Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში შამილ ბასაევი აცხადებს, რომ ბესლანის მსგავსი აქტები კიდევ განმეორდება


ჩეჩენი მეამბოხეების საველე მეთაური შამილ ბასაევი, რომლის სახელს ბესლანის მოვლენებთან ერთად კიდევ სხვა ტერორისტულ აქტებს უკავშირებენ,

აცხადებს, რომ კვლავაც გეგმავს მსგავსი აქტების განხორციელებას. ეს კომენტარები ბასაევმა ხუთშაბათს, ბრიტანეთის ტელევიზიით გააკეთა, როდესაც ტელეკომპანია ’მეოთხე არხმა’ მასთან წინასწარ ჩაწერილი ინტერვიუდან რამდენიმე ხანგრძლივი ნაწყვეტი გაუშვა ეთერში. ბასაევის ინტერვიუს ეთერში გასვლას აღშფოთებით გამოეხმაურა რუსეთის მთავრობა. ხელისუფლების აზრით, რეკლამის გაწევა ადამიანისთვის, ვინც ასობით რუსი მოქალაქის მკვლელობას აღიარებს, უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო ’მეოთხე არხის’ მხრიდან. ამავროულად, ინტერვიუ, რომელიც, ’მეოთხე არხის’ თქმით, ბასაევის თანაშემწეებმა დაახლოებით სამი კვირის წინ ჩაწერეს, აქარწყლებს მოსკოვის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ბასაევი ცოტა ხნის წინ, შეტაკებისას მოიკლა.

ეკრანზე ისლამური დროშის ფონზე თავისუფალ პოზაში მჯდომი წვეროსანი მამაკაცი ჩანს. მას გვერდით კომპუტერი უდევს, მაისურზე რუსული ასოებით ’ანტი-ტერორისტი’ აწერია, და ექვსლულიანი ყუმბარსატყორცნი უჭირავს.

ეს შამილ ბასაევია - ჩეჩენი მეამბოხეების საველე მეთაური და რუსეთის ყველაზე ცნობილი ძებნილი. და გუშინ იგი დიდი აუდიტორიის წინაშე ტელევიზიით გამოვიდა და ბესლანის მსგავსი სისხლიანი მოვლენების გამეორების პირობა დადო.

[ტელეწამყვანი]: ეს კოშმარის სინონიმად და რუსულ თერთმეტ სექტემბრად იქცა. ბესლანის პირველი სკოლიდან მძევლების გათავისუფლების მცდელობის დროს 330 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა - მატ შორის უმეტესობა ბავშვი იყო. ადამიანი, რომელიც გასული სექტემბრის სისხლიანი მოვლენების უკან იდგა, დრეს ’მეოთხე არხს’ ეუბნება, რომ იგივეს გაიმეორებს.

ბრიტანულმა ტელეკომპანია ’მეოთხე არხმა’ ხუთშაბათის ახალი ამბების გამოშვებაში ბასაევის ინტერვიუ გაუშვა - რომელიც გასულ თვეში ბასაევის თანაშემწეების მიერ იყო ჩაწერილი. ბასაევი პასუხობდა შეკითხვებს, რომლებიც ’მეოთხე არხის’ ჟურნალისტებმა ბესლანის მოვლენების დამთავრებისთანავე დაწერეს და საველე მეთაურს ნაცნობების ქსელის მეშვეობით გადასცეს.

ინტერვიუს ეთერში გასვლამ რუსეთის აღშფოთება გამოიწვია. რუსეთს ბასაევის დაჭერისთვის ათი მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული. დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბასაევისთვის ეთერის დათმობის გამო მწვავედ გააკრიტიკა ’მეოთხე არხი’ და ბრიტანეთის მთავრობა. სამინისტრო ბასაევს ალ-ყაედასთან კავშირში ადანასაულებს და აცხადებს, რომ ეს ინტერვიუ - ციტატა - ’პირდაპირ ინფორმაციულ დახმარებას უწევს ჩრდილოეთი კავკასიის ტერორისტებს’.

მაგრამ ’მეოთხე არხმა’ განაცხადა, რომ მას ინტერვიუს ეთერში გაშვების სრული უფლება ჰქონდა. ტელეკომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს არაფრით განსხვავდებოდა ოსამა ბინ ლადენის ჩანაწერების ჩვენებისგან, რაც დასავლური ტელეკომპანიებისთვის ხშირი პრაქტიკაა.

მეოთხე არხის წამყვანმა, ჯონ სნოუმ, ტელეკომპანიის გადაწყვეტილება უშუალოდ ეთერში ასე ახსნა:

[სნოუს ხმა]: საქმეში რუსეთის მთავრობა ჩაერია, და ბრიტანეთის ოფიციალურ სტრუქტურებს თხოვნით მიმართა, არ დაეშვათ მასალის ეთერში გასვლა. ჩვენთვის გასაგებია, რომ მაყურებლებისთვის ბასაევის შეხედულებები შემაძრწუნებელი იქნება, მაგრამ ამავდროულად მივიჩნევთ, რომ საზოგადოებაში არსებობს ინტერესი იმის მიმართ, თუ რა გამართლების უძებნის ბასაევი ბავშვების მკვლელობას. ჩვენი კორესპონდენტის, ჯონათან მილერის ეს რეპორტაჟი მართლაც შეიცავს უსიამოვნო კადრებს’.

ბასაევმა არა მხოლოდ ბესლანის მოვლენებში აღიარა მონაწილეობა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ მონაწილეობდა მოსკოვის თეატრში ნორდ-ოსტის წარმოდგენის დროს განხორციელებულ თავდასხმაში, სადაც 120 ადამიანი გარდაიცვალა; მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებებში; და ორი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებაში ბესლანის მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე.

’მეოთხე არხზე’ გაშვებულ ინტერვიუში ბასაევმა განაცხადა, რომ თავდაპირველად მის გეგმაში ექსტრემისტების მიერ მოსკოვის ან სანკტ-პეტერბურგის რომელიმე სკოლის აღება - ან ამის ორივე ქალაქში ერთდროულად განხორციელება - შედიოდა, და რომ ბესლანის არჩევა თანხების ნაკლებობამ განაპირობა.

ამავდროულად, მან განაცხადა, რომ შოკირებულია ბესლანის სისხლიანი დასასრულით - რასაც მან ’სისასტიკე’ უწოდა. იმით, რომ რუსული სპეციალური დანაყოფების შტურმის შედეგად 330 ბავშვი, მასწავლებელი და მშობელი დაიღუპა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ლონდონში, ნატალია გოლიცინამ, ბასაევის კომენტარები ასე დაახასიათა:

[გოლიცინას ხმა]: იგი ამბობს, რომ თვითონ იყო შოკირებული იმით, რაც ბესლანში მოხდა. ბესლანის ტრაგედიაში და ბავშვების დაღუპვაში ბასაევი რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. ამბობს, რომ მათ სკოლას ცეცხლსარტყორცნებიდან ესროლეს, რამაც ხანძარი და შენობის სახურავის ჩამონგრევა გამოიწვია’

მეოთხე არხზე გასულ სიუჟეტში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული შტურმის კადრებიც იყო გამოყენებული. თუმცა ჟურნალისტებმა ისიც აღნიშნეს, რომ არსებობს ბასაევის პარტიზანების მიერ გადაღებული ვიდეომასალაც, რომელიც ექსტრემისტების მხრიდან ბავშვი მძევლების წვალებას და დაშინებას ასახავს.

ბასაევმა მსგავსი თავდასხმების გამეორების პირობა დადო, და რუსეთის მთავრობის და კონკრეტულად ვლადიმერ პუტინის მიმართ მწვავე განცხადებები გააკეთა. პუტინი კვლავაც უარს ამბობს სეპარატისტ ექსტრემისტებთან მოლაპარაკებების გამართვაზე. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ორასი ათასი ჩეჩენი დაიღუპა ომში. ჩეჩენი მოქალაქეების მოტაცებები და მკვლელობები კვლავაც გრძელდება. ბასაევმა განაცხადა, რომ სანამ ეს ყოველივე არ შეწყდება, იგი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმების მოწყობას.

ნატალია გოლიცინას თქმით, ბასაევმა ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდასხმების სამიზნედ არა მხოლოდ ფედერალურ ძალებს, არამედ მოქალაქეებსაც განიხილავს:

[გოლიცინას ხმა]: შამილ ბასაევი ინტერვიუში აცხადებს, რომ იგი არა მხოლოდ რუსეთის ჯარს აღიქვამს თავის მტრად, არამედ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც გადასახადების იხდიან და ომს აფინანსებენ, ან ჯარისკაცებს აგზავნიან საომრად. იმ მღვდლებსაც კი, რომლებიც საომარ ოპერაციებს ლოცვა-კურთხევას აძლევენ.

’მეოთხე არხის’ თქმით,ბასაევმა აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ჩეჩნეთში განხორციელებულ ქმედებებს ბუმერანგის ეფექტი ექნება, და ეს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ’ევროპას და მთელ მსოფლიოს’ შეეხება.

ხუთშაბათს რუსეთის საელჩომ ლონდონში ინტერვიუს ეთერში გასვლის შეჩერება სცადა, მაგრამ უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად წარმომადგენლის გაგზავნაზე.

დღეს რუსეთი აცხადებს, რომ გუშინდელი ეთერის საპასუხოდ ბრიტანეთის სასამართლო სისტემისგან ’ადექვატურ’ რეაგირებას მოელის.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG