Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში მომხდარი ტერაქტის გამო იზრდება სირიაზე დიპლომატიური ზეწოლა


გაეროს უშიშროების საბჭო გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ორშაბათს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

ამ ტერაქტს ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, საბჭომ კვლავ მოითხოვა, ლიბანის ტერიტორია დატოვონ სირიის ჯარებმა. დიპლომატები შიშობენ, რომ ლიბანში დესტაბილიზაციამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში გაზაფხულისთვის დაგეგმილ ეროვნულ არჩევნებს.

გაეროს უშიშროების საბჭომ სამშაბათს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც იგი სთხოვს გენერალურ მდივან კოფი ანანს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ჰარირიზე თავდასხმის ფაქტზე.

უშიშროების საბჭო აგრეთვე მოითხოვს, შესრულდეს ლიბანის საკითხზე გასულ წელს მიღებული რეზოლუცია და ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანილ იქნეს სირიის 15 000-კაციანი ჯარი.

მართალია, სამშაბათს მიღებულ რეზოლუციაში არ არის ნახსენები ხუთი თვის წინანდელი 1559-ე რეზოლუცია, მაგრამ როგორც გაეროში საფრანგეთის ელჩმა, ჟან-მარკ დე ლა საბლიერმა თქვა, უშიშროების საბჭომ სრულიად მკაფიო მინიშნება გააკეთა სირიის მისამართით.

[დე ლა საბლიერის ხმა] „საქმე ზეწოლაში არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეზოლუცია განხორციელდეს. დღეს უშიშროების საბჭომ სთხოვა ყველა მხარეს, სრულად ითანამშრომლოს წინა რეზოლუციების - მათ შორის, 1559-ე რეზოლუციის - განხორციელებაში, რაც საჭიროა ლიბანის პოლიტიკური დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.”

საფრანგეთისა და ამერიკის დიპლომატთა თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია ბეირუთში ორშაბათს მომხდარი აფეთქებისთვის პასუხისმგებლობის ვინმესთვის დაკისრება. მიუხედავად ამისა ორივე ქვეყანა დაბეჯითებით აცხადებს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე სირიის ჯარების ყოფნა დესტრუქციული ფაქტორია.

რაფიკ ჰარირი ოქტომბერში გადადგა ლიბანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მას მერე, რაც ნათელი გახდა, რომ სირია პრეზიდენტ ემილ ლაჰუდისთვის ((თუ: ლაუდისთვის??)) საპრეზიდენტო ვადის გაგრძელებისთვის იბრძოდა. ჰარირი უკანასკნელ ხანებში სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა ლიბანის საშინაო საქმეებში სირიის ჩარევას.

გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა ენ პატერსონმა უკუაგდო ბრალდება, რომ ვაშინგტონი ორშაბათს მომხდარი აფეთქების პოლიტიზების გზით სირიაზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობს.

[პატერსონის ხმა] „ჩვენი მხრიდან ეს არ არის პოლიტიკური აქტი. ვფიქრობ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უშიშროების საბჭო დიდი ხანია დაკავებული ამ საკითხით და მისი პოზიცია ყოველთვის იყო ძალზე არაორაზროვანი, რომ უცხო ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ლიბანის საქმეებში ჩარევა.”

სხვათა შორის, კოფი ანანმა აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე გაგზავნა დამასკოში თავისი წარმომადგენელი, რათა მოეთხოვა სირიისთვის ჯარების გაყვანის თაობაზე მიღებული რეზოლუციის შესრულება. ჯერჯერობით არ არის ნათელი, აფეთქების შემდეგ რა ზომებს მიმართავს გენერალური მდივანი.

რაც შეეხება ლიბანის ხელისუფლებას, ჯერჯერობით ცნობილია, რომ იგი ემხრობა ვერსიას, რომლის თანახმად, ტერაქტი თვითმკვლელის ნახელავია.

შეერთებული შტატების დიპლომატთა თქმით, მათ მოსთხოვეს უშიშროების საბჭოს, დამსჯელი ზომები იქნეს გამოყენებული ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებელთა მიმართ.

ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია დამასკოს წინააღმდეგ ახალი სანქციების საკითხს განიხილავს. ლიბანში სირიის როლის გარდა ვაშინგტონი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სირია პალესტინელ და ერაყელ მეამბოხეებს თავისი ტერიტორიიდან მოქმედების საშუალებას აძლევს.

უშიშროების საბჭოს სამშაბათის სხდომაზე ლიბანის სუვერენიტეტზე მსჯელობის კონტექსტში საგანგებო ადგილი დაეთმო ჰარარის მკვლელობის შესაძლო გავლენას საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, რომელიც აპრილ-მაისისთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG