Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშაბათს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა


დღეს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. რამდენიმე თვის განმავლობაში დეპუტატები სამოცამდე ახალ კანონპროექტსა და უკვე არსებული კანონების ცვლილებებზე იმსჯელებენ.

მთავარი სიახლე ის იქნება, რომ პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ შეცვლის ქვეყნის კონსტიტუციას.

პარლამენტის ოფიციალურად გახსნილი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა 8 თებერვალს გაიმართება. კომიტეტებსა და ფრაქციებში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა იმ კანონპროექტებზე, რომელთა დამტკიცება დეპუტატებს უახლოეს ხანში მოუწევთ. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, საყურადღებო საკითხთა შორის ასახელებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის კანონების ცვლილებების პროექტს, ზოგადი განათლების კანონპროექტს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას კონსტიტუციის მოსალოდნელ შეცვლას ანიჭებს:

[გიგა ბოკერიას ხმა] ,,პირველ რიგში, ახლა საკონსტიტუციო ცვლილებებია შემოტანილი და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ანუ ჯერ ცვლილებების პაკეტი მზადდება, ხოლო შემდეგ მთელი ამ წლის განმავლობაში, ალბათ, მუშაობა იქნება არსებითად ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე.” (სტილი დაცულია)

კონსტიტუციის შეცვლის ინიციატივით პარლამენტს პრეზიდენტმა მიმართა. საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესის შეცვლასა და დეპუტატთა რაოდენობის 150-მდე შემცირებაზე. ამ ბოლო ინიციატივას პარლამენტის რესპუბლიკელი დეპუტატი დავით ბერძენიშვილი ,,ზერელე დამოკიდებულების გაგრძელებას” უწოდებს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,ჩვენ არ ვიცით 150 გვჭირდება, 120 თუ 167. ამიტომ ეს უნდა იყოს დაკავშირებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ რეფორმასთან. ასე მხოლოდ ციფრი განვსაზღვროთ და თან იქ წერია, რომ არჩევის წესი განისაზღვრება შემდეგ ორგანული კანონით, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ყოველი არჩევნების წინ იმ დროისთვის არსებული უმრავლესობა მიიღებს ისეთ საარჩევნო კანონს, როგორიც მისთვის იქნება საჭირო.” (სტილი დაცულია)

დეპუტატთა რაოდენობის შემცირების იდეა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ მხარი 2003 წლის ნოემბერში გამართულ რეფერენდუმზე დაუჭირა, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტად გასული წლის ბოლოს იქცა. ამასთან, მითითებული არ ყოფილა არც დეპუტატების არჩევის წესი და არც ვადა. სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია საკონსტიტუციო ცვლილების კიდევ ერთმა პროექტმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესის შეცვლას შეეხება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი ხუხაშვილის განმარტებით, სპეციალურ კომისიას ცვლილებების საბოლოო ვარიანტზე მუშაობა ჯერჯერობით არ დაუსრულებია:

[გიორგი ხუხაშვილის ხმა] ,,მიმდინარეობს ჩასწორების პროცედურები და, წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, კომისია დადებს შესაბამისად უკვე გადამუშავებულ კანონპროექტს.” (სტილი დაცულია)

იმას, რომ პრეზიდენტმა ხელი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ხარვეზიან ვარიანტს მოაწერა, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლებიც აღიარებენ. ამ ფაქტს კონსერვატორი დეპუტატი კახა კუკავა ევროსაბჭოს უკმაყოფილებასაც უკავშირებს:

[კახა კუკავას ხმა] ,,ჩამოვიდა ვენეციის კომისია, რომელმაც კატეგორიული მოთხოვნა წაუყენა, რომ მისი დასკვნის გაცემამდე არ უნდა ყოფილიყო ეს კონსტიტუციური ცვლილებები წარდგენილი. ეხლა დაიწყო დამნაშავის ძიება და გამოვიდნენ ბოკერია, ბეჟაშვილი, კემულარია და ერთმანეთს აბრალებენ, ვინ არის ამ კანონპროექტის ავტორი. ეს არის სრულიად ანეკდოტური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტს ხელი აქვს მოწერილი კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტზე და ვინ არის ავტორი, დადგენილი არ არის.” (სტილი დაცულია)

საგაზაფხულო სესიის დაწყების წინ პარლამენტის თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ დეპუტატები პროცედურას აღარ დაარღვევენ და არ დაუშვებენ კანონპროექტების დაჩქარებული წესით დამტკიცებას. როგორ მოიქცევა საპარლამენტო უმრავლესობა, როდესაც მას და პრეზიდენტს რომელიმე კანონი კვლავ სასწრაფოდ დასჭირდებათ, ამას 8 თებერვლიდან ვნახავთ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG