ მიდგომა ყოფილიყო უფრო ბალანსირებული და როგორც პრეზიდენტმა თავადაც აღნიშნა, მომავალში ეს ასეც იქნება.

-
რას გულისხმობთ, როცა უფრო ბალანსირებულ მიდგომაზე ლაპარაკობთ?

-
განსაკუთრებით პარლამენტისა და მთავრობის ძალაუფლებას, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებასთან მიმართებით უნდა გაძლიერდეს.

-
როგორ აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება თქვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებს?

-
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო საკონსტიტუციო რეფორმას რამდენიმე წელიწადში – სავარაუდოდ, 2007 წელს მიუბრუნდება. ამ მომენტისთვის, მათ სურთ არსებული სისტემის შენარჩუნება, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მას სჭირდება დიდი ძალაუფლება აუცილებელი რეფორმების გასატარებლად.

-
ეს ძალიან საორჭოფო საკიხია, არა?

-
სწორედაც რომ და ამიტომაც იყო, რომ ჩვენ არ გვითქვამს, რომ ვეთანხმებით ამ რეფორმას, არამედ გვსურს ჩვენი შეშფოთების მიზეზების გამომზეურება.

-
მიგაჩნიათ, თუ – არა, რომ შესაძლებელია მთავრობის დარწმუნება, არის, თუ არა ის მზად კომპრომისისთვის?

-
მთლიანობაში, ვიტყოდი, რომ მზად არის. ვფიქრობ, მიმართულება, რომელიც საქართველომ აირჩია, პოზიტიურია და საქართველოს მხრიდან იგრძნობა ევროსაბჭოსთან და ზოგადად ევროპასთან თანამშრომლობაში დაინტერესება. და ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში საქართველომ უნდა მოუსმინოს ევროპას, ისევე, როგორც ჩვენ ვალდებული ვართ კარგი, დადებითი რეკომენდაციები მივაწოდოთ საქართველოს.

-
შეგიძლიათ, თუ არა დაასახელოთ საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო ერთი წლის მანძილზე გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც თქვენი შეშფოთება გამოიწვია?

-
დიახ, არის ორი ცვლილება, რომელიც ჩვენი წინადადებების უგულვებელყოფით იქნა შეტანილი კონსტიტუციაში. განსაკუთრებით გამოვყოფდი აჭარის სტატუსის საკითხს, როცა ჩვენი პოზიცია ნაკლებად საყურადღებო აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ამის გამო ჩვენ ცოტა არ იყოს გავნაწყენდით კიდეც, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა აღინიშნოს საქართველოს ხელისუფლების დაინტერესება ჩვენთან თანამშრომლობაში. ამის დასტურია ჩვენი მიწვევა სამხრეთი ოსეთის სტატუსის განსაზღვრაში დასახმარებლად. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერად გრძელდება.

-
ქართველებს მიაჩნიათ, რომ აჭარის გაიგივება სამხრეთ ოსეთთან, ან აფხაზეთთან არ შეიძლება, რადგან აქ საქმე არ ეხება ეთნიკურ უმცირესობას. ამას გარდა, აჭარის ავტონომია ხელოვნურად შეიქმნა და საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც ამას ემყარება.

-
დიახ, ასეა, ჩვენ აჭარლებს ეთნიკურ ქართველებად განვიხილავთ, თუმცა, რეგიონს გააჩნია ისტორიული თავისებურებები. რასაკვირველია, აჭარის საკითხი საბოლოოდ საქართველოს გადასაწყვეტია. ჩვენ ის გვაწუხებს, რომ აჭარის ავტონომიად საღდება ის, რაც რეალურად არ არის ავტონომია. ჩვენ გვაღელვებს ის, რომ აჭარის მიმართ ასეთმა მიდგომამ შეიძლება ხელი შეუწყოს სამხრეთ ოსებსა და აფხაზებს შორის საქართველოს მიმართ უნდობლობის ზრდას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო უფრო მეტს მისცემს... საქართველოს სურს გაცილებით მეტი მისცეს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ვიდრე აჭარას.

-
თქვენ დღეს საქართველოში მიბრძანდებით. რის თქმას აპირებთ ქართველებისთვის, როცა თბილისში ჩახვალთ?

-
არა მგონია ზუსტი რეცეპტი გვქონდეს მზად. ჩვენ უბრალოდ დავეხმარებით მათ სამხრეთი ოსეთისთვის სარწმუნო, დამაჯერებელი წინადადების შემუშავებაში, რომელიც პრინციპულად მისაღები იქნება სამხრეთი ოსებისთვის, თუკი ასეთი ნება იარსებებს და რომელიც საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერასაც დაიმსახურებს.

-
როგორ გგონიათ, საქართველოს მხარეს გააჩნია ისეთი წინადადება, რომლის განხილვაც სამხრეთი ოსეთისთვის მისაღები იქნებოდა?

-
ვფიქრობ, ეს მხოლოდ სამხრეთ ოსეთზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებული იქნება იმაზეც, დაუჭერენ თუ არა მხარს ამ წინადადებას სხვა საერთაშორისო მოთამაშეები. ასეთი მხარდაჭერის შემთხვევაში სამხრეთი ოსეთი შეიძლება ვალდებულიც კი აღმოჩნდეს მიიღოს ეს წინადადება და შეუდგეს მოლაპარაკებას.

-
გულისხმობთ თუ არა რუსეთს, როცა საერთაშორისო მოთამაშეებზე საუბრობთ?

-
რუსეთს ისევე, როგორც მიგვაჩნია, რომ გარკვეული წონა ექნება ევროკავშირისა და ეუთოს მხარდაჭერასაც. თუმცა, რუსეთის მხარდაჭერის გარეშე საგრძნობი წინსვლის მიღწევა შეუძლებელი იქნება. მჯერა, რომ რუსეთი პრინციპულად დაინტერესებულია საკითხის გადაჭრაში.

-
საქართველოს მთავრობამ სულ ახლახან მოამზადა წინადადებათა ახალი პაკეტი სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებისთვის, რომელთა თანახმად სამხრეთ ოსეთს ფართო ავტონომია ენიჭება. თუმცა, სამხრეთი ოსეთის რეაქცია ჯერჯერობით ნეგატიურია.

-
გასაკვირი არ არის, რომ პირველი რეაქცია ნეგატიურია. ამას გარდა, ეს წინადადებები შეიძლება უფრო დეტალურად უნდა დამუშავდეს. ამიტომაც არის, რომ ჩვენ სამხრეთ ოსეთშიც მივდივართ. ასე რომ, ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ ოსების პირველ რეაქციას.

-
რა რჩევას მისცემდით ქართველებს სამხრეთი ოსეთის პრობლემის მოსაგვარებლად?

-
უმთავრესი რჩევა იქნებოდა ის, რომ უნდა მომზადდეს დამაჯერებელი, სარწმუნო შეთავაზება, რომლითაც ოსებს რეალური ავტონომია მიენიჭებათ. საქართველოში მზადდება დოკუმენტები აფხაზეთზე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იქ ქმედითად უდგებიან ამ საკითხს და ამყარებს იმედს, რომ ოსეთისთვისაც შესაძლებელი იქნება დამაჯერებელი წინადადების შეთავაზება. რაც შეეხება შინაარსობრივ დეტალებს, ამაზე საუბარი ვიზიტის წინ ნაადრევად მეჩვენება. ვიზიტის შემდეგ უფრო მეტი გვეცოდინება.

-
აფხაზეთზე რას იტყოდით?

-
აფხაზეთი ყველაზე ბოლოს უნდა განვიხილოთ, მაგრამ როგორც აღვნიშნე, არასამთავრობო დონეზე ქართველი ექსპერტების მიერ მუშავდება დოკუმენტები, რომლებიც ცხადყოფს იმას, რომ საქართველოში ამ სფეროში შესამჩნევი წინსვლაა და ეს დოკუმენტები სავარაუდოდ, სამომავლო პროცესების საფუძვლად იქცევა.
XS
SM
MD
LG