Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისია შეშფოთებულია რუსეთში ფინურ-უგრული უმცირესობის მდგომარეობის გამო


ევროპის კომისიამ

გასულ კვირაში განაცხადა, რომ "შეშფოთებულია" რუსეთის მარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დარღვევით. ოპოზიცია და პრესა დევნას და ფიზიკურ შევიწროებას განიცდის მას მერე, რაც შემოდგომაზე ფინურ-უგრული უმცირესობის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა იქნა არჩეული ლეონიდ მარკელოვი, რომელსაც არჩევნების გაყალბებაში ედება ბრალი. მარის რესპუბლიკის საკითხი ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე წამოიჭრა.
უფრო დაწვრილებით ამ თემაზე გესაუბრებით ყოველკვირეულ პროგრამაში "ახალი ევროპა".

1 მარტს ევროპის კავშირმა და რუსეთმა კონსულტაცია გამართეს ადამიანის უფლებების საკითხებზე. ეს ამ სახის პირველი შეხვედრა იყო ორ მხარეს შორის.

როცა ამ კონსულტაციების ჩატარებაზე შეთანხმება მოხდა გასულ წელს, რუსეთმა მიანიშნა, რომ აპირებს ესტონეთსა და ლატვიაში რუსულენოვან უმცირესობათა საკითხის წამოჭრას. მოსალოდნელი იყო, რომ ამის სანაცვლოდ ევროპის კავშირი ჩეჩნეთზე გაამახვილებდა ყურადღებას.

მაგრამ დღის წესრიგის შეცვლა გახდა საჭირო მას მერე, რაც მარის რესპუბლიკაში ფინურ-უგრული უმცირესობის მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა.

ევროპის კომისიამ პარასკევს დაადასტურა, რომ "შეშფოთებულია" ცნობებით რუსეთის შემადგენლობაში შემავალ მარის რესპუბლიკაში რეპრესიების შესახებ, რომელთა მსხვერპლი ოპოზიციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და აბორიგენი მოსახლეობაა.
კომისიის წარმომადგენელმა ემა უდვინმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, რომ საკითხი ევროკავშირის მიერ იქნა დაყენებული ადამიანის უფლებების საკითხებზე გამართულ კონსულტაციებზე ლუქსემბურგში.

[უდვინის ხმა] "ევროპის კავშირი წუხს ამ ვითარების გამო. ამიტომ ვისარგებლეთ სამშაბათს რუსეთთან ადამიანის უფლებების თემაზე კონსულტაციების დაწყებით, რათა ეს საკითხი ჩვენი რუსი პარტნიორებისთვის გაგვეცნო. შედგა დისკუსია."

განვლილი რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი რიგი ცნობები გავრცელდა მარის რესპუბლიკაში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დაუნდობლად ცემის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის მსხვერპლი 7 იანვარს გახდა მარის რესპუბლიკაში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ელენა როგაჩოვა. ჯერჯერობით ამ თავდასხმების არცერთი მომწყობი არ დაუპატიმრებიათ.

რეპრესიების ტალღა მოსდევს გასული წლის შემოდგომაზე რესპუბლიკის პრეზიდენტად ლეონიდ მარკელოვის არჩევას. მარკელოვს არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს.
გარდა ამისა მარიელები და რუსეთის სხვა ფინურ-უგრული უმცირესობები მწვავედ აკრიტიკებენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გეგმებს ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობის თაობაზე. ისინი შიშობენ, რომ ახალმა სისტემამ შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს აბორიგენი მოსახლეობის ავტონომიები რუსეთში.
ევროპის კავშირის წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმად ისურვა დარჩენა, განაცხადა, რომ კონსულტაციებზე რუსეთის უმცირესობათა საკითხს შედარებით მოკლედ შეეხნენ. ევროპის კავშირის მხარემ ამ შეხვედრაზე ოფიციალურად მოსთხოვა მოსკოვს ვითარების გარკვევა. მოთხოვნაში კერძოდ საუბარია ორი უმცირესობის მდგომარეობაზე - ფინურ-უგრულ მოსახლეობასა და მაჰმადიან მესხებზე, რომელთა უდიდესი ნაწილი ამჟამად კრასნოდარის მხარეში იმყოფება.

როგორც იტყობინებიან, მარის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებით ევროპის კავშირის დაინტერესება ამ ორგანიზაციის ორი ფინურ-უგრული წევრის, ესტონეთისა და ფინეთის აქტიურობით აიხსნება.

ესტონეთსა და ფინეთში ფართოდ აშუქებენ მარის რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებას. 22 თებერვალს ფინეთის უდიდეს ყოველდღიურ გაზეთ "ჰელსინგინ სანომატში" გამოქვეყნდა მარიელი ხალხის მხარდამჭერი წერილი, რომელსაც სხვათა შორის ხელს აწერდნენ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლენარტ მერი და ფინეთის პარლამენტის ყოფილი სპიკერი რიიტა უოსუკაინენი.
ევროპის კავშირის წარმომადგენლის, ემა უდვინის თქმით, ევროპის კავშირი მარიელთა პრობლემას უყურადღებოდ არ დატოვებს.

[უდვინის ხმა] "უახლოეს მომავალში ჩვენს რუს პარტნიორებთან დაგეგმილი გვაქვს რიგი შეხვედრები, რომლებზეც შეშფოთების გამოხატვა იქნება შესაძლებელი. ზუსტად არ შემიძლია თქმა, როდის და ვის მიერ გაკეთდება ეს, მაგრამ ჩვენს მიერ ერთხელ გამოთქმული შეშფოთება დავიწყებას არ მიეცემა."

მაგრამ, როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის კავშირისა და რუსეთის შემდგომი სამუშაო შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის ივლისსა და დეკემბერს შორის მონაკვეთში, როცა კავშირის მორიგე თავმჯდომარეობას დიდი ბრიტანეთი გადაიბარებს.
XS
SM
MD
LG