Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საგადასახადო კოდექსის სისუსტეებმა თავი საბიუჯეტო შემოსავლებში იჩინა


პირველი მარტიდან ძალაში შედის საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი ბრძანებულება, რომელიც ბაზრებსა და

ბაზრობებზე სიგარეტისა და სპირტიანი სასმელების რეალიზებას კრძალავს. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა ხსნის კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობით, რაც კიდევ უფრო აქტუალური გახდა ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეგ. რა კავშირი არსებობს კონტრაბანდის ზრდასა და ახალ საგადასახადო კოდექსს შორის?

[ისმის აქციის მონაწილეთა ხმა]

ესენი არიან სიგარეტით მოვაჭრეთა იმ საპროტესტო აქციის მონაწილენი, რომელიც 28 თებერვალს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინ გაიმართა. ისინი სამუშაო ადგილებისა და, შესაბამისად, არსებობის წყაროს შესანარჩუნებლად იბრძვიან. თუმცა ძნელი სავარაუდოა მათი მოთხოვნა გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობამ, რომელიც სიგარეტის მომძლავრებულ კონტრაბანდასთან ბრძოლას ბაზრობებზე სიგარეტით ვაჭრობის აკრძალვით ცდილობს.

[დავით კეზერაშვილის ხმა] ”ეს ხდება იმისათვის, რომ მოხდეს კონტროლი ხარისხის და იმის, თუ რამდენად სწორად არის შემოტანილი აღნიშნული პროდუქცია.”

ეს არის ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი, რომელსაც ახლა ბაზრობებზე სიგარეტით ვაჭრობასთან ბრძოლა ევალება. მის უწყებას არაერთხელ მოუწევს სიგარეტით მოვაჭრეებთან შებრძოლება, რადგან ისინი სამუშაო ადგილების დათმობას არ აპირებენ. უმუშევრად დარჩენის პერსპექტივის მქონე მოქალაქეებს, მათი პროტესტის პასუხად, ხელისუფლება შეახსენებს, რომ სამუშაო ადგილების გაუქმების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადდა:

[კახა დამენიას ხმა] ”ეს არ არის გუშინ და დღეს მიღებული გადაწყვეტილება. ეს პერიოდი გათვალისწინებული იყო, ზუსტად რიცხვი არ ვიცი, მაგრამ 1-2 კვირის წინ იყო გამოქვეყნებული უკვე და ამ კუთხით ეს მიზეზი იქნება ყოველთვის.”(სტილი დაცულია)

ეს იყო ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე კახა დამენია, რომელიც, ისევე როგორც მთავრობის სხვა წარმომადგენლები, არაფერს ლაპარაკობს სიგარეტით გარეთ ვაჭრობის აკრძალვის რეალურ მიზეზებზე. საქმე ისაა, რომ ახალმა საგადასახადო კოდექსმა, რომლის მიხედვითაც საგრძნობლად გაიზარდა სიგარეტის სააქციზო გადასახადი, კონტრაბანდის ზრდას მისცა ბიძგი. შესაბამისად, შემცირდა ამ სფეროდან ბიუჯეტში შესული გადასახადები. არაოფიციალური ინფორმაციით, რომელიც არ უარყო პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, მხოლოდ იანვარში ბიუჯეტს დაახლოებით 15 მილიონი ლარი დააკლდა.

[კახა კუკავას ხმა] ”სამუშაო ადგილების შემცირებით თუ აპირებს ის ამ აღურიცხავი სიგარეტის ბრუნვის შემცირებას, ჩვენ ვიქნებით ამის წინააღმდეგი, იმიტომ რომ ბიუჯეტის ფისკალურ ეფექტზე უფრო მეტი ფასეულობა არის სამუშაო ადგილების შექმნა.”

ეს არის კახა კუკავა, საქართველოს პარლამენტის წევრი. მის მსგავსად ფიქრობს ბევრი სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომლებიც ფისკალური ეფექტის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შეკვეცის მაგივრად, საგადასახადო კოდექსის დახვეწას მოითხოვენ. საგადასახადო კოდექსი რომ შესწორებებს საჭიროებს, ამას საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრიც აღიარებს.
XS
SM
MD
LG