Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საპრივატიზებო მარათონში” საქართველოს ენერგოსექტორიც ჩაერთო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი წელს საქართველოში დაწყებული „საპრივატიზებო მარათონი“ საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორსაც შეეხება. საქართველოს მთავრობა ამ სექტორში დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს იწყებს.

რომელ ენერგოობიექტებს გაყიდის მთავრობა და როგორ მოხდება ამ სექტორის რესტრუქტურიზაცია?

მთავრობა გასული კვირის ცნობილი ”ენერგეტიკული სხდომის” შემდეგ ამ თემას ისევ უბრუნდება და ენერგოსექტორის დაჩქარებული პრივატიზების განაცხადს აკეთებს. სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის თქმით, ენერგოსექტორის რეფორმირების გეგმა სექტორში პრივატიზაციის, რესტრუქტურიზაციისა და ინვესტირების პროცესების ერთდროულად წარმართვას გულისხმობს, ხოლო ენერგოობიექტების პრივატიზაციიდან მიღებული თანხები, ბიუჯეტის გვერდის ავლით, ისევ სექტორში ინვესტირებას მოხმარდება. კახა ბენდუქიძე ენერგოობიექტების ფორსირებული ტემპით გაყიდვის დასრულებას ზაფხულის ბოლომდე გვპირდება.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს სადღაც 200 მილიონ ლარამდე ინვესტიციები ამ დარგში. ეს, ჩვენი აზრით, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ეს კომპანიები გადაიქცნენ ეფექტურ კომპანიებად და თუ კარგად წაგვივიდა საქმე, ჩვენ ვვარაუდოთ, რომ სადღაც ზაფხულის ბოლომდე დავამთავროთ ეს პროცესი.”

სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, თბილისის გარეთ არსებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია გენერაციის ობიექტებთან ერთად გაიყიდება, რაც ენერგოსექტორს მომგებიანს გახდის და სახელმწიფოს მისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა აღარ მოუწევს.
საქმე ეხება ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" პრივატიზებას, რომელსაც, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ამერიკული კომპანია ”პი-აი კონსალტინგი" მართავს.

ბენდუქიძის თქმით, აღნიშნულ კომპანიასთან ერთად გენერაციის ობიექტებიც გაიყიდება. მთავრობა მყიდველს სოლიდურ უცხოურ გამოცემაში გაკეთებული განცხადების საფუძველზე შეარჩევს. ანუ აქ დაახლოებით ის სქემა იმუშავებს, რომელიც საოკეანო სანაოსნოსა და ”ჭიათურმანგანუმის” შემთხვევაში მუშაობდა.
ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური მთავრობის სხდომაზე აღიარებს, რომ პრივატიზება მისი საბოლოო მიზანია და გაიყიდება ყველაფერი, გარდა რამდენიმე ობიექტისა.
[ნიკა გილაურის ხმა] ”ასეც და ისეც, პრივატიზება იყო გეგმაში, პრივატიზება იყო და დღესაც რჩება საბოლოო მიზნად, ყველაფრის გაყიდვაა ჩვენი მიზანი, გარდა სადისპეჩერო ფარის და ”ენგურჰესისა”, სანამ ეს კონფლიქტური ზონა არსებობს.”(სტილი დაცულია)
რეფორმის მიხედვით, შეიცვლება ”ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის" და ”ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” ფუნქციები.

ტოტალურ პრივატიზებას, ”ენგურჰესის” გარდა, ამჯერად ”ვარდნილჰესი” და ”საქართველო სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ”გადაურჩება”.
XS
SM
MD
LG