Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,წინ, საქართველო!” ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთი პროცესის მონიტორინგის უფლებას ითხოვს


საზოგადოებრივი მოძრაობა ,,წინ, საქართველო!” ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში, ბიზნესის შევიწროებასა და სახელმწიფოს ინტერესთა საწინააღმდეგო

პრივატიზაციის პროცესში ადანაშაულებს.
მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში ხელისუფლებამ ავტორიტეტი დაკარგა, რასაც ხელი შეუწყო ქვეყანაში მიმდინარე არაერთმა საეჭვო პროცესმა. საზოგადოებრივი მოძრაობა ,,წინ, საქართველო!” პრივატიზაციის, საპროცესო გარიგებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხების ხარჯვისა და შექმნილი ფონდების საქმიანობის საზოგადოებრივი მონიტორინგის უფლებას ითხოვს და ხელისუფლების პასუხს ათი დღის განმავლობაში ელის.

ის, რაც შევარდნაძის ტოტალურად კორუფციული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ათ წელიწადში დააგროვეს, ამჟამინდელი ხელისუფლების ვიწრო ჯგუფმა ერთ წელიწადში მოიპოვა, - აცხადებენ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,წინ, საქართველოს!” წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანი, პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი ბათიაშვილი, ამბობს, რომ ერთი წლის წინ სხვებთან ერთად მიესალმებოდა ხელისუფლების მიერ კორუფციასთან ბრძოლის დაწყებას, მაგრამ ამ პროცესმა სულ სხვა ხასიათი შეიძინა:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] ,,ნათელი გახდა, რომ რეალურად ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არ იყო, ეს იყო გავლენის სფეროების გადანაწილება და კორუფციამ ვიწრო ჯგუფის ხელში, ელიტარულის, მიაღწია არნახულ მასშტაბებს.” (სტილი დაცულია)

ირაკლი ბათიაშვილმა გაიხსენა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ ,,მოქალაქეთა კავშირის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეობის პერიოდში სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი ბინა 50 ათას დოლარად გაარემონტა და ჟურნალისტებს ამჟამინდელი პირველი ლედისა და სამშენებლო ფირმის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება წარუდგინა.
მოძრაობა ,,წინ, საქართველოსთვის!” წარმომადგენლებში კონკრეტული წყაროებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სერიოზულ ეჭვს იწვევს ქვეყანაში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესი, ბიზნესის წილში ხელისუფლების წარმომადგენლების ეგრეთ წოდებული ,,ჩაჯდომა” და, საპროცესო გარიგებების შედეგად ბიუჯეტსა და სხვადასხვა სფეროთა განვითარების ხელშესაწყობად შექმნილ ფონდებში ჩარიცხული თანხების განკარგვა:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] ,,აი, ეს ფონდები, რომელიც ასე ფარულად შექმნეს, ძალოვნების განვითარების, არმიის განვითარების ფონდი, სამართალდამცავების და არიცხინეს ფული ბიზნესმენებს. მე მაქვს ინფორმაცია, ოც პროცენტზე მეტიც კი არ არის წასული დანიშნულებისამებრ.” (სტილი დაცულია)

ირაკლი ბათიაშვილი ამტკიცებს, რომ ამ ფონდებში 1000 დოლარის გადარიცხვას ეკონომიკური დანაშაულის გამო გასამართლებული პატიმრების ნათესავებსაც აიძულებდნენ. რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესს, მას მოძრაობა ,,წინ, საქართველო!” სახელმწიფოს ინტერესთა საწინააღმდეგოს უწოდებს. კონკრეტულად სანაოსნოს გაყიდვასთან დაკავშირებულ მოვლენებს კი ირაკლი ბათიაშვილი ,,დიდ აფიორად” აფასებს:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] ,,ჭიათურმანგანუმს რაც ეხება, ეს ხომ იმ ჰოლდინგმა იყიდა, რომლის უკანაც დგას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გენერალი თენგიზ არშბა. ის იყო ვიცე-პრეზიდენტი.ეხლა სათათბიროს წევრია გოსდუმის. ის არის დღევანდელი სეპარატისტული ხელისუფლების ერთ-ერთი, როგორც იტყვიან, ზურგი. და აქ პირდაპირ დევს ჟვანია-ბენდუქიძის ინტერესები.” (სტილი დაცულია)

თუკი ქვეყანაში ამგვარი საეჭვო პროცესები არ მიმდინარეობს, ამაში დასარწმუნებლად ხელისუფლებამ მონიტორინგის უფლება უნდა მოგვცეს, - აცხადებენ საზოგადოება ,,წინ, საქართველოს!” ლიდერები. ერთ-ერთ მათგანს, მაია ნიკოლეიშვილს, მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ეს შანსი უნდა გამოიყენოს:

[მაია ნიკოლეიშვილის ხმა] ,,აქ არა მარტო მოძრაობის წევრები იქნებიან ჩართულები, არამედ იქნებიან საზოგადოების ფართო წრეებიდან. სწორედ იმ საზოგადოების, რომელსაც აინტერესებს რა ხდება; იმ საზოგადოების, რომელსაც ლევან რამიშვილისა და ,,კმარას” ექსპერტობა ყელში ამოუვიდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სპექტრი აწყობს ხელისუფლებას.” (სტილი დაცულია)

მოძრაობა ,,წინ, საქართველოსთვის!” აცხადებს, რომ ხელისუფლებისადმი მონიტორინგთან დაკავშირებული მიმართვა არის კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი და არა ,,ოპოზიციონერობა ოპოზიციონერობისთვის.” მოძრაობის წარმომადგენლები მათი წინადადებისადმი მთავრობის საპასუხო რეაქციას 10 დღის განმავლობაში დაელოდებიან და, ხელისუფლების დუმილის შემთხვევაში, სასამართლოს მიმართავენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG