Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემცირება-რეორგანიზაციის შედეგად, თბილისის მერიის თანამშრომელთა რაოდენობა განახევრდება


თბილისის მერია თანამშრომელთა 60-პროცენტიანი შემცირებისათვის ემზადება. ოფიციალური ინფორმაციით, შემცირება-რეორგანიზაცია ტესტირების საფუძველზე მოხდება,

ხოლო გამოთავისუფლებული საშტატო ერთეულები კონკურსის შედეგების მიხედვით შეივსება. კომისიას, რომელმაც თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და რაიონული გამგეობების ოპტიმიზაცია უნდა უზრუნველყოს, თავად დედაქალაქის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, საკადრო ცვლილებები, სავარაუდოდ, ორ თვეში დასრულდება.

“ნაკლები ბიუროკრატია და მეტი სამუშაო ადგილი კერძო სექტორში” - თბილისის მერიის ხელმძღვანელობა საქალაქო სამსახურებსა და რაიონულ გამგეობებში შემცირება-რეორგანიზაციის პროცესის ჩატარებას ამ დევიზით აპირებს. პირველი ვიცე-პრემიერი უჩა გელაშვილი განმარტავს, რომ 1700-მდე საშტატო ერთეულის შენახვა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს აღემატება.

[უჩა გელაშვილის ხმა] “მერიაში ამჟამად დაახლოებით 1700 ადამიანი მუშაობს. ეს იმდენად მეტია, რომ სისტემა არაეფექტური გახდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა განხორციელდეს რეორგანიზაცია შემცირებით.”

რეორგანიზაცია-შემცირება, წინასწარი მონაცემებით, მერიის თანამშრომელთა 60 პროცენტს შეეხება. ამ მიზნით დაგეგმილია სპეციალური საატესტაციო კომისიის შექმნა, რომელიც კადრების შერჩევასა და გადამზადებაზეც იზრუნებს. თუმცა, თბილისის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, მანამდე საკადრო შემცირებების პროექტი დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “საკითხი გასული იქნება საკრებულოს სხდომაზე. ამის შემდეგ ჩამოყალიბდება საატესტაციო კომისია, რომელიც თებერვლის განმავლობაში ჩაატარებს თანამშრომლების ატესტაციას. იმავდროულად, ჩვენ ვქმნით ჯგუფს ადამიანებისა, რომლებიც იმუშავებენ საშტატო განრიგზე…”

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანების სოციალური დაცვა მოქმედი კანონების ფარგლებში მოხდება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის მოქმედება 2006 წლის პირველ იანვრამდე შეჩერებულია, სავარაუდოდ, კომპენსაციას სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანები ვერ მიიღებენ. ცალკე საუბრის თემაა ტრადიციული პრობლემა, რომელიც ტესტირების სამართლიანად ჩატარებას უკავშირდება.

[ქალბატონის ხმა] “მიდის რეფორმა. რეფორმის მომხრე ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უნდა შემოვიდეს ყველაფერი ახალი - ახალი ტექნიკა, ახალი იდეები, ახალი ხალხი… - მაგრამ ისე კი არა, რომ ხალხს მოვხვიოთ ხელი და ყველა ქუჩაში გავაგდოთ - ღირსეულიც და უღირსიც.”(სტილი დაცულია)

თუმცა მერიაში მიმდინარე პროცესებისადმი მომეტებულ ინტერესს იჩენს გაერთიანებული პროფესიული კავშირების გამგეობა, რომლის თავმჯდომარე ირაკლი ტუღუში, სახელმწიფო სტრუქტურებში მიმდინარე დაუსრულებელი შემცირებებისა და “შრომის კანონის” უხეში დარღვევის გამო, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებას აპირებს:

[ირაკლი ტუღუშის ხმა] “გვქონდა მოთხოვნა ხელისუფლებისადმი შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ხელმძღვანელი მოდის თანამდებობაზე, ათავისუფლებს ტოტალურად თავის თანამშრომლებს, მერე ხან კონკურს ნიშნავს, ხან რაღაცას… ჩვენ, გარკვეულწილად, გვეგონა, რომ ეს პროცესები დამთავრდება, მაგრამ ეს ყველაფერი მიმდინარეობს განუსაზღვრელი ვადით.”(სტილი დაცულია)

პროფესიული კავშირები აქციის გამართვის თარიღად ორ თებერვალს ასახელებენ. როგორც გამგეობის პრეს-სამსახურში განმიმარტეს, საპროტესტო მსვლელობა 2 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან ხალხმრავალი მიტინგით დასრულდება.

[ქალბატონის ხმა] “ივერიიდან” დაიწყება მსვლელობა და იგი კანცელარიამდე ავა. კანცელარია იქნება ბოლო წერტილი. მთელ რუსთაველის გამზირს გავივლით… ათი ათასკაციანი მიტინგი გვაქვს დაგეგმილი.”

ერთი სიტყვით, გაერთიანებული პროფესიული კავშირების გამგეობა დანაპირებს ასრულებს და ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზებას იწყებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG