Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“საპატიო ყარაული” დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან


საქართველოს დედაქალაქში

სხვადასხვა დონის უმაღლესი შეხვედრების, საზეიმო ცერემონიებისა თუ სახელმწიფო მოღვაწეების დაკრძალვის პროცესიაში წინა პლანზე ყოველთვის ჩანან ბრწყინვალე მუნდირში გამოწყობილი საპატიო ყარაულის წევრები. უბრალო მოქალაქეები ლამის ყოველდღიურად ხედავენ მათ გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის კედელთან. თუმცა ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ბრწყინვალე მუნდირში გამოწყობილი საპატიო ყარაულის წევრები ჩვეულებრივი ჯარისკაცები არიან და რომ დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი მათთვის ნომერ პირველი საბრძოლო პოსტის მოვალეობას ასრულებს.

გმირთა მოედანზე, ვარაზის ხევისა და კოსტავას ქუჩის კუთხეში, 2002 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი აიგო. ახალი საქართველოს გმირთა პარკის გაშენების იდეა მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ დაახლოებით 12 მეტრის კედელზე ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული 3000-ზე მეტი მებრძოლის გვარი. მემორიალის ატრიბუტიკას წარმოადგენს მარადიული ცეცხლი, საქართველოს დროშები და, რა თქმა უნდა, სააღლუმო ფორმაში გამოწყობილი საპატიო ყარაული, რომელიც ყოველ დილით, 8 საათზე, დარსა თუ ავდარში, ასრულებს სავალდებულო რიტუალს.

[საპატიო ყარაულის ფეხის ხმა და ბრძანებები]

6 თვის წინ, როდესაც, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, მემორიალთან პირველად გამოჩნდა საპატიო ყარაული, თბილისელებს ეგონათ, რომ ეს მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება იქნებოდა და მას იგივე ბედი ეწეოდა, რაც სააკაშვილის მინისტრობის დროს იუსტიციის სამინისტროს წინ მდგარ თეთრფორმიან დაცვას. მაგრამ დროთა განმავლობაში საპატიო ყარაულის სამსახური კიდევ უფრო დაიხვეწა. ქალბატონი ლელა ონიანი, რომელმაც აფხაზეთში ბიძა და დეიდაშვილი დაკარგა, ფიქრობს, რომ ასეთი მემორიალი და მასთან მდგარი საპატიო ყარაული დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის დადასტურებაა:

[ლელა ონიანის ხმა] “ძალიან, ძალიან. ნამდვილად საჭიროა. ძალიან მოგვწონს. ეკუთვნოდათ ამათ ეს და ძალიან კარგი, რომ დააყენეს.”

გადამდგარი ოფიცერი გიორგი ბუჯიაშვილი, რომელიც ხსოვნის კედელზე თავისი დაღუპული თანასოფლელის გვარს ეძებდა, დარწმუნებულია, რომ მსგავს მემორიალს, სანახაობითის გარდა, აღმზრდელობითი დანიშნულებაც აქვს:

[გიორგი ბუჯიაშვილის ხმა] “დანიშნულება მომავალი თაობებისათვის, ალბათ, აქვს, იმიტომ რომ ყველა გაზეთი არ შეინახება და ვერ წაიკითხავს ყველა, ამას კი ნახავს ახალგაზრდობა და, ალბათ, გაუჩნდება პატრიოტული გრძნობა.”

რაც შეეხება მომავალ თაობას, ხსოვნის კედელთან მასწავლებლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ხშირად დაჰყავთ თავიანთი მოსწავლეები ექსკურსიაზე. უმცროსი კლასის მოსწავლეებმა ბევრი არაფერი იციან ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამხედრო დაპირისპირებაზე, სამაგიეროდ, არ მალავენ, რომ საპატიო ყარაულის ჯარისკაცები მათზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

[მოსწავლეების ხმა] “მე ჯარისკაცები მომეწონა/ მე მომეწონა ხმალი/”

ხსოვნის კედელთან ყოველდღიურად სარიტუალო ასეულის მებრძოლები მორიგეობენ. ასეულში სამი ოცეულია, რომელიც მორიგეობით ენაცვლება ერთმანეთს. საბრძოლო მორიგეობა ხსოვნის კედელთან ერთ საათს გრძელდება. შემდეგ ათეულის მეთაური, სერჟანტი, ყარაულის შეცვლის განკარგულებას იძლევა, რაც თავისთავად ცალკე სანახაობაა.

[ყარაულის გადაადგილების ხმა]

სარიტუალო ასეულში მეორე წელია მსახურობს პოლონელი წარმომავლობის კაპრალი ევგენი გოლოცუცკი. მას, თავის ასეულთან ერთად, არაერთი სახელმწიფოს მეთაურის დახვედრის ცერემონიაში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ევგენი ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანს ხსოვნის კედელთან დგომა წარმოადგენს, რადგან ამით დაღუპული მებრძოლების წინაშე ერთგვარ ვალს იხდის:

[ევგენი გოლოცუცკის ხმა] “ის ბიჭები, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დიდი გააკეთეს, რა, და რაც ახლა შეუძლებელია ჩვენთვის იგივეს გაკეთება. ვალში ვართ მაგ ბიჭებთან და ხსოვნასთან და პატივით ვდგავართ აქ.”[სტილი დაცულია]

ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ტრადიცია არსებობს, ბოლო ხანს თბილისშიც გავრცელდა საპატიო ყარაულის გვერდით სურათების გადაღება. მით უფრო, რომ თავდაცვის სამინისტროს საპატიო ყარაულის ყველა ჯარისკაცი 180 სანტიმეტრზე მაღალია, ყველა სპორტული აღნაგობისაა და შესანიშნავად ფლობს სამწყობრო სიარულის ილეთებს. ჩემი თანამოსაუბრეები სიცილით ამბობენ, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით გოგონები გამოირჩევიან:

[სიცილის ხმა] “სუ ყოველთვის მოდიან. აი, ახლა ასეთი შემთხვევაც იყო: მოსული იყვნენ გოგონები და ძეგლები ვეგონეთ, მაგრამ თვალებით ყურება რომ დავიწყეთ, გაიგეს, რომ..”(სტილი დაცულია)

თუმცა ბრწყინვალე მუნდირები და მოსეირნე ლამაზმანების ყურადღება არ არის მთავარი მოტივაცია საპატიო ყარაულის ჯარისკაცებისათვის. ამ ნაწილში ჩარიცხვის შემდეგ ჯარისკაცებს 3 წლიანი კონტრაქტი უფორმდებათ და მათი ხელფასი დაახლოებით სამას ლარს შეადგენს. თუმცა საქართველოს თავდაცვის მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნის შემდეგ დაწყებული რეორგანიზაცია საპატიო ყარაულსაც შეეხო და მისი მებრძოლები მეორე კატეგორიის სახელფასო განაკვეთზე გადაიყვანეს, რის გამოც მათ ანაზღაურება შეუმცირდათ. ასე რომ, თუ თბილისში ხსოვნის კედელთან მდგარი ჯარისკაცები აღარ იღიმებიან, ეს მხოლოდ იმის ბრალი არ არის, რომ მათ ხერიოზული გამომეტყველება პროტოკოლის თანახმად ევალებათ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG