Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრები უქმდება


საქართველოს პარლამენტის მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებების წყალობით, აზრი ეკარგება უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო

კათედრების ფუნქციობას. ცვლილების თანახმად, სამხედრო კათედრის გავლა აღარ მიიჩნევა სამხედრო სამსახურის მოხდის ფორმად, ანუ სტუდენტი არ თავისუფლდება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებულ ამ სიახლეს არდადეგებიდან დაბრუნებული სტუდენტები აპროტესტებენ. მათი ერთი ნაწილი სპორტის სასახლის წინ შეიკრიბა და კანონში შეტანილი ცვლილებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა სცადა.
[მამაკაცის ხმა] “მეგობრებო, ჩვენი მოთხოვნაა, ყველა იმ სტუდენტს, რომელიც ამჟამად ირიცხება სამხედრო კათედრაზე, დაამთავრებინონ და მივიღოთ ჩვენი სამხედრო ბილეთები...”
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, სამხედრო ბილეთის გარდა, ხელისუფლებისგან ფულის უკან დაბრუნებასაც ითხოვენ. საქმე ის არის, რომ ეგრეთ წოდებული ფასიანი ჯგუფის სტუდენტები სამხედრო კათედრის გასავლელად ყოველი სემესტრის დაწყების წინ 20-30 დოლარს იხდიდნენ:
[მამაკაცის ხმა] “გადასახადები იყო. 20 დოლარს ვიხდიდით სემესტრში. მოვითხოვთ, რომ ეს ფული დაგვიბრუნონ ან კათედრა დაგვამთავრებინონ ბოლომდე. მეოთხე კურსელები ვართ. შუა სწავლაში შეგვიწყვიტეს და გამოგვიცხადეს, გაუქმებულია კათედრაო. ან ფული დაგვიბრუნონ, ან სწავლა დაგვამთავრებინონ.”
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტუდენტებს შეუძლიათ მშვიდად გააგრძელონ სწავლა, რამეთუ კანონში შეტანილი ცვლილება სამხედრო კათედრების გაუქმებას არ ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილის დავით სიხარუძილის განმარტებით, უბრალოდ, კათედრის გავლა აღარ მიიჩნევა სამხედრო სამსახურის მოხდის ფორმად:
[დავით სიხარულიძის ხმა] “კათედრებს არ აუქმებს კანონი. უბრალოდ, სამხედრო სამსახურის მოხდის ფორმა აღარ არის სამხედრო კათედრაზე სიარული და არ ათავისუფლებს სამხედრო სამსახურიდან, არ ანიჭებს წოდებას. კანონი იმას, იქნება თუ არა კათედრა, არ განსაზღვრას. ეს უმაღლესი სასწავლებლის გადასაწყვეტია.”
თუმცა საკითხავია, უნდათ კი სტუდენტებს სამხედრო კათედრაზე სიარული, თუკი იგი ჯარისგან არ ათავისუფლებს. “რისთვის არსებობს სამხედრო კათედრა?” - მე ამ კითხვით ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს მივმართე.
[მამაკაცის ხმა] “სამხედრო ბილეთი რომ აიღო და აღარ წაგიყვანონ ჯარში, იმიტომ სწავლობ. არ ვიმსახურებს, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ვიმსახურო ჯარში.”
თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 24 წლამდე ასაკის სტუდენტებს მხოლოდ ერთხელ ექნებათ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლება, ანუ მათ სასწავლებლის დამთავრებამდე ჯარში არ გაიწვევენ. თუმცა, კანონში შესული ცვლილების თანახმად, წვევამდელს მეორედ აღარ გადაუვადდება გაწვევა, თუნდაც მან ამისათვის სხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს. სამინისტროში ასევე მიიჩნევენ, რომ სამხედრო კათედრების საქმიანობა შეიარაღებული ძალების თანამედროვე მოთხოვნილებებზე არ არის ორიენტირებული. დავით სიხარულიძის თქმით, გაუმართლებელია რესურსების უსარგებლოდ ხარჯვა ოფიცერთა ისეთი კადრების მომზადებაში, რომელთაც შეიარაღებული ძალები ვერ გამოიყენებს. მინისტრის მოადგილის ამ მოსაზრებას სამხედრო პედაგოგი, პოლკოვნიკი ნოდარ ცხადაია ასე უპასუხებს:
[ნოდარ ცხადაიას ხმა] “შემიძლია ნებისმიერი სტუდენტი ავიყვანო, პროგრამა ავიღო და შევამოწმო. სამიანზე მაინც იციან. მე ვასწავლიდი. მოდით, სხვანირად მივუდგეთ: რას ვაკეთებდით ცუდს? ხომ ვასწავლიდით რაღაცებს? რა, ჯარისკაცების ცოდნას არ სჯობდა?”

თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც სამხედრო კათედრების გაუქმების ტოლფასია, უკვე მიღებულია. პროცესი რომ შეუქცევადია, ამაზე თუნდაც შემდეგი ფაქტი მეტყველებს: იმ შენობაში, სადაც ათწლეულების მანძილზე ტექნიკური უნივერსიტეტის სამხედრო კათედრა იყო განთავსებული, სულ მალე კერძო უმაღლესი სასწავლებელი - “კავკასიის ბიზნეს-სკოლა” - დაიდებს ბინას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG